წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო აუდიტის ინსტიტუტი - (შემდგომში ინსტიტუტი), საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთათვის კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას (შემდგომში - სერტიფიცირება) ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) საჯარო სექტორის აუდიტორი - საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მქონე პირი, რაც დასტურდება ინსტიტუტის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით;

გ) სერტიფიკატი - ინსტიტუტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას;

დ) დამკვირვებელი – ინსტიტუტის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მიენიჭება დამკვირვებლის სტატუსი;

ე) ტესტი – ინსტიტუტის მიერ კანდიდატებისთვის წერილობითი ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;

ვ) საგამოცდო კომისია - სასერტიფიკაციო გამოცდის ფარგლებში, გამოცდების ორგანიზებისა და კანდიდატთა შეფასების მიზნით ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შექმნილი დროებითი ორგანო;

ზ) საგამოცდო ადგილი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, ინსტიტუტის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

თ) საპრეტენზიო კომისია – სასერტიფიკაციო გამოცდის ფარგლებში, ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით, ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შექმნილი დროებითი ორგანო.

ი) სერტიფიცირების საფასური -  კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდისათვის ინსტიტუტის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და სხვა პირობები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით