1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-16 კალენდალურ დღეს უძრავი ნივთის შემთხვევაში, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ მე-6 დღისა. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში ტექსტში-მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობაზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს/ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები