1. მილსადენების და არმატურის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, ენერგოობიექტის ხელმძღვანელის განკარგულებით, ეკისრებათ შესაბამისი საამქროებისა და სამსახურების უფროსებს.
2. ენერგოობიექტზე უნდა იყოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული იმ მილსადენების ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან შესაბამისი უფლებასმოსილი ორგანოს მიერ მომქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად კონტროლს, მათ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის ჩვენებით.
3. კაპიტალური და საშუალო შეკეთებების შემდეგ, აგრეთვე ისეთი შეკეთების შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია მილსადენის უბნის ამოჭრასა და გადადუღებასათან, არმატურის შეცვლასთან, საყრდენების გამართვასა და თბური იზოლაციის შეცვლასთან, მოწყობილობის მუშაობაში ჩართვის წინ უნდა შემოწმდეს:
ა) უძრავი და მოსრიალე საყრდენებისა და ზამბარიანი სამაგრების გამართულობა;
ბ) მილსაკიდების ზამბარებისა და საყრდენების მოჭერის ზომა ცივ მდგომარეობაში;
გ) თბური გადაადგილების ინდიკატორების გამართულობა;
დ) მილსადენების გაცხელების დროს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა;
ე) დრენაჟებისა და საჰაერო მილების დამცავი მოწყობილობების მდგომარეობა;
ვ) არმატურის მოძრავი ნაწილების თავისუფალი სვლა;
ზ) მართვის ფარზე ჩამკეტი არმატურის კიდურა მდგომარეობების სიგნალიზაციის შესაბამისობა (ღიაა-ჩაკეტილია) მის ფაქტიურ მდგომარეობასთან;
თ) თბური იზოლაციის მდგომარეობა.
4. მილსადენებისა და არმატურის ექსპლუატაციის დროს მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად უნდა კონტროლდებოდეს:
ა) მილსადენების თბური გადაადგილების სიდიდეები და მათი საანგარიშო მნიშვნელობებთან შესაბამისობა, ინდიკატორების ჩვენებების მიხედვით;
ბ) მილსადენების ჩაჭედვებისა და გაზრდილი ვიბრაციების არსებობა;
გ) დამცავი მოწყობილობების, არმატურისა და მილტუჩა შეერთებების სიმჭიდროვე;
დ) ლითონის ტემპერატურული რეჟიმები გაშვება-გაჩერებების დროს;
ე) მილსაკიდების ზამბარებისა და საყრდენების მოჭერის ხარისხი ცივ და მუშა მდგომარეობაში – არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ;
ვ) არმატურის ჩობალური შემჭიდროვების ჰერმეტულობა;
ზ) მართვის ფარზე მარეგულირებელი არმატურის მდგომარეობის მაჩვენებლის ჩვენების შესაბამისობა მის ფაქტიურ მდგომარეობასთან;
თ) შეზეთვის არსებობა საკისრებში, ამძრავი მექანიზმების კვანძებში, შპინდელ-ხრახნიანი მილისების ხრახნიან წყვილებში, არმატურის ელექროამძრავების რედუქტორებში.
5. გაუცივებელი მილსადენების მუშა სხეულით შევსების დროს უნდა ხორციელდებოდეს მილსადენის კედელსა და მუშა სხეულს შორის ტემპერატურათა სხვაობის კონტროლი, რომელიც უნდა იყოს საანგარიშო მნიშვნელობების ფარგლებში.
6. სადრენაჟო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის სრულ გამოდევნას მილსადენების გაცხელების, გაცივების და დაცლის დროს, რისთვისაც ჰორიზონტალურ უბნებს უნდა ქონდეთ არანაკლები 0,004-ის დახრილობა (მუშა სხეულის მიმართულებით), რომელიც შენარჩუნებული უნდა იყოს მუშა სხეულის წნევის შესაბამისი ნაჯერობის ტემპერატურამდე.
სადრენაჟო ხაზების გატარების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თბური გადაადგილების მიმართულება მილსადენების ჩაჭექვის თავიდან აცილების მიზნით.
რამდენიმე მილსადენის სადრენაჟო ხაზების გაერთიანების დროს თითოეულ მათგანზე დაყენებული უნდა იყოს ჩამკეტი არმატურა.
7. მილსადენის და არმატურის შეთანაწყობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს არმატურის მომსახურების და შეკეთების შესაძლებლობა, არმატურის და ორთქლსადენების თბური გადაადგილებების ინდიკატორების დაყენების ადგილებში გათვალისიწნებული უნდა იყოს სამომსახურო ბაქნები.
8. არმატურაზე, ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად, დატანილი უნდა იყოს მისი დასახელება და ნომერი, აგრეთვე სახელურის ბრუნვის მიმართულების მაჩვენებელი.
მარეგულირებელ სარქველებს უნდა ჰქონდეთ მარეგულირებელი ორგანოს გაღების სიდიდის მაჩვენებლები, ხოლო ჩამკეტ არმატურას – მაჩვენებლები „ღიაა“ და „დაკეტილია“.
9. მილსადენების, არმატურისა და არმატურის დისტანციური მართვის ელემენტების შეკეთება, შესაკეთებელი უბნების დასახშობი ხუფების დაყენება და მოხსნა უნდა სრულდებოდეს მხოლოდ განწესით.
10. სახელოსნოებში შესაკეთებული არმატურა უნდა გამოიცადოს ურდულის, ზეთოვანი შუასადებებისა და მილტუჩა შეერთებების ჰერმეტულობაზე მუშა წნევაზე 1,25–ჯერ მეტი წნევით. მილსადენებიდან ამოუჭრელად შეკეთებული არმატურა უნდა გამოიცადოს შემჭიდროვებაზე მუშა წნევით მოწყობილობის გაშვების დროს.
11. მილსადენებისა და არმატურის თბური იზოლაცია უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. გარემო ჰაერის 25 0C ტემპერატურის დროს მისი ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45 0C-ს.
მილტუჩა შეერთებების, არმატურისა და პერიოდულ კონტროლს დაქვემდებარებული მილსადენების უბნების (შედუღებითი შეერთებები, დენადობის გასაზომი კუთხის სამაგრები და სხვა) თბური იზოლაცია უნდა იყოს მოხსნადი.
ღია ცის ქვეშ და ზეთიან ავზებთან, ზეთსადენებთან, მაზუთსადენებთან ახლოს გამავალი მილსადენების თბურ იზოლაციას გარედან უნდა ჰქონდეს ლითონის ან სხვა სახის დაფარვები იზოლაციის ტენით ან წვადი ნავთობპროდუქტებით გაჟღენთვისაგან თავიდან ასაცილებლად. ლითონური დაფარვები აგრეთვე უნდა ჰქონდეთ საკაბელო ხაზებთან ახლოს გამავალ მილსადენებს.
ობიექტები, მუშა სხეულის გარე ჰაერის ტემპერატურაზე ნაკლები ტემპერატურით, დაცული უნდა იყოს კოროზიისაგან და უნდა ჰქონდეთ ჰიდრო და თბოიზოლაცია.
თბური იზოლაციისათვის ისეთი მასალები უნდა იქნას გამოყენებული, რომლებიც არ იწვევენ მილსადენების ლითონების კოროზიას.
12. მილსადენების იზოლაცია, რომელსაც არ აქვთ დამცავი დაფარვები, უნდა შეიღებოს. დამცავი დაფარვის არსებობის შემთხვევაში მის ზედაპირზე დატანილი უნდა იყოს მარკირების რგოლები. მილსადენების შეღებვის ფერები და წარწერები უნდა ეთანადებოდნენ მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
13. მკვებავ მილსადენებში, უხმარი და შუალედური გადახურების ორთქლსადენებში ან მათ არმატურაში ნახვრეტის ან ნაპრალების გაჩენისას ავარიული უბნები დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს.
14. არმატურა გამოყენებულ უნდა იყოს მკაცრად მისი ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით.
ჩამკეტი არმატურის გამოყენება რეგულირების მიზნით აკრძალულია