1. გაზტურბინიანი დანადგარის ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იმედიანი და ეკონომიური მუშაობა დატვირთვის დისპეტჩერული გრაფიკის დაცვით;
ბ) ნომინალურ პარამეტრებზე მუშაობის შესაძლებლობა გაზტურბინიან დანადგარზე არსებული ტექნიკური პირობების შესაბამისად;
გ) კომპრესორების, ტურბინებისა და თბომცვლელი აპარატების გამდინარე ნაწილის სისუფთავე;
დ) გაზის, ჰაერის, სათბობის, ზეთისა და წყლის გაჟონვების არარსებობა.
2. გაზტურბინიანი დანადგარის რეგულირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მდგრადად ეჭიროს განსაზღვრული ელექტრული დატვირთვა;
ბ) ნომინალური სიხშირით როტორის ბრუნვის დროს შეინარჩუნოს გაზტურბინიანი დანადგარის მდგრადობა უქმ სვლაზე;
გ) უზრუნველყოს გაზტურბინიანი დანადგარის იმედიანი მუშაობა გაშვება-გაჩერების რეჟიმებში და აგრეგატის გამორთვა ავარიულ სიტუაციებში;
დ) დატვირთვის შეცვლის დროს უზრუნველყოს გაზტურბინიანი დანადგარის მუშაობის რეჟიმის მდოვრედ შეცვლა;
ე) მაქსიმალური დატვირთის ნულამდე მყისიერი ვარდნისას შეინარჩუნოს როტორის ბრუნვის სიხშირე, რომელიც არ გამოიწვევს უსაფრთხოების ავტომატის ამოქმედებას (თავისუფალი ძალოვან ტურბინიანი გაზტურბინიანი დანადგარისათვის დატვირთვის მნიშვნელობა მითითებულია ტექნიკურ პირობებში);
ვ) შეინარჩუნოს გაზების ტემპერატურა ტურბინის (ტურბინების) წინ საჭირო დონეზე; არ დაუშვას მისი აწევა ზღვრულ მნიშვნელობამდე, რომლის დროსაც მოქმედებას იწყებს ავარიული დაცვა;
ზ) გაზების ტემპერატურის შეზღუდვის სისტემის უგრძნობლობა არ უნდა აღემატებოდეს 10 0C;
თ) უზრუნველყოს კომპრესორების უპომპაჟო მუშაობა;
ი) გენერატორის ღერძის ბრუნვის სიხშირის სტატიკური უთანაბრობის ხარისხი უნდა იყოს ნომინალურიდან 4-5 %-ის ფარგლებში;
კ) გაზტურბინიანი დანადგარის ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესობის მიზნით უთანაბრობის ხარისხის შესაძლო გაზრდა მითითებული უნდა იყოს ტექნიკურ პირობებში; მინიმალური ადგილობრივი სტატისტიკური უთანაბრობის ხარისხი არ უნდა აღემატებოდეს 2 %-ს;
ლ) ნებისმიერი დატვირთვის დროს უგრძნობლობის ხარისხი არ უნდა იყოს ნომინალური ბრუნვის სიხშირის 0,2 %-ზე მეტი;
მ) გაზტურბინიანი დანადგარის მუშაობის დროს ნორმალური ბრუნვის სიხშირიდან გადახრის შესაძლებლობა და ხანგრძლივობა რეგლამენტირებული უნდა იყოს ტექნიკური პირობებით.
3. რეგულირებისა და დაცვის სისტემაში გამოსაყენებელი ტემპერატურის იმპულსი გამომუშავებული უნდა იყოს მცირეინერციული გადამწოდებით (თერმოელექტრული პირომეტრებით ან სხვა გაზომვის მოწყობილობებით, საჭიროების შემთხვევაში - დინამიური კორექტორებით), რომლებიც დაყენებული უნდა იყოს ტრაქტის მახასიათებელ კვეთებში და უზრუნველყოფენ ტემპერატურის საიმედოდ განსაზღვრას.
4. წვის ყოველი საფეხურის შემდეგ გაზების ტემპერატურების დაუშვებელ ზღვრამდე გაზრდისაგან დაცვის მოწყობილობები უნდა იყოს აწყობილი გაზტურბინიანი დანადგარის ტექნიკურ პირობებში მითითებულ ტემპერატურაზე ასამუშავებლად.
5. უსაფრთხოების ავტომატები უნდა იქნენ ასამოქმედებლად დარეგულირებული როტორების ბრუნვის სიხშირის ნომინალურზე 10-12 %-ით გადამეტების დროს ან იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მითითებულია გაზტურბინიანი დანადგარის ტექნიკურ პირობებში.
6. გაზტურბინიანი დანადგარის ექსპლუატაციის დროს უნდა გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპრესორში შეწოვილი ჰაერის დამტვერიანების შემცირებას (თავისუფალ მიწის ფართობზე ბალახების დათესვა; გაზონების მოწყობა, გზების მოასფალტება, მორწყვის საშუალებების შექმნა და ა. შ) და გამორიცხავს საკუთარი და სხვა გარეშე გამონაბოლქვი აირების ჰაერშემწოვ მოწყობილობაში მოხვედრის შესაძლებლობას.
7. ჰაერის გაწმენდის სისტემამ გაზტურბინიანი დანადგარის კომპრესორი უნდა უზრუნველყოს ჰაერით, რომლის საშუალო წლიური ნარჩენი დამტვერიანება უნდა იყოს არა უმეტეს 0,3 მგ/მ3; ამ ჰაერში 20 მკმ-ზე მეტი ზომის მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,03 მგ/მ3-ს. დასაშვებია (მომატებული დამტვერიანების პერიოდებში) მოკლევადიანი, მაგრამ არა უმეტეს 100 საათისა წელიწადში, მტვრის კონცენტრაციის 5 მგ/მ3-მდე გაზრდა არა უმეტეს 30 მკმ ზომის მტვრის ნაწილაკებით. ექსპლუატაციის დროს საჰაერო ფილტრების მდგომარეობა რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს. დაუშვებელია მათგან ზეთის ან სხვა მასალების გაზტურბინიანი დანადგარის შემწოვ ტრაქტში მოხვედრა. არანაკლებ ორჯერ თვეში საჰაერო ფილტრები ვიზუალურად უნდა მოწმდებოდეს და იწმინდებოდეს შლამისა და მტვრისაგან (თუ გაზტურბინიანი დანადგარი მუშაობს ბაზისურ რეჟიმში, მაშინ მისი უახლოესი გეგმიური გაჩერების დროს).
8. ჰაერის გაფილტვრის სისტემა უნდა აღიჭურვოს ორმხრივი მოქმედების ბაიპასური სარქველებით, რომლებიც ავტომატურად იღება ფილტრებზე წნევათა ვარდნის დასაშვებზე მეტად გაზრდის ან ფილტრების კამერაში ჭარბი წნევის შექმნის დროს.
9. საჰაერო ფილტრებისა და კომპრესორების გამდინარე ნაწილის ყინულით დაფარვა დაუშვებელია. საჭიროების შემთხვევებში გაზტურბინიანი დანადგარის ჰაერშემწოვი ტრაქტები უნდა აღიჭურვონ მოყინვის საწინააღმდეგო საშუალებებით.
10. გაზტურბინიანი დანადგარის სათბობის ჩამკეტი და მარეგულირებელი სარქველები უნდა იყოს მჭიდრო. სარქველები ყოველი გაშვების წინ უნდა მოწმდებოდეს სრულ სვლაზე წინ და უკან გავლით, აგრეთვე უწყვეტი მუშაობის დროს – ყოველდღიურად სვლის ნაწილზე, თუკი ეს ინსტრუქციით არის გათვალისწინებული.
არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს გაზტურბინიანი დანადგარის სათბობის სარქველების სიმჭიდროვე. ერთ თვეზე მეტი უწყვეტი მუშაობის დროს შემოწმება უნდა ჩატარდეს უახლოესი გეგმური გაჩერებისას.
11. ზეთის ხაზებზე, ზეთის გამაცივებლების წინ და უკან, სამარქაფო და ავარიული ზეთის ტუმბოების შეწოვისა და დაწნევის ხაზებზე, გაზტურბინიანი დანადგარის ზეთის ავზებიდან ზეთის ავარიული ჩამოსხმის ხაზებზე, გამოტანილი ფილტრების წინ და მათ შემდეგ, გენერატორის ღერძის შემჭიდროების სქემაში დაყენებული მქნევარებისა და ურდულების სახელურები უნდა დაილუქოს მუშა მდგომარეობაში.
12. გაზტურბინიანი დანადგარის გენერატორები ელექტროძრავის რეჟიმში გდასვლის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოირთონ, რისთვისაც დაყენებულ უნდა იყოს გენერატორის უკუსიმძლავრისაგან დაცვა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება თავისუფალ ძალოვან ტურბინიან გაზტურბინიან დანადგარზე.
13. გაზტურბინიანი დანადგარის ნებისმიერი თბური მდგომარეობიდან გაშვება და სინქრონიზაცია უნდა სრულდებოდეს ავტომატურად. თუ საჭირო არ არის გაშვების ავტონომიურობა, მაშინ ახლად დადგმული ერთღერძა გაზტურბინიანი დანადგარის სიხშირული გაშვება უნდა განხორციელდეს ტირისტორული გამშვები მოწყობილობით.
გაზტურბინიანი დანადგარის გეგმიური გაჩერება უნდა წარმოებდეს ავტომატურად, მოცემული პროგრამის შესაბამისად.
14. გაზტურბინიანი დანადგარის გაშვებას უნდა ხელმძღვანელობდეს ცვლის უფროსი. რეგლამენტური სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაზტურბინიანი დანადგარის გაშვებას უნდა ხელმძღვანელობდეს საამქროს უფროსი, ხოლო კაპიტალური და საშუალო შეკეთების შემდეგ - ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელი.
15. გაზტურბინიანი დანადგარის შეკეთების შემდეგ, ან 3 დღეზე მეტი ხნით რეზერვში დგომის შემდეგ გაშვებამდე უნდა შემოწმდეს ტექნოლოგიური დაცვის და ავტომატიკის, დამხმარე მოწყობილობების ზეთის სისტემის, სამარქაფო და ავარიული ზეთის ტუმბოების, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების და ოპერატიული კავშირის საშუალებების ბლოკირება, გამართულობა და ჩართვისათვის მზადყოფნა. ამ დროს გამოვლენილი ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.
16. გაზტურბინიანი დანადგარის გაშვება აკრძალულია შემდეგ შემთხვევებში:
ა) ნებისმიერი დაცვის გამორთვის ან გაუმართავობის დროს;
ბ) რეგულირების სისტემის დეფექტების დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გაზების ტემპერატურის დასაშვებზე მეტად გაზრდა ან ტურბინის გაქანება;
გ) ერთ-ერთი ზეთის ტუმბოს ან მათი ავტომატური ჩართვის სისტემის გაუმართაობის დროს;
დ) სათბობის ან ზეთის ხარისხის ნორმებიდან, აგრეთვე სათბობის (ზეთის) წნევისა და ტემპერატურის დადგენილი ზღვრებიდან ზემოთ ან ქვემოთ გადახრის დროს;
ე) გაზტურბინიანი დანადგარის მექანიკური და თბური მდგომარეობის დასაშვები საკონტროლო მაჩვენებლებიდან გადახრის შემთხვევაში.
გაზტურბინიანი დანადგარის გაშვება ავარიული გაჩერების ან წინა გაშვების ჩაშლის შემდეგ აკრძალულია, თუ ამ მტყუნების მიზეზები დაუდგენელია.
17. წვის კამერაში სათბობის (გაზის) დანთების წინ გაზტურბინიანი დანადგარის ტრაქტის განიავება უნდა მოხდეს 5 წუთის განმავლობაში როტორის მბრუნავი მოწყობილობის ბრუნვისას.
გაზტურბინიანი დანადგარის გაშვების უშედეგო ცდის შემდეგ სათბობის დანთება ტრაქტის მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ვენტილაციის გარეშე აკრძალულია. ვენტილაციის დრო ტრაქტის შეთანაწყობის, საწვავის სახეობისა და გაზტურბინიანი დანადგარის ტიპის მიხედვით მითითებული უნდა იყოს საექსპლუატაციო ინსტრუქციაში.
18. გაშვება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დაცვის ან მომსახურე პერსონალის მოქმედებით შემდეგ შემთხვევებში:
ა) გაშვების ოპერაციების მიმდევრობის დარღვევისას;
ბ) გაშვების გრაფიკში მითითებულ მნიშვნელობასთან შედარებით გაზების ტემპერატურის აწევისას;
გ) გასაშვები მოწყობილობის სიმძლავრის დასაშვებ სიდიდეზე გადამეტებისას;
დ) გამშვი მოწყობილობის გამორთვის შემდეგ ძირითადი ღერძის ბრუნვის სიხშირის ინსტრუქციით გაუთვალისწინებელ სიდიდემდე შემცირებისას;
ე) გაზტურბინიანი დანადგარის კომპრესორში პომპაჟური მოვლენების გაჩენისას.
19. გაზტურბინიანი დანადგარი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს დაცვების ან მომსახურე პერსონალის მოქმედებით შემდეგ შემთხვევებში:
ა) ტურბინის (ტურბინების) წინ გაზების ტემპერატურების დაუშვებელი აწევისას;
ბ) დასაშვებ ზღვრულ სიდიდეზე როტორის ბრუნვის სიხშირის გადამეტებისას;
გ) მაღალი წნევის სათბობის და ზეთის მილსადენებში ნაპრალების გაჩენის ან შემჭიდროებების დარღვევისას;
დ) დაუშვებელი ღერძული ძვრისას, კომპრესორებისა და ტურბინების როტორების დაუშვებელი ფარდობითი ურთიერთწანაცვლებისას;
ე) შეზეთვის სისტემაში ზეთის წნევის ან ზეთის ავზში ზეთის დონის დაუშვებელი დაცემის, აგრეთვე ზეთის ტემპერატურის დაუშვებელი გაზრდისას ნებისმიერი საკისრის ზეთის საღვრელებში ან საბრჯენი საკისრის ნებისმიერ კალაპოტში;
ვ) ტურბომანქანების და გაზტურბინიანი დანადგარის აპარატების შიგნით ლითონური (ღრჭიალი, დარტყმები) და სხვა უჩვეულო ხმაურის გაჩენისას;
ზ) საკისრების საყრდენების ვიბრაციების გაზრდისას ამ მუხლის 30-ე პუნქტში მითითებულ დასაშვებ მნიშვნელობაზე მეტად; აგრეთვე ერთ-ერთი საკისრის საყრდენის ვიბრაციის უეცარი გაზრდისას 1 მმ.წმ-1-ით, ნებისმიერი საწყისი ვიბროსიჩქარის საშუალო კვადრატული მნიშვნელობიდან (ან 20 მკმ-ით ვიბროგადაადგილების ნებისმიერი საწყისი გაქანებიდან), თუკი მას ახლავს სხვა საყრდენებზე ვიბრაციის სულ მცირე ცვლილებაც კი;
თ) ტურბომანქანების ან გენერატორების კიდურა შემჭიდროებებში ან საკისრებში ნაპერწკლიანობისა და კვამლის გაჩენისას;
ი) საწვავის ან ზეთის აალებისას და არსებული საშუალებებით ხანძრის დაუყოვნებლივი ლიკვიდაციის შეუძლებლობისას;
კ) წვის კამერაში ან გაზსავლებში აფეთქებისას (ჭექვისას);
ლ) წვის კამერაში ჩირაღდნის ჩაქრობისას, გაზის საწვავის წნევის დაუშვებელი შემცირებისას;
მ) რეგულირების და ავტომატიზაციის მოწყობილობებზე ან ყველა საკონტროლო-გამზომ ხელსაწყოზე ძაბვის გაქრობისას;
ნ) გენერატორის შიგა დაზიანების გამო გამორთვისას;
ო) კომპრესორის პომპაჟის წარმოქმნისას ან პომპაჟის ზღვართან დაუშვებელი მიახლოებისას;
პ) კომპრესორის შემდეგ ჰაერის წნევის დაუშვებელი შემცირებისას;
გაზტურბინული დანადგარის გამორთვის ერთდროულად მომსახურე პერსონალის ან დაცვის მოქმედებით უნდა გამოირთოს გენერატორიც.
20. გაზტურბინიანი დანადგარი უნდა განიტვირთოს და გაჩერდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თუ აღინიშნა:
ა) ექსპლუატაციის ნორმალური რეჟიმის ან დამხმარე მოწყობილობების ნორმალური მუშაობის დარღვევა;
ბ) ჩამკეტი მარეგულირებელი და პომპაჟის საწინააღმდეგო სარქველების გაჭედვა;
გ) ჰაერის ამღები მოწყობილობის მოყინვა, თუ გაზტურბინიანი დანადგარის დატვირთვის ქვეშ მუშაობის პირობებში შეუძლებელია მოყინვის აღმოფხვრა;
დ) ტურბინების კორპუსების, წვის კამერების, გარდამავალი მილსადენების გარე ზედაპირების ტემპერატურების დაუშვებელი ზრდა, თუ გაზტურბინიანი დანადგარის მუშაობის რეჟიმის ცვლილებებით ვერ ხერხდება ამ ტემპერატურების შემცირება;
ე) გაზის ტემპერატურის უთანაბრობის დაუშვებელი გაზრდა;
ვ) მაღალი წნევის კომპრესორის წინ ჰაერის ტემპერატურის დაუშვებელი ზრდა, აგრეთვე ნომინალური წყალმომარაგების დარღვევა;
ზ) ცალკეული დაცვების ან ოპერატიული საკონტროლო გამზომი ხელსაწყოების გაუმართაობა.
21. რეგენერატორებში ან ქსელის წყლის გამაცხელებლებში დანალექების აალების დროს, თუ არ ხდება გაზტურბინიანი დანადგარის პარამეტრების საშიში ცვლილებები, დანადგარი უნდა დარჩეს მუშა მდგომარეობაში თბოგადამცემი ზედაპირის გასაციებლად. გაჩერებულ გაზტურბინიან დანადგარზე დანალექების აალების დროს უნდა ჩაირთონ ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარები.
22. გაზტურბინიანი დანადგარის გამორთვის შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრაქტების ეფექტური ვენტილაცია იმ ადგილებში, სადაც ეს გათვალისწინებულია, ჩატარდეს საწვავის კოლექტორებისა და მფრქვევანების (სანთურების) გაქრევა ჰაერით ან ინერტული გაზით. ვენტილაციის დამთავრების შემდეგ როტორების ბრუნვის ხანგრძლივობა და პერიოდულობა გაზტურბინიანი დანადგარის გაცივების დროს უნდა მიეთითოს საექსპლუატაციო ინსტრუქციაში.
23. ელექტროსადგურებზე დადგენილი უნდა იყოს გაზტურბინიანი დანადგარის ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი და სარეგლამენტო სამუშაოების შესრულების პერიოდულობა და ტექნოლოგია.
24. ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი უნდა ითვალისწინებდეს:
ა) გამდინარე ნაწილის ვიზუალურ დიაგნოსტიკას ტურბომანქანებისა და აპარატების დაუშლელად, საექსპლუატაციო ინსტრუქციებით გათვალისწინებულ ადგილებში, სპეციალური ოპტიკური ან ბოჭკოვან-ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით;
ბ) გაზტურბინიანი დანადგარის გამდინარე ნაწილიდან დანალექების პერიოდულად მოშორებას ტურბომანქანებისა და აპარატურის დაუშლელად ტექნიკური გამრეცხი ხსნარების, საშუალებებისა და რბილი აბრაზივების გამოყენებით;
გ) გაზტურბინიანი დანადგარის დაცვისა და ავტომატური რეგულირების სისტემების შემოწმებას გაზტურბინიანი დანადგარის საკონტროლო ავტომატური გაშვების გზით, რომლის დროს მოწმდება ჰაერისა და გაზის საწვავის წნევის პარამეტრების და გამშვები მოწყობილობების სიმძლავრის შესაბამისობა გაშვების საანგარიშო გრაფიკის პარამეტრებთან;
დ) საწვავის მფრქვევანების დათვალიერებას, მათი ჰერმეტიულობის, წარმადობისა და საწვავის გაფრქვევის კუთხის შემოწმებას;
ე) სამარქაფო და ავარიული ზეთის ტუმბოებისა და მათი ავტომატური ჩართვის მოწყობილობების შემოწმებას;
ვ) ზეთის, საწვავის და წყლის ფილტრების დათვალიერებასა და გაწმენდას.
25. ექსპლუატაციის პროცესში დაკვირვებებისა და ხელსაწყოების ჩვენებების საფუძველზე უნდა ტარდებოდეს პარამეტრული და ვიბრაციული დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს:
ა) გაზტურბინიანი დანადგარის სიმძლავრის საანგარიშო და ნორმატიულ სიმძლავრეებთან შესაბამისობის ანალიზს;
ბ) კომპრესორების გაჭუჭყიანების ხარისხისა და მდგრადობის მარაგის ანალიზს;
გ) თბომცვლელი აპარატების ეფექტურობის ანალიზს;
დ) სახასიათო წერტილებში სათბობისა და გაზის წნევის, ასევე ზეთის წნევისა და ტემპერატურის ანალიზს;
ე) ტურბინების, კომპრესორების, გენერატორების და ამგზნებების ვიბრაციის ანალიზს.
გასაკონტროლებელი პარამეტრების საპასპორტოდან გადახრის ზღვრული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდნენ ქარხანა-დამამზადებლის მიერ დავალებულ ან მოწოდების ტექნიკურ პირობებში ნაჩვენებ სიდიდეებს.
26. გაზტურბინიანი დანადგარის ბრუნვის სიხშირის გადიდების, რეგულირების და დაცვის სისტემების მოქმედება უნდა შემოწმდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
27. ტურბინებში გაზის ტემპერატურების გაზრდისაგან დაცვა უნდა შემოწმდეს არანაკლებ 4 თვეში ერთხელ.
28. გაზტურბინიანი დანადგარის რეგულირების სისტემის მუშაობა უნდა მოწმდებოდეს დატვირთვის მყისიერი მოხსნით გენერატორის ქსელიდან გამორთვის გზით:
ა) გაზტურბინიანი დანადგარის მონტაჟის შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებისას;
ბ) რეკონსტრუქციის შემდეგ, რომლის შედეგად იცვლება გაზტურბინიანი დანადგარის დინამიკური ან რეგულირების სისტემის სტატიკური და დინამიკური მახასიათებლები;
გ) ექსპლუატაციის პროცესში ან შეკეთებისას (აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ) რეგულირების სიტემის სტატიკური ან დინამიკური მახასიათებლების არსებითი ცვლილებების გამოვლენის დროს.
29. პერიოდულად მომუშავე გაზტურბინიანი დანადგარები უნდა იყოს გაშვებისათვის მუდმივ მზადყოფნაში. თუ მუშაობაში ჩართვა საჭირო არ არის, ასეთი გაზტურბინიანი დანადგარების მოწყობილობებისა და სისტემების გამართულობა უნდა მოწმდებოდეს ცვლაში ერთხელ, ხოლო საკონტროლო გაშვებები აგრეგატების დატვირთვით უნდა ტარდებოდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ.
30. ტურბინების, კომპრესორების, გენერატორებისა და აგზნების საკისრების საყრდენების ვიბრაციები გაზტურბინიანი დანადგარის ექსპლუატაციის დროს არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მმ.წმ-1-ს. ვიბრაციის აღნიშნული ნორმის გადამეტების შემთხვევაში 30 წმ-ის განმავლობაში უნდა მიღებული იყოს ზომები მის დასაწევად.
გაზტურბინიანი დანადგარის ექსპლუატაცია ვიბრაციის 7,1 მმ.წმ-1-ზე გადამეტების დროს აკრძალულია. საკისრების ვიბრაციის ვიბროსიჩქარის საშუალო კვადრატული მნიშვნელობების უწყვეტი კონტროლის აპარატურის დამონტაჟებამდე დასაშვებია გაზტურბინიანი დანადგარის ვიბრაციული მდგომარეობა შეფასდეს, გამომდინარე შემდეგი თანაფარდობებიდან:
№
დასახელება
განზ.ერთ.
სიდიდე
1.
ვიბროსიჩქარის საშუალო კვადრატული მნიშვნელობები
მმ.წმ-1
4,5
7,1
2.
ვიბროგადაადგილების წანაცვლების
ეკვივალენტური სიდიდეები ტურბინის როტორის ბრუნვის სიხშირის დროს:
3000 ბრ/წთ
4000 ბრ/წთ
5000 ბრ/წთ
6000 ბრ/წთ
მკმ
30
65
25
50
20
40
15
35
საავიაციო და საზღვაო გაზტურბინებიანი ძრავების ვიბრაციული მდგომარეობა, რომლებიც მუშაობენ ენერგეტიკული დანადგარების შემადგენლობაში, უნდა განისაზღვროს მათი მოწოდების ტექნიკური პირობებით. მაგრამ, ამასთანავე ძრავები არ უნდა იწვევდნენ მათთან დაკავშირებული მოწყობილობების ზემოთ ნაჩვენებ მნიშვნელობებზე მეტ ვიბრაციებს.
31. გაზტურბინიანი დანადგარის ყოველი ლილვისათვის უნდა დადგინდეს როტორის ნორმალური გამოვარდნის ხანგრძლივობა და ლილვსაბრუნი მოწყობილობის ელექტრძრავის ძალის ნომინალური სიდიდეები.
როტორების გამოვარდნის ხანგრძლივობა და დენის ძალა უნდა იზომებოდეს და რეგისტრირდებოდეს გაზტურბინიანი დანადგარის სადღეღამისო უწყისებში მისი ყოველი გაჩერების დროს. გამოვარდნის ხანგრძლივობის და დენის ძალის ნორმალურიდან გადახრის, აგრეთვე გარეშე ხმაურის წარმოშობის შემთხვევებში უნდა გამოვლინდეს გადახრების მიზეზები და მიღებული იყოს მათი აღმოფხვრისათვის ზომები.
32. გაზტურბინიანი დანადგარის ხანგრძლივ რეზერვში გამოყვანის დროს მიღებული უნდა იყოს ზომები მისი კონსერვაციისათვის. გაჩერების ხანგრძლივობა, რომლის დროსაც საჭირო ხდება კონსერვაცია, საკონსერვაციო კვანძების ჩამონათვალი და მისი ჩატარების ტექნოლოგია უნდა იყოს ნაჩვენები გაზტურბინიანი დანადგარის ტექიკურ პირობებში.
33. საშუალო და კაპიტალური შეკეთებების ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობებით გაზტურბინიანი დანადგარის მუშაობის რეჟიმებისა და ხანგრძლივობის, გაშვება-გაჩერებების რაოდენობისა და გამოყენებული სათბობის მიხედვით მოწყობილობების ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით