1. ბლოკური დანადგარების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ხანგრძლივი, საიმედო და ეკონომიური მუშაობა და ენერგოსისტემის ნორმალურ (დისპეტჩერული გრაფიკების შესაბამისად) და ავარიული რეჟიმების დროს სიმძლავრისა და სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა.
2. დატვირთვის დისპეტჩერული გრაფიკის დასაფარავად უზრუნველყოფილ უნდა იყოს ენერგობლოკის დატვირთვების ცვლილება სარეგულირო დიაპაზონში და საჭიროების შემთხვევაში განტვირთვა ტექნიკურ მინიმუმამდე, რეზერვში გაჩერება და ენერგობლოკის გაშვების რეჟიმები სხვადასხვა სითბური მდგომარეობიდან.
ენერგოსისტემის ცვალებადი დატვირთვის გრაფიკის დაფარვა ისეთი რეჟიმების გამოყენებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოქმედი ინსტრუქციებით (მაგ. მოტორული რეჟიმი, დაბალსიხშირული მბრუნავი რეზერვი და ა.შ.) დასაშვებია ამ რეჟიმების მხოლოდ ქარხანა-დამამზადებლებთან შეთანხმების და ადგილობრივ ინსტრუქციებში შესაბამისი დამატებების შეტანის შემდეგ.
3. ენერგობლოკის სარეგულირო დიაპაზონის ქვედა ზღვარი უნდა დადგინდეს მუშა მოწყობილობების უცვლელი შემადგენლობის შენარჩუნების და ავტომატური რეგულირების სისტემის მუშაობის პირობებიდან გამომდინარე დატვირთვების მთელს დიაპაზონში მოსამსახურე პერსონალის ჩაურევლად.
ენერგობლოკების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილ უნდა იყოს მათი მუშაობა დატვირთვის ტექნიკურ მინიმუმზე, რომლის მისაღწევად დასაშვებია მომუშავე მოწყობილობების შემადგენლობის შეცვლა და ცალკეული ავტომატური რეგულატორების გამორთვა. დატვირთვების ტექნიკური მინიმუმი უნდა იყოს სარეგულირებელი დიაპაზონის ქვედა ზღვარი და მითითებული ადგილობრივ ინსტრუქციებში.
4. ენერგობლოკის რეგულირების დიაპაზონის ქვედა ზღვრის ან ტექნიკური მინიმუმის შესაბამისი დატვირთვის შემთხვევაში, უხმარი და შუალედური გადახურების ორთქლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლების მიერ მითითებულ მნიშვნელობებს.
5. რეგულირების დიაპაზონში ენერგობლოკის დატვირთვის ცვლილებების ზღვრული სიჩქარე უნდა განისაზღვროს ნორმატული დოკუმენტების საფუძველზე.
6. უხმარი ორთქლის მუდმივ წნევით მუშაობაზე დაპროექტებული ენერგობლოკების ექსპლუატაცია დასაშვებია მოსრიალე წნევის რეჟიმში ტურბინის მაღალი წნევის ცილინდრის მთლიანად გახსნილი მარეგულირებელი სარქველებით. ამასთან, ადგილობრივ ინსტრუქციებში შეტანილი უნდა იყოს შესაბამისი დამატებები.
7. ენერგობლოკების რეზერვში ჩაყენება უნდა ხდებოდეს მოწყობილობების გაცივების გარეშე. ყველა ენერგობლოკზე ორთქლისაგან უნდა იცლებოდეს ორთქლის შუალედური გადახურების სისტემა, ხოლო პირდაპირი დინების ქვაბდანადგარიან ენერგობლოკებზე – მთლიანად ორთქლის გადახურების ტრაქტი, ჩაშენებული ურდულის შემდეგ. დოლიან ქვაბდანადგარებზე რეალიზებული უნდა იყოს ყველა ტექნოლოგიური საშუალება, რომლებიც გამორიცხავს ორთქლის კონდენსაციას ორთქლგადამხურებლების მილებში.
8. ენერგობლოკის გაშვების ტექნოლოგია და გრაფიკი–დავალება უნდა შეირჩეს მოწყობილობათა საწყისი სითბური მდგომარეობიდან გამომდინარე: ცხელი (5-10 საათიანი დგომა), გაუცივებელი (60-100 საათიანი დგომა) ცივი და მასთან მიახლოებული მდგომარეობიდან (დგომა 100 საათზე მეტი), პირდაპირი დინების ქვაბდანადგარებისათვის ცხელი რეზერვის მდგომარეობიდან გაშვება ერთ საათზე ნაკლები დგომის შემდეგ დასაშვებია ადგილობრივი ინსტრუქციებით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაცვის შემთხვევაში.
9. ენერგობლოკებისა და ელექტროსადგურების მოწყობილობები, გამშვები და ელექტრული სქემები, არმატურა, თბური იზოლაცია, სათბობისა და წყლის მეურნეობები უნდა იყვნენ ისეთ მდგომარეობებში, რომლებიც მოცდენის ნებისმიერი ხანგრძლივობის მიუხედავად უზრუნველყოფენ ერთდროულად არანაკლებ ორი ენერგობლოკის გაშვებას.
10. ენერგობლოკის გაშვება ნებისმიერი სითბური მდგომარეობიდან, გარდა ცხელი რეზერვიდან გაშვებისა, უნდა ტარდებოდეს ორთქლის მოსრიალე პარამეტრებზე. ენერგობლოკებზე გამოყენებული უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული უხმარი და შუალედური ორთქლის ტემპერატურების რეგულირების საშუალებები. ენერგობლოკის გაშვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ნორმებში მითითებულ სიდიდეებს.
11. ენერგობლოკის გაშვება აკრძალულია:
ა) ისეთი პირობების არსებობისას, რომელიც წინამდებარე წესების შესაბამისად კრძალავს ძირითადი მოწყობილობების გაშვებას;
ბ) ტექნოლოგიური დაცვის ნებისმიერი გაუმართაობისას, რომელიც მოქმედებს ენერგობლოკის მოწყობილობების გაჩერებაზე;
გ) ოპერატიული და მარეგულირებელი ორგანოების დისტანციური მართვის მოწყობილობების და ავარიული მდგომარეობების სალკვიდაციოდ საჭირო არმატურის გაუმართაობისას;
დ) ბლოკური გაუმარილების დანადგარის ჩართვისთვის მოუმზადებლობისას;
ე) მილსადენების საყრდენებისა და ზამბარიანი საკიდრების დაზიანების დროს.
12. აკრძალულია ენერგობლოკების მუშაობა ტურბინის წინ ჩართული ორთქლის წნევის რეგულატორებით, რომლებიც ზემოქმედებენ ტურბინის მარეგულირებელ სარქველებზე (რეგულატორები ”ობიექტამდე”), თუ ისინი არ შედიან ენერგოსისტემის სიმძლავრისა და სიხშირის რეგულირების სისტემის შემადგენლობაში. გამონაკლის შემთხვევებში, მოწყობილობების გაუმართაობის ან არამდგრადი მუშაობის დროს, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვითა და სადისპეტჩეროსთან შეთანხმებით ნებადართულია დროებითი მუშაობა ჩართული რეგულატორებით “ობიექტამდე”.
13. ტურბინების დატვირთვის მოხსნის ან მომატების დროს სიხშირის შეცვლის გამო ენერგობლოკების სიმძლავრისა და სიხშირის ავტომატური რეგულირების უქონლობის (უარის თქმის) შემთხვევებში პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეუდგეს სარეგულირებელ დიაპაზონში ქვაბების დატვირთვის შეცვლას უხმარი ორთქლის საწყისი წნევის აღსადგენად. თუ დატვირთვების ცვლა იწვევს ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვას, რასაც შეიძლება მოყვეს ენერგოსისტემის მდგრადობის დარღვევა, მაშინ ადგილობრივ ინსტრუქციებში უნდა იყოს მითითებული სადისპეტჩეროსთან შეთანხმებული სიხშირეები, რომლის დროსაც უნდა იწყებოდეს პერსონალის ზემოთ მოყვანილი მოქმედებები.
14. ენერგობლოკის შეკეთებაში გაყვანის ტექნოლოგია უნდა შეირჩეს შეკეთების ხასიათის მიხედვით:
ა) შეკეთებისათვის, რომელიც არ არის დამოკიდებილი ქვაბის, ორთქლსადენებისა და ტურბინის მდგომარეობაზე - მოწყობილობების გაუციებლად;
ბ) ენერგობლოკის საშუალო ან კაპიტალურ შეკეთებაში გაყვანისას, აგრეთვე ისეთ შეკეთებაში, რომელიც მოითხოვს ტურბინის გაცივებას - მთელი ენერგობლოკის გაცივებით, ტურბინის ჩათვლით.
გ) ქვაბისა და ორთქლსადენების შესაკეთებლად, თუ გაჩერება არ არის გამოწვეული ხურების ზედაპირების მილების დარღვევით - ქვაბის წყლის ორთქლის ტრაქტისა და ორთქლსადენების გაცივებით;
დ) პირდაპირი დინების ქვაბდანადგარის ჩაშენებულ ურდულამდე შეკეთების დროს - მხოლოდ ამ ტრაქტის გაცივებით;
ე) ავარიული შეკეთებისათვის, რომელიც განისაზღვრება გაჩერების მიზეზით და ხელმეორედ გაშვების შესაძლებლობით.
15. ენერგობლოკი დაუყოვნებლივ უნდა გაჩერდეს დაცვების ან პერსონალის მოქმედებით იმ შემთხვევებში, როდესაც:
ა) ტურბინა გამოირთვება ამ წესების 24-ე მუხლის 29-ე პუნქტში მითითებული (გარდა უხმარი და შუალედური გადახურების ორთქლის ტემპერატურის დაუშვებელი შემცირების შემთხვევებისა) დაზიანებების და მუშაობის რეჟიმების დარღვევების გამო;
ბ) ენერგობლოკის გენერატორი ან ტრანსფორმატორი გამოირთვება შინაგანი დაზიანების გამო;
გ) გამორთვება ყველა მკვებავი ტუმბო;
დ) მკვებავი წყლის მილსადენში, ორთქლსადენსა და დეაერატორის კორპუსში წარმოიქმნა გამჭოლი ნაპრალი ან ადგილი ჰქონდა მათ გარღვევას;
ე) ძაბვა დაიკარგება თბოტექნიკური კონტროლის ყველა ხელსაწყოზე;
ვ) გაჩნდება ხანძარი, რომელიც ემუქრება მომსახურე პერსონალს ან მოწყობილობებს.
16. ენერგობლოკების ექსპლუატაცია ორგანიზებული უნდა იყოს ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, აგრეთვე ენერგობლოკების გაშვება-გაჩერების ინსტრუქციების მიხედვით. ადგილობრივი ინსტრუქციების ჩამონათვალი უნდა დამტკიცდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ. ენერგობლოკის გაშვება-გაჩერების ადგილობრივი ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს:
ა) რეჟიმების წარმართვის ოპერატიულ მითითებებს;
ბ) გაშვება-გაჩერების რეჟიმების ძირითადი მაჩვენებლების (ორთქლის პარამეტრები, ენერგობლოკის დატვირთვები, ტურბინის როტორის ბრუნვის სიხშირე, სათბობის ხარჯი და ა.შ.) ცვალებადობის დავალება-გრაფიკებს, ძირითადი ოპერაციების ჩატარების ხანგრძლვობის მითითებით;
გ) მითითებებს ტექნოლოგიური დაცვებისა და ავტომატური რეგულატორების ჩართვის (გამორთვის) წესისა და რიგითობის შესახებ;
დ) მოწყობილობების იმედიანობის კრიტერიუმებს;
ე) რეჟიმების იმედიანობის უზრუნველსაყოფად მონაცემებს მოწყობილობების მექანიკური და თბური მდგომარეობის კონტროლისათვის;
ვ) მონაცემებს გაშვების დროს გამოყენებული ავტომატური რეგულატორების მინიმალური შემადგენლობის შესახებ;
ზ) მითითებებს გაშვების სქემებში იმ არმატურის გაღების გამორიცხვის შესახებ, რომლებიც არ გამოიყენება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში.
17. ადგილობრივი ინსტრუქციები უნდა დამუშავდეს ყოველი კონკრეტული ენერგობლოკის თავისებურებების გათვალისწინებით ტიპური ინსტრუქციების საფუძველზე, ხოლო მათი უქონლობის დროს-მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებისა და მოწოდებაზე ტექნიკური პირობების მოთხოვნათა საფუძველზე.
18. ენერგობლოკის გაშვება-გაჩერებას უნდა ხელმძღვანელობდეს ენერგობლოკის უფროსი მემანქანე, ხოლო გაშვებას კაპიტალური და საშუალო შეკეთებების შემდეგ - საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსი ან მისი მოადგილე.
19. მოქმედ ენერგობლოკებზე საპროექტო გასაშვები სქემების შეცვლა დასაშვებია:
ა) მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებელთან შეთანხმებით ახალი სქემური გადაწყვეტილებებისა და გაშვების რეჟიმების მიზნობრივი გამოცდებისათვის;
ბ) ტიპიურ გასაშვებ სქემებთან მიახლოების მიზნით გაშვების სქემების მოდერნიზაციის დროს;
ენერგობლოკების გაშვების სქემების ცვლილებებისა და მოდერნიზაციის მოცულობა შეთანხმებული უნდა იყოს ქარხანა-დამამზადებელთან