1. „არამატერიალური კულტურული მემკვიდერობა“ ნიშნავს ადათ-წესებს, წარმოსახვისა და გამოხატვის ფორმებს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, - ასევე მათთან დაკავშირებულ საშუალებებს, საგნებს, არტეფაქტებს და კულტურულ სივრცეებს, - აღიარებულს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. თაობიდან თაობაში გადაცემული ასეთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გაერთიანებებისა და ჯგუფების მიერ მუდმივ განახლებას განიცდის მათი გარემო პირობების, ბუნებასთან მათი ურთიერთმოქმედებისა და ისტორიის შესაბამისად და აყალიბებს მათში თვითმყოფადობისა და მემკვიდრეობითობის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეესატყვისება ადამიანის უფლებების არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და გაერთიანებებს, ჯგუფებსა და ცალკეულ პირებს შორის ურთიერთპატივისცემის, ასევე განუხრელი განვითარების მოთხოვნებს.

2. „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“, როგორც ამას ზემოთ, პუნქტი 1 განსაზღვრავს, ვლინდება, კერძოდ, შემდეგ სფეროებში:

ა) ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით;

ბ) საშემსრულებლო ხელოვნება;

გ) ადათ-წესები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები;

დ) ბუნებასა და სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა და ადათ-წესები;

ე) ხელოსნობის ტრადიციულ დარგებთან დაკავშირებული ცოდნა და ჩვევები.

3. „დაცვა“ ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება.

4. „მონაწილე სახელმწიფო“ ნიშნავს ქვეყნებს, რომლებისთვისაც წინამდებარე კონვენცია სავალდებულოა და ძალაშია შესული.

5. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება 33-ე მუხლში მითითებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მისი მონაწილენი ხდებიან. ამ შემთხვევაში სიტყვები „მონაწილე სახელმწიფოები“ ამ ტერიტორიებსაც ეხებ