1. დამამიწებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანების ელექტროუსაფრთხოების, ელექტროდანადგარების დაცვის და მუშაობის საექსპლუატაციო რეჟიმების უზრუნველმყოფელ პირობებს.
ელექტრომოწყობილობების და ელექტროდანადგარების ყველა ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ძაბვის ქვეშ აღმოჩდეს იზოლაციის გარღვევის გამო, უნდა იყოს დამიწებული, ან ჩანულებული.
2. სამონტაჟო ორგანიზაციამ, ელექტროდანადგარების დამამიწებელი მოწყობილობების ექსპლუატაციაში გადაცემის დროს, ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად უნდა წარადგინოს ამ მოწყობილობების მიღება-ჩაბარების გამოცდის ოქმები.
3. დანადგარის დამიწებას დაქვემდებარებული ყველა ელემენტი დამამიწებელს უნდა მიუერთდეს ცალკ-ცალკე.
აკრძალულია დანადგარის რამდენიმე ელემენტის დამამიწებელი გამტარების საშუალებით მიმდევრობით შეერთება.
4. დამამიწებელი გამტარები დამამიწებელ და დასამიწებელ კონსტრუქციებს უერთდება შედუღებით, ხოლო აპარატების და მანქანების კორპუსებს და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებს – შედუღებით, ან ჭანჭიკებით.
5. დამამიწებელი გამტარები უნდა იყოს კოროზიისაგან დაცული. ღია გაყვანილობის დამამიწებელი გამტარები უნდა შეიღებოს შავად.
6. დამამიწებელი მოწყობილობის კონტროლისთვის უნდა განხორციელდეს:
ა) დამამიწებელი მოწყობილობის წინაღობის გაზომვა და არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ შერჩევითი გზით გრუნტის გახსნა და მიწაში მდებარე დამამიწებლის ელემენტების კოროზიული მდგომარეობის შეფასება;
ბ) 12 წელიწადში ერთხელ დამამიწებელ და დასამიწებელ ელემენტებს შორის წრედების და დამამიწებელ მოწყობილობასთან ბუნებრივი დამამიწებლების შეერთებების არსებობის და მათი რეალური მდგომარეობის შემოწმება;
გ) შეხების ძაბვის ნორმების მიხედვით შესრულებული დამამიწებელი მოწყობილობის მქონე ელექტროდანადგარების შეხების ძაბვის გაზომვა;
დ) დამამიწებელი მოწყობილობის მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთების შემდეგ ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებთან დამამიწებელი მოწყობილობის ძაბვის შესაბამისობის შემოწმება (საანგარიშო), მაგრამ არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ;
ე) 1000 ვოლტამდე ძაბვის დანადგარების რღვევადი მცველების და ფაზა-ნული მარყუჟის სრული წინაღობის შემოწმება – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ.
7. დამამიწებელი მოწყობილობების წინაღობის გაზომვა უნდა განხორციელდეს:
ა) ელექტროსადგურებში, ქვესადგურებში და ელექტროგადამცემ ხაზებზე ამ მოწყობილობების მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთების შემდეგ;
ბ) 110 კვ და მეტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გვარლურ საყრდენებზე ელექტრული რკალით გადაფარვის ან იზოლატორების რღვევების ნაკვალევების აღმოჩენის შემდეგ;
გ) 35 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო გამანაწილებელი ქსელების – არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ;
დ) 35 კვ და ნაკლები ძაბვის ქსელების იმ საყრდენებთან, რომლებზეც დაყენებულია გამთიშველები, დამცავი შუალედები, მილისებრი და ვენტილური მცლელები, აგრეთვე იმ საყრდენებთან, რომლებზეც მოწყობილია ნულოვანი სადენის განმეორებითი დამამიწებლები – არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
ე) მონტაჟის, რეკონსტრუქციის და შეკეთების შემდეგ, აგრეთვე ექსპლუატაციის დროს, დასახლებულ რაიონებში გამავალი ხაზის დამამიწებლების მქონე საყრდენების 2%-ზე, საჰაერო ხაზების უფრო მეტად აგრესიულ, მეწყერულ, ამობურცულ, ან ცუდი გამტარებლობის უბნებზე – არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ;
ვ) გაზომვები უნდა განხორციელდეს გრუნტის ყველაზე უფრო მეტი გამოშრობის პერიოდში.
8. შეხების ძაბვის ნორმების მიხედვით შესრულებული დამამიწებელი მოწყობილობის მქონე ელექტროდანადგარების შეხების ძაბვაზე შემოწმება უნდა განხორციელდეს მათი მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთების შემდეგ, მაგრამ არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ;
გაზომვები უნდა შესრულდეს მიერთებული ბუნებრივი დამამიწებლებით და საჰაერო ხაზის გვარლებით.
9. დამამიწებლების კოროზიაზე შემოწმება უნდა განხორციელდეს:
ა) ელექტროსადგურების და ქვესადგურების – კოროზიისგან უფრო მეტად დაზიანებულ ადგილებში, აგრეთვე ძალოვანი ტრანსფორმატორების ნეიტრალის და მოკლედ ჩამრთველების ახლოს;
ბ) საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე – დამამიწებლების მქონე საყრდენების 2%-ზე.
აუცილებლობის შემთხვევაში, ქსელის საექსპლუატაციო ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დგინდება ქვესადგურების და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების დამამიწებელების კოროზიული მდგომარეობის შემოწმების უფრო ხშირი შემოწმების ვადები