1. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით საოპერაციო რისკის კაპიტალის მოთხოვნა უნდა შეადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორის 15%–ს, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებში.
2. შესაბამისი ინდიკატორის განმარტება:
ა) ეროვნული ბანკი ადგენს შესაბამის ინდიკატორს კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის;
ბ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი განისაზღვრება, როგორც წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამის საშუალო მაჩვენებელი ბოლო სამი წლის მანძილზე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში;
გ) სამი წლის საშუალო გამოითვლება ფინანსური წლის ბოლოს მდგომარეობით ბოლო სამი თორმეტთვიანი დაკვირვებებით. აუდიტებული შედეგების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნეს შეფასების გამოყენება;
დ) თუ რომელიმე ინდიკატორისთვის წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამი უარყოფითი ან ნულის ტოლია, ზემოთხსენებული შედეგი სამი წლის საშუალოს დათვლისას არ გაითვალისწინება. შესაბამისად, საოპერაციო რისკის კაპიტალის დათვლისათვის აიღება შედეგი, რომელიც ტოლია დადებითი ინდიკატორების ჯამის თანაფარდობისა იმ წლების რაოდენობაზე, როდესაც ეს ინდიკატორი იყო დადებითი;
ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი შედგება N 1 დანართის მე–8 ცხრილში არსებული ელემენტების ჯამისგან. თითოეული ელემენტი შეყვანილი უნდა იქნას ელემენტთა ჯამის გამოთვლაში ელემენტის დადებითი ან უარყოფითი ნიშნის მიუხედავად;
ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორი (N1 დანართის მე–8 ცხრილი) დაითვლება საოპერაციო ხარჯებისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების დაქვითვამდე. მესამე მხარის მიერ შესრულებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები მიეკუთვნება საოპერაციო ხარჯებს. მესამე მხარეში მოიაზრება ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკის მშობელი ან შვილობილი საწარმო ან არ არის კომერციული ბანკის მშობელი კომპანიის შვილობილი საწარმო;
ზ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორის დათვლისას არ უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ელემენტები:
ზ.ა) არასავაჭროდ განკუთვნილი საბალანსო ერთეულების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები/ხარჯები;
ზ.ბ) განსაკუთრებული ან არარეგულარული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი;
ზ.გ) დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები.
თ) როდესაც სავაჭრო საბალანსო ელემენტების გადაფასების აღიარება ხდება მოგება–ზარალის უწყისში, გადაფასება გათვალისწინებული უნდა იქნას ინდიკატორის დათვლისას