1. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
2. განაშენიანების წესების მიზანია ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე:
ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება;
ბ)  სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.
3. განაშენიანების წესები მოიცავს:
ა) ქალაქ რუსთავის მიწათსარგებლობის დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პირობებს;
ბ) ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს;
გ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებულ შემთხვევებსა და მათი რეგულირების პირობებს;
დ)     მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების, მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრის პირობებს