7.1. მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყებას ხელს აწერს არბიტრი, არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს წერილობითი, ელექტრონული შეტყობინებით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით. იურიდიულ პირზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს წარმომადგენლობით ან სხვა უფლებამოსილ პირს, კანცელარიას ან ამ იურიდიული პირის ასეთივე დანიშნულების სხვა სტრუქტურულ ერთეულს.
7.2. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება:
7.2.1. თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
7.2.2. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს ან დამქირავებელს, რომელიც თანახმა იქნება გადასცეს უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დროულად ჩააბაროს ადრესატს, ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსიის შეტყობინება.
7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
7.3.1. ტექნიკური საშუალებით უწყების გაგზავნისას გაგზავნის ფაქტი დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში –ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
7.3.2. ტელეგრამით დაბარების შემთხვევაში, უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.
7.4. საარბიტრაჟო უწყებასთან ერთად არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. არბიტრაჟში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი უნდა გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე და უწყების გაგზავნის შემდეგაც.
7.5. საარბიტრაჟო გზავნილი/უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. კურიერის მიერ ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება უწყების მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.
7.6. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფლის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
7.7. თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
7.8. თუ ადრესატი უარს აცხადებს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.
7.9. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
7.10. თუ მოპასუხისათვის უწყების ჩაბარება გაძნელებულია, მოსარჩელეს შეუძლია თავისი ინიციატივით ან არბიტრაჟის დავალებით დაეხმაროს არბიტრაჟს მოპასუხისათვის უწყების ჩაბარებაში.
7.11. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისთვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის
შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 30.09.2011
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება
თავი III — საარბიტრაჟო განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
- მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
- მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
- მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „ჯი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 7, №0, 30.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483462/muxli-7/