1. ქორწინებაში არმყოფი დედის ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი იწერება დედის მითითებით, ხოლო ბავშვის გვარად იწერება დედის გვარი.
2. ქორწინებაში მყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი და გვარი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების გვარი, ხოლო თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ მშობელთა შეთანხმებით – ერთ-ერთი მშობლის გვარი. მშობლების ურთიერთშეთანხმებით ბავშვის გვარად შეიძლება მიეთითოს ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.
3. ქორწინებაში არმყოფი მშობლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე მათი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, ბავშვის სახელი და გვარი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით. ბავშვის გვარი ჩაიწერება ერთ-ერთი მშობლის გვარის მიხედვით. მშობლების ურთიერთშეთანხმებით ბავშვის გვარად შეიძლება მიეთითოს ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.
4. თუ მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ და ისინი ვერ თანხმდებიან ბავშვის სახელის და/ან გვარის საკითხზე, ბავშვის სახელისა და გვარის ჩაწერის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ბავშვის სახელი ჩაიწერება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების შეერთებული გვარი. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი, მაშინ ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი.
5. ქორწინებაში მყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის ბავშვის დედა გარდაცვლილია ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება – ბავშვის სახელი და გვარი იწერება ბავშვის მამის მითითებით. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების გვარი, ხოლო თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ – ერთ-ერთი მშობლის გვარი ან ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.
6. ქორწინებაში არმყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის ბავშვის დედა გარდაცვლილია ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და არ არსებობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით წარდგენილი მშობელთა ერთობლივი განცხადება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის სახელი და გვარი იწერება ბავშვის მამის (მამობის დამდგენი პირის) მითითებით. ბავშვის გვარად ჩაიწერება ერთ-ერთი მშობლის გვარი ან ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.
7. თუ უფლებამოსილი პირი არ განსაზღვრავს ბავშვის სახელს და/ან გვარს, ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ბავშვის სქესის გათვალისწინებით ანიჭებს მას სახელს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხული შესაბამისი სქესისათვის დამახასიათებელი ტიპური სახელებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი.
8. ბავშვის სახელად ციფრების, სასვენი ნიშნების, გეომეტრიული ფიგურების, გრაფიკული გამოსახულებების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია.
9. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარის ჩაწერისას განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი გვარისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც დაკავშირებულია სქესის აღნიშვნასთან (გამოხატვასთან