1. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
3. წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:
ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარგებლობის სახე.
4. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
5. აუქციონი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
6. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:
ა) სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში;
ბ) სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.
7. სააგენტო სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას და აუქციონის ჩატარების თარიღს აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის უფლებით გასაცემ კონკრეტულ ობიექტს;
გ) აუქციონის გამართვისა და სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს;
ე) ზოგად მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) აუქციონის საწყის ფასს;
თ) სხვა მონაცემებს, სააგენტოს გადაწყვეტილებით.
9. აუქციონის გამართვის მიზანია, აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც აუქციონის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სააგენტოს.
10. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტერიტორიის ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი), სარგებლობის სახის და სარგებლობას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ;
ბ) განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) ბეს გადახდის ქვითარი.
11. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში, ხოლო აუქციონი ჩატარდება განცხადების მიღების შეწყვეტიდან არა უმეტეს მე-5 სამუშაო დღეს. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.
12. ერთნაირი საბოლოო ფასის შეთავაზების შემთხვევაში განმეორებითი აუქციონი ტარდება მე-4 სამუშაო დღეს იმავე შენობაში და აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება წინა აუქციონზე პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მაქსიმალური ფასის ოდენობით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე