1. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის დროს უნდა ხორციელდებოდეს ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, მიმართული მათი საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად.
2. ელექტრული ქსელების ექსპლუატაციის გამწევმა ორგანიზაციებმა, ახალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე გადაიარაღებას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას დაქვემდებარებული ხაზების დაპროექტებაზე საპროექტო ორგანიზაციისათვის დავალების გაცემის დროს აუცილებლად უნდა გადასცენ ყველა მონაცემი დასაპროექტებელი ხაზის ზონაში ფაქტობრივი პირობების შესახებ (კლიმატური პირობები, დაჭუჭყიანება და ადგილობრივი პირობებისათვის დამახასიათებელი სხვა მონაცემები), რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო დოკუმენტაციაში.
3. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ენერგოსაწარმოსათვის საექსპლუატაციოდ ჩაბარებას დაქვემდებარებული ახლად აგებული საჰაერო ხაზის და ასევე უკვე არსებულის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის დროს ელექტროსაწარმოების მიერ უნდა იყოს ორგანიზებული სამუშაოების წარმოებაზე ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოების დამტკიცებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება.
4. მშენებლობადამთავრებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციაში მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ექსპლუატაციაში მიღებულ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს ექსპლუატაციას უწევს ენერგოსაწარმო.
5. ტექნიკური მომსახურების დროს უნდა სრულდებოდეს საჰაერო ხაზების ელემენტების ნაადრევი ცვეთისგან დასაცავი და მწყობრიდან გამოსვლის თავიდან ასაცილებლი სამუშოები, პროფილაქტიკური შემოწმებისა და გაზომვების, დაზიანებებისა და უწესივრობის აღმოფხვრის გზით.
საჰაერო ხაზის კაპიტალური შეკეთების დროს უნდა სრულდებოდეს სამუშაოები ხაზის ან მისი ცალკეული ელემენტების გამართულობის და მუშაობის უნარიანობის აღსადგენად მათი შეკეთების ან შეცვლის გზით, რომლებიც აამაღლებენ ხაზის საიმედოობას და გააუმჯობესებენ საექსპლუატაციო მახასიათებლებს.
სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებიც მიეკუთვნება ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას, დადგენილი უნდა იყოს საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის ტიპური ინსტრუქციებით.
6. საჰაერო ხაზების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოები ორგანიზებული უნდა იყოს, როგორც წესი, კომპლექსურად, გადამცემი ხაზის გამორთვის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შესაძლო შემცირებით. სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ხაზის ან მისი ერთი ფაზის (ცალკეული ფაზების შეკეთება) გამორთვით და აგრეთვე ძაბვის მოუხსნელად.
7. საჰაერო ხაზების მომსახურება და შეკეთება უნდა სრულდებოდეს სპეციალური მანქანების, მექანიზმების, სატრანსპორტო საშუალებების, ტაკელაჟის, სამარჯვების, ინსტრუმენტისა და აღჭურვილობის გამოყენებით.
ბრიგადები, რომლებიც აწარმოებენ სამუშაოებს საჰაერო ხაზებზე, აღჭურვილი უნდა იყვნენ სადისპეტჩერო პუნქტებთან კავშირის საშუალებებით.
8. საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესები და მათი დაცვის ზონები, კონტროლდებოდეს მათი შესრულება.
ორგანიზაცია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, უნდა ახორციელებდეს კონტროლს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ელექტროქსელების დაცვის წესების უპირობო შესრულებაზე და აწვდიდეს მათ ინფორმაციას ამ წესების მოთხოვნათა შესახებ.
9. მოუთუთიებელი ლითონის ანძების, რკინაბეტონისა და ხის ანძების ლითონის დეტალების, აგრეთვე ფოლადის გვარლებისა და ანძების დამჭიმების ანტიკოროზიული საფარის პერიოდული აღდგენა უნდა ხდებოდეს აუცილებლობის მიხედვით ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის განკარგულებით.
10. საჰაერო ხაზის ტრასა პერიოდულად უნდა იწმინდებოდეს ბუჩქებისა და ხეებისაგან, რათა თავიდან იყოს აცილებული ხაზის ავარიული გამორთვები და ხანძარი. დაცული უნდა იყოს ტყის განაკაფის დადგენილი სიგანე და წარმოებდეს ხეების ჩამოკაფვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ინტენსიური დაჭუჭყიანების ზონაში მყოფი საჰაერო ხაზების მონაკვეთებზე გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური ან გაძლიერებული იზოლაცია და აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდებოდეს იზოლაციის წმენდა (ჩამორეცხვა), ჭუჭყიანი იზოლატორების გამოცვლა.
ფრინველების მიერ იზოლაციის ინტენსიური დაჭუჭყიანების ზონებისა და მათი მასიური ბუდობის ადგილებში გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც გამოიწვევენ ფრინველების დაფრთხობას ან გამორიცხავენ გირლანდებზე მათ დაჯდომას.
12. მოქმედი საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს სხვა საჰაერო და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ხაზების გადაკვეთის მალებში გადამკვეთი ხაზის თითოეულ სადენზე ან გვარლზე დასაშვებია არა უმეტეს ორი შემაერთებლის დაყენება; გადასაკვეთ საჰაერო ხაზზე მავთულებისა და გვარლების შემაერთებლების რაოდენობა არ არის რეგლამენტირებული.
13. ორგანიზაციამ, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, გამართულ მდგომარეობაში უნდა იქონიოს:
ა) საჰაერო ხაზების მიერ სანაოსნო ან ხე-ტყის დასაცურებელი მდინარეების, ტყეების, წყალსაცავების, არხების გადაკვეთის ადგილებზე სათანადო ორგანოების შინაგანაწესის შესაბამისად დაყენებული სასიგნალო ნიშნები;
ბ) საჰაერო ხაზების ანძებზე მაღლივი დაბრკოლებების შუქდაცვისა და მარკირების წესების მიხედვით დაყენებული შუქდამცავი მოწყობილობები;
გ) საჰაერო ხაზების ანძებზე პროექტის მიხედვითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად დაყენებული ნიშნები.
14. ორგანიზაცია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, ყურადღებას უნდა აქცევდეს 330 კვ და მეტი ძაბვის საჰაერო ხაზების საავტომობილო გზებთან გადაკვეთაზე და ამ ხაზების დაცვის ზონებში ტრანსპორტის გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნების გამართულ მდომარეობას.
15. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს ორგანიზებული უნდა იყოს მათი პერიოდული და რიგგარეშე დათვალიერებები. პერიოდული დათვალიერების გრაფიკი დამტკიცებული უნდა იყოს იმ ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს.
საჰაერო ხაზის მთელ სიგრძეზე დათვალიერების პერიოდულობა უნდა იყოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა ჩაატაროს ხაზების ან ცალკეული უბნების შერჩევითი დათვალიერება, ხოლო კაპიტალურ შეკეთებას დაქვემდებარებული ყველა ხაზის (უბნის) სრული დათვალიერება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
მომჭერებსა და დისტანციურ განმბრჯენებში გამტარების და გვარლების მაღლივი დათვალიერება შერჩევითი შემოწმებით 35 კვ და მეტი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე ან მათ უბნებზე, რომლებიც ექსპლუატაციაში იმყოფებიან 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან მდებარეობენ ინტენსიური დაჭუჭყიანების ზონებში, აგრეთვე ღია ადგილებში, უნდა წარმოებდეს 5 წელიწადში ერთხელ; სხვა დანარჩენ 35 კვ და მეტი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე (უბნებზე) – არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ.
0,38 – 20 კვ საჰაერო ხაზების მაღლივი დათვალიერება უნდა წარმოებდეს საჭიროების მიხედვით.
16. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ან მათი უბნების რიგგარეშე დათვალიერება უნდა წარმოებდეს:
ა) სადენებზე ან გვარლებზე ლიპყინულის წარმოქმნის, სადენთა როკვის, ყინულსვლისა და მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის, ტყეების ხანძრისა და სხვა სტიქიურ უბედურებათა დროს;
ბ) სარელეო დაცვის მოქმედებით ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზის ავტომატურად გამორთვის შემდეგ.
17. საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე უნდა სრულდებოდეს შემდეგი სახის პროფილაქტიკური შემოწმებები და გაზომვები:
ა) საჰაერო ხაზის ტრასის მდგომარეობის შემოწმება, რაც ითვალისწინებს დათვალიერების ჩატარებისას სადენებიდან ხეებამდე და სადენების ქვეშ ბუჩქებამდე მანძილების გაზომვას, სადენების ჩაღუნვის ისრის გაზომვას – აუცილებლობის შემთხვევაში; განაკაფის სიგანის გაზომვას – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) ხის ანძების დეტალების ლპობის ხარისხის შემოწმება – საჰაერო ხაზის ექსპლუატაციაში შესვლიდან 3-6 წლის შემდეგ, შემდგომ პერიოდში – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე ანძებზე ასვლის ან დეტალების შეცვლის წინ;
გ) იზოლატორებისა და სახაზო არმატურის მდგომარეობის ვიზუალურად შემოწმება ხაზის დათვალიერების დროს, აგრეთვე მოქმედი ნორმების შესაბამისად საკიდი თეფშისებრი ფაიფურის იზოლატორების შემოწმება ელექტრულ სიმტკიცეზე – პირველად ექსპლუატაციაში გაშვებიდან 1-2 წელს, მეორედ – 6-10 წელს, შემდეგ კი 35-500კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის ტიპური ინსტრუქციით დადგენილი პერიოდულობით იზოლატორების წუნდების დონისა და მუშაობის პირობებიდან გამომდინარე;
დ) დათვალიერების დროს ანძების, სადენების, გვარლების მდგომარეობის შემოწმება;
ე) ოვალური შემაერთებლებით შესრულებული დაწნეხილი, შენადუღი, ჭანჭიკური (20კვ-მდე ძაბვის საჰაერო ხაზებზე) შეერთებების მდგომარეობის შემოწმება ვიზუალურად ხაზის დათვალიერების დროს – აუცილებლობის მიხედვით. 35კვ და მეტი ძაბვის საჰაერო ხაზის სადენების ჭანჭიკური შეერთებების მდგომარეობის შემოწმება ელექტრული გაზომვების გზით – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ. არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ჭანჭიკური შეერთებები ექვემდებარება გახსნას, ხოლო შემდეგ შეკეთებას ან შეცვლას;
ვ) ფუნდამენტებსა და საჭიმრებზე „U”-სებრი ჭანჭიკების შერჩევითი შემოწმება გრუნტის გახსნით – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
ზ) ანკერული ჭანჭიკების ქანჩების, ბანდაჟების, ჭანჭიკური შეერთებების შემოწმება და მოჭერა – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
თ) რკინაბეტონის ანძების და მისადგმელების მდგომარეობის შემოწმება – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
ი) გრუნტის შერჩევითი ამოღებით ლითონის ანძების და ტრავერსების, ლითონის საფეხურების და ანკერების საჭიმრების ანტიკოროზიული საფარის მდგომარეობის შემოწმება – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
კ) ანძებისა და გვარლების დამიწების, აგრეთვე ნულოვანი სადენის განმეორებითი დამიწების წინაღობების გაზომვები – მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
ლ) 1000 ვ-მდე საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე „ფაზა-ნოლი” მარყუჟის წინაღობის გაზომვა ექსპლუატაციაში მიღებისას, შემდგომში კი ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც იწვევენ ამ წინაღობის შეცვლას.
ხაზის დათვალიერებისას უნდა მოწმდებოდეს: ანძების საძირკვლებისა და მისადგომების მდგომარეობა; მანძილები სადენებიდან მიწის ზედაპირამდე და სხვადასხვა ობიექტამდე მიახლოებისა და ნაგებობების გადაკვეთის ადგილებზე, ერთობლივი ჩამოკიდების ელექტროგადამცემ ხაზებზე და სხვადასხვა ხაზების მავთულებს შორის მალებში; სადენებისა და გვარლების ჩაღუნვის ისრები; ანძების საჭიმრების დაჭიმულობა; ანძების დახრილობა; ანძების ჭანჭიკური შეერთებებისა და არტახების მდგომარეობა.
18. საჰაერო ელექტროგადმცემი ხაზების დათვალიერების, პროფილაქტიკური შემოწმებისა და გაზომვების დროს აღმოჩენილი უწესივრობები უნდა აღინიშნოს საექსპლუატაციო დოკუმენტაციაში და აღმოიფხვრას მათი ხასიათის შესაბამისად უმოკლეს ვადაში ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მომსახურების ან კაპიტალური შეკეთების დროს.
19. ლითონის ან რკინაბეტონის ანძების მქონე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის კაპიტალური შეკეთება უნდა ტარდებოდეს არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ, ხის ანძების მქონე საჰაერო ხაზებისა კი – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ.
20. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის ანძების და სხვა ელემენტების კონსტრუქციული ცვლილებები, აგრეთვე გრუნტში ანძების დამაგრების წესის შეცვლა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობისას და იმ ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტროქსელებს.
21. სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების გეგმური შეკეთება და რეკონსტრუქცია უნდა ტარდებოდეს მიწით მოსარგებლესთან შეთანხმებით.
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობის შემაფერხებელი მიზეზების აღმოფხვრისა და დარღვევის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასაშვებია წლის ნებისმიერ დროს ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესების შესაბამისად.
22. ორგანიზაციებმა, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ანძებზე სადენების ერთობლივი დაკიდების ელექტროგადამცემ ხაზებს, გეგმური შეკეთებები უნდა ჩაატარონ შეთანხმებულ ვადებში. ავარიულ შემთხვევებში შეკეთებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს მეორე მხარისათვის (ხაზის ან სადენების მფლობელის) წინასწარი შეტყობინებით.
23. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლებზეც ადგილი აქვს ლიპყინულის ინტენსიურ წარმოქმნას, უნდა ხდებოდეს ყინულის დნობა ელექტროდენით.
ორგანიზაცია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტროქსელებს, უნდა აკონტროლებდეს საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე ლიპყინულის წარმოქმნის ინტენსიურობასა და უზრუნველყოფდეს ყინულის დნობის სქემების დროულად ჩართვას.
ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებზედაც ხდება ლიპყინულის დნობა, როგორც წესი, აღჭურვილი უნდა იყოს ლიპყინულის წარმოქმნისა და დნობის პროცესის ავტომატური კონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობილობებით, აგრეთვე დამამოკლებელი საკომუტაციო აპარატებით.
24. 110 კვ და მეტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების ადგილების აგრეთვე 6-35 კვ-ის ხაზებზე ფაზებს შორის მოკლე შერთვების ადგილების დისტანციურად განსაზღვრის მიზნით დადგმული უნდა იყოს სპეციალური ხელსაწყოები, ხოლო განშტოებების მქონე 6-35 კვ-ის ელექტროგადამცემ ხაზებზე – დაზიანებული მონაკვეთის მაჩვენებლები.
6-35 კვ-ის ელექტროგადამცემ ხაზებზე დაზიანების მოსაძებნად ორგანიზაციები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ელექტროქსელებს, აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასატანი ხელსაწყოებით.
25. ელექტროგადამცემ ხაზებზე დაზიანების დროულად აღმოფხვრის მიზნით ორგანიზაციებში, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ელექტროქსელებს, უნდა ინახებოდეს მასალებისა და სათადარიგო ნაწილების ავარიული მარაგი დადგენილი ნორმების შესაბამისად