მშვიდობიანობის დროს სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა ავადმყოფობის გამო შვებულების საჭიროების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სტაციონარული მკურნალობისა და რეაბილიტაციის (განყოფილება, რეაბილიტაციის ცენტრი, სანატორიუმი) ჩატარების შემდეგ, ვადა, რომლის დასრულებისას სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია შეუდგეს სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას, შეადგენს არანაკლებ ერთი თვისა, დანარჩენ შემთხვევაში სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებისაგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ. სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების ვადა 7-დან 15 დღემდეა.
სამხედრო-სამედიცინო კომისიას შეუძლია გამოიტანოს განმეორებითი დასკვნა იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურეს ესაჭიროება გათავისუფლება, მაგრამ საერთო ჯამში გათავისუფლების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღე-ღამეს.
სამხედრო-სამედიცინო კომისია ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობას ადგენს დაავადებების, დასახიჩრების (ჭრილობები, ტრავმები, კონტუზიები) სიმძიმის ხასიათის გათვალისწინებით.
მშვიდობიანობის დროს სამხედრო მოსამსახურის შვებულება ავადმყოფობის გამო განისაზღვრება 30-დან 60 დღემდე.
სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის გაწვევით, ცალკეულ შემთხვევაში შვებულება ავადმყოფობის გამო შეიძლება გაუგრძელდეს არა უმეტეს 60 დღე-ღამისა. მისი სტაციონარული მკურნალობა და ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის საერთო განუწყვეტელი ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს; ტუბერკულიოზით დაავადებული ავადმყოფებისათვის – 12 თვეს. აღნიშნული ვადის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის საკითხს.
თუ სამხედრო მოსამსახურეს (ოფიცრები, მიჩმანები, ზემდეგები) სრული მკურნალობის და ავადმყოფობის გამო შვებულებაში საერთო განუწყვეტელი ყოფნის ვადის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია შეუდგეს სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას და ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას, მისი მკურნალობის ყოფნის ვადა შეიძლება გაგრძელდეს სარდლობის გადაწყვეტილებით, სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებების დასკვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სამხედრო-სამედიცინო დაწესებულების უფროსი სამხედრო ნაწილის მეთაურს უგზავნის სამხედრო მოსამსახურის მკურნალობის ვადის გაგრძელების მიმართვას, რომელშიც მიეთითება დიაგნოზი, სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობის ვადა და მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა. სამხედრო ნაწილის მეთაური თავისი აზრის გამოხატვით სამხედრო მოსამსახურის შესახებ ამ მიმართვას წარუდგენს პირდაპირ უფროსს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისათვის განუწყვეტელი ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მკურნალობაზე განუწყვეტელი ყოფნის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ასეთივე წესით. მკურნალობასა და ავადმყოფობის გამო შვებულებაში განუწყვეტელი ყოფნის ზღვრული (გაგრძელების ჩათვლით) ვადის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება შემოწმებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის განსაზღვრისათვის.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ სამხედრო სამსახურის მოვალეობისაგან სრულ გათავისუფლებას, იგზავნებიან სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტში (ხომალდის ლაზარეთში). თუ სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა ნაწილობრივი გათავისუფლების საჭიროების შესახებ, დასკვნაში მიეთითება სამუშაოთა, მეცადინეობათა, განწესთა კონკრეტული სახეები, რომელთაგანაც ესაჭიროება გათავისუფლება სამხედრო მოსამსახურეს.
ომიანობის დროს დასკვნა ავადმყოფობის გამო შვებულების საჭიროების შესახებ არ გამოიტანება. სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა, როგორც წესი, უნდა დასრულდეს სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში ან გასაჯანსაღებელთა ბატალიონში.
იმ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის შემდგომი ვადა, რომლის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულება, არ აღემატება 3 თვეს, სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა მისი გაგზავნის შესახებ გასაჯანსაღებელ ბატალიონში. თუ ეს ვადა აღემატება 3 თვეს, სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა მისი სამსახურისათვის დროებით უვარგისობის შესახებ 6-12 თვის შემდეგ განმეორებითი შემოწმებით. სამხედრო მოსამსახურე ქალებს შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო მიეცემათ სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესითა და ვადით, სამედიცინო დაწესებულების ორსულობისა და მშობიარობის გამო დასკვნის შესაბამისად, სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს გაწვევით და სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში შეევსოთ ავადმყოფობის მოწმობა, რომლითაც ისინი ცნობილ იქნენ უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის ან შეზღუდულად ვარგისებად სამხედრო სამსახურისათვის, ცენტრალური სამხედრო-საექიმო საექსპერტო კომისიის მიერ ავადმყოფობის მოწმობის დამტკიცების შემდეგ სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით დათხოვნილ იქნებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან