1. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთი თვის ვადაში განიხილავს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო (გარდა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა), რომელიც დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.
2. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მასალები ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
3. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
4. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასალები უბრუნდება შემოსავლების სამსახურს.
5. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასევე 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
6. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’ და „გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება იმ თანხის ოდენობით, რომელიც აღემატება გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქონების ღირებულებას, ხოლო მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება სრული მოცულობით.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან