1. გაზის მეურნეობის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილ უნდა იყოს:
ა) საცეცხლის სანთურებისათვის საჭირო წნევის, გარეშე მინარევებისაგან და კონდენსატისაგან გაწმენდილი გაზის ქვაბების დატვირთვების შესაბამისი რაოდენობის შეუფერხებელი მიწოდება;
ბ) მიწოდებული გაზის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი, მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობა, მათი უსაფრთხო ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
გ) მოწყობილობების დროული და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
დ) მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე მონიტორინგი.
2. ენერგოობიექტების გაზის მეურნეობის ექსპლუატაცია ორგანიზებული უნდა იყოს მოქმედი წესების დებულებების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. გაზის სარეგულირებელი პუნქტის ყოველ მილსადენსა და მოწყობილობაზე უნდა შედგეს პასპორტები, რომლებიც უნდა შეიცავდნენ გაზსადენის, გაზის სარეგულირებელი პუნქტის სათავსოს, მოწყობილობის და საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების ძირითადი მახასიათებლების მონაცემებს.
პასპორტებში შეტანილი უნდა იქნენ მონაცემები გაზის სარეგულირებელი პუნქტის, გაზსადენებისა და მოწყობილობების შეკეთების შესახებ.
4. ენერგოობიექტზე უნდა იყოს შედგენილი და ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გაზსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი და მათი ჩატარების მომზადებისა და უსაფრთხოების განმსაზღვრელი ინსტრუქცია კონკრეტული საწარმოო პირობებისათვის. გაზსაშიში სამუშაოები უნდა სრულდებოდეს განწესით. პირები, რომლებსაც აქვთ უფლება გასცენ განწესი, უნდა დაინიშნონ ენერგოობიექტის ბრძანებით. გაზსაშიში სამუშაოების ჩამონათვალი უნდა გადაისინჯოს და ხელახლა დამტკიცდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
განსაკუთრებულად საშიში სამუშაოები (ექსპლუატაციაში შეყვანა, გაზის გაშვება, გაზსადენების მიერთება, მოწყობილობებისა და გაზსადენების შეკეთება ,,გაზის ქვეშ”, გაზის სარეგულირებელ პუნქტში სამუშაოები შედუღებისა და გაზით ჭრის გამოყენებით) უნდა წარმოებდეს განწესით და ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური სქემით.
სამუშაოთა გეგმაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოს ჩატარების მკაცრი თანმიმდევრობა, ადამიანთა განლაგება, პასუხისმგებელი პირები, მექანიზმებისა და სამარჯვეების საჭირო რაოდენობა.
მოცემული სამუშაოს მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იყოს საჭირო ღონისძიებები.
5. დაუშვებელია გაზგამანაწილებელი პუნქტის გამოსასვლელზე გაზის წნევის ცვალებადობა მუშა წნევის 10 %-ზე მეტად. მუშა წნევის აწევისა და დაწევის გამომწვევი გაუმართაობები რეგულატორებში და მცველი სარქველების მუშაობაში, ასევე გაზის გაჟონვა უნდა აღმოიფხვრას ავარიული წესით.
გაზის მიწოდება საქვაბეში შემოვლითი მილსადენებით (ბაიპასი) მარეგულირებელი სარქველის გარეშე აკრძალულია.
ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს დაცვის მოწყობილობების, ბლოკირების და სიგნალიზაციის მოწყობილობების ამოქმედების შემოწმება.
6. გაზსადენის გაზით შევსების წინ უნდა ჩატარდეს მისი გამოქრევა ჰაერის სრულ გამოდევნამდე. გამოქრევის დამთავრება უნდა განისაზღვროს ანალიზით ან აღებული სინჯის დაწვით, ამასთან, გაზში ჟანგბადის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1 %-ს, ხოლო გაზის წვა უნდა მიმდინარეობდეს მდოვრედ, ჭექუნის გარეშე.
გაზსადენის გამოქრევის დროს გაზისა და ჰაერის ნარევის გამოშვება უნდა ხდებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მისი მოხვედრა შენობებში, აგრეთვე მისი აალება ცეცხლის რომელიმე წყაროსაგან.
გაზისაგან გაზსადენების დაცლის დროს უნდა ხდებოდეს მათი გამოქრევა ჰაერით ან ინერტული გაზით გაზის სრულ გამოდევნამდე. გამოქრევის დამთავრება უნდა განისაზღვროს ანალიზით, ამასთან, გამქრევ ჰაერში გაზის ნარჩენი მოცულობითი წილი არ უნდა აღემატებოდეს გაზის აალების ქვედა ზღვრის 1/5-ს.
7. დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 2 დღეში ერთხელ, უნდა ხდებოდეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განლაგებული მიწისქვეშა გაზსადენების ტრასების შემოვლა. ამასთან, დაგაზიანებაზე უნდა მოწმდებოდეს გაზსადენების ჭები და 15 მეტრამდე მანძილზე გაზსადენის ორივე მხარეს განლაგებული სხვა დანიშნულების (სატელეფონო, თბოფიკაციური, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო) ჭები, კოლექტორები, შენობების სარდაფები და სხვა სათავსოები, სადაც შესაძლებელია გაზის დაგროვება.
მიწისქვეშა გაზსადენების მომსახურებისათვის უნდა შედგეს და გადაეცეს შემომვლელებს სამარშრუტო რუკები მათთვის მინიჭებული ნომრებით. ყოველ მათგანში მითითებული უნდა იყოს გაზსადენების ტრასის სქემა, მისი სიგრძე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, შენობების სარდაფები, რომლებიც გაზსადენების ორივე მხარეს 15 მეტრამდე მანძილზე არიან განლაგებული.
8. სარდაფებში, კოლექტორებში, შახტებში, ჭებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში გაზის არსებობა უნდა მოწმდებოდეს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების გაზოანალიზატორებით. შენობების სარდაფებში ჰაერის სინჯების ანალიზი უნდა შესრულდეს უშუალოდ სარდაფში, ხოლო მათი უქონლობის შემთხვევაში – სარდაფიდან ჰაერის სინჯის აღებისა და შენობის გარეთ მისი ანალიზის გზით.
კოლექტორებიდან, შახტებიდან, ჭებიდან და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებიდან ჰაერის სინჯის აღების დროს მათში ჩასვლა აკრძალულია.
სარდაფში, ჭებთან, შახტებთან, კოლექტორებთან და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებთან ყოფნის დროს თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლით სარგებლობა აკრძალულია.
9. ტრასებზე დაგაზიანების შემჩნევისას დამატებით უნდა შემოწმდეს გაზოანალიზატორით მიწისქვეშა ნაგებობანი და სარდაფები, შენობის პირველი სართულები, ჭები აღმოჩენილი გაჟონვის ადგილიდან 50 მეტრის რადიუსში და გაუკეთდეს ორგანიზაცია დაგაზიანებული სათავსოების, სარდაფებისა და მიწისქვეშა ნაგებობების განიავებას. უნდა მოხდეს შენობაში მყოფი ხალხის დამატებითი გაფრთხილება, რომ დაუშვებელია მოწევა, ღია ცეცხლისა და ელექტროხელსაწყოების გამოყენება.
ნაგებობებისა და სარდაფების განიავებასთან ერთად უნდა იქნას მიღებული გადაუდებელი ზომები გაზის გაჟონვების გამოსავლენად და მათ სალიკვიდაციოდ.
10. მიწისქვეშა გაზსადენების სიმჭიდროვისა და იზოლაციის შემოწმება ორგანიზებული უნდა იქნას გაზსადენების ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ხელსაწყოების საშუალებით გრუნტის გაუხსნელად. შემოწმებების შედეგები უნდა შევიდეს გაზსადენების პასპორტში და გათვალისწინებულ იყოს შეკეთების სახეობისა და ვადების დანიშვნის დროს.
11. გაზსადენების სიმჭიდროვის შემოწმება, გაზსადენებზე, ჭებსა და სათავსოებში გაზის გაჟონვის ადგილების ძებნა უნდა სრულდებოდეს საპნის ემულსიის გამოყენებით.
გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად აკრძალულია ცეცხლის გამოყენება. მოქმედ გაზსადენებზე აღმოჩენილი შემჭიდროვების დარღვევები და უწესივრობები უნდა აღმოიფხვრას დაუყოვნებლივ.
12. გაზსადენების არმატურის დათვალიერება ორგანიზებული უნდა იყოს გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დათვალიერების შედეგების მიხედვით უნდა განისაზღვროს არმატურის რემონტის ვადა და სახე.
13. ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს გაზის სარეგულირებელი პუნქტის სათავსოების შიდა და გარე დათვალიერება ჰაერის სინჯების აღებითა და ანალიზის ჩატარებით, მისი დაგაზიანების დასადგენად. სინჯები აღებული უნდა იქნას იატაკის დონიდან 0,25 მ. სიმაღლეზე და ჭერიდან 0.4-0.7 მ. დონეზე.
14. გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება ორგანიზებული უნდა იყოს გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. გეგმური შეკეთება წნევის რეგულატორების, დამცავი სარქველებისა და ფილტრების დაშლით უნდა ტარდებოდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, თუ დამამზადებელი ქარხნების პასპორტებში სხვა ვადები არ არის მითითებული.
გამფილტრავი კასეტის ამოღების შემდეგ ფილტრის კორპუსი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს. კასეტების დაშლა და გაწმენდა უნდა ტარდებოდეს შენობის გარეთ.
ფილტრის გაწმენდა უნდა ხორციელდებოდეს ადგილობრივ ინსტრუქციებში მითითებულ წნევათა ვარდნის სიდიდის მიღწევის შემდეგ.
15. დამცავი მოწყობილობების (ჩამკეტი და გამშვები), აგრეთვე ავტორეგულირების ხელსაწყოების გამართვისა და მოქმედების შემოწმება უნდა ტარდებოდეს გაზის გაშვებამდე, მოწყობილობის ხანგრძლივი (ორ თვეზე მეტი) დგომის შემდეგ, აგრეთვე ექსპლუატაციის დროს, არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, თუ დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციებში სხვა ვადები არ არის მითითებული.
16. სავენტილაციო მოწყობილობების, განათების ქსელისა და სატელეფონო კავშირის შეკეთება უნდა ტარდებოდეს დაუყოვნებლივ, მათი უწესივრობის აღმოჩენისთანავე.
17. მიწისქვეშა გაზსადენების ელექტროქიმიური დაცვის დანადგარის შეკეთება უნდა წარმოებდეს გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
18. რეგულარულად (გრაფიკის მიხედვით), გაზსადენის ყველაზე დაბალ წერტილებში დაყენებული სპეციალური შტუცერებით უნდა ხდებოდეს გაზსადენებზე დაგროვილი კონდენსატის დრენირება. კონდენსატი უნდა გროვდებოდეს სპეციალურ გადასატან ავზებში და ხდებოდეს მისი უტილიზაცია.
გაზსადენიდან ამოღებული სითხის კანალიზაციაში ჩაშვება აკრძალულია.
19. გაზგენერატორული და ტექნოლოგიების ნარჩენი ტენიანი და გოგირდოვანი (მერკაპტანების და გოგირდწყალბადების შემცვლელი) ბუნებრივი გაზების მოწოდებისა და წვის საექსპლუატაციო თავისებურებები უნდა გათვალისწინებული იყოს პროექტითა და ადგილობრივი ინსტრუქციებით