1. კაპიტალის მოთხოვნები:
ა) სტანდარტიზებული მეთოდის მიხედვით საოპერაციო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნები წარმოადგენს ამ დებულების 60–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“– „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წლიური შესაბამისი ინდიკატორების ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელს შესაბამისი ინდიკატორი დაითვლება ყოველ წელს N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრული ბიზნეს ხაზების მიხედვით, რომელიც მრავლდება კაპიტალის N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნის შესაბამის კოეფიციენტზე. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისათვის შესაბამისი ინდიკატორით გამოწვეული უარყოფითი კაპიტალის მიღების შემთხვევაში ინდიკატორი გაითვალისწინება ჯამში, ხოლო, თუ ყველა ბიზნეს ერთეულის ინდიკატორი წლის განმავლობაში არის უარყოფითი, მაშინ ინდიკატორი ამ წლისათვის უნდა განისაზღვროს როგორც 0;
ბ) სამი წლის საშუალო მაჩვენებელი გაიანგარიშება ბოლო სამი თორმეტთვიანი ხანგრძლივობის დაკვირვების შედეგებით ფინანსური წლის ბოლოს. აუდიტებული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნეს შეფასების გამოყენება.
2. კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და დანერგოს სპეციალური დოკუმენტირებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კრიტერიუმები სხვადასხვა ოპერაციის/საქმიანობის შესაბამის ბიზნეს ხაზებში დაჯგუფებისათვის, ასევე, უნდა აღწეროს თუ რომელი ბიზნეს ხაზი რა კონკრეტულ საქმიანობებს მოიცავს სტანდარტიზებული მეთოდისათვის. ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფების პრინციპები შემდეგნაირია:
ა) დაჯგუფება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი და ამომწურავი, რათა იძლეოდეს კომერციული ბანკის ნებისმიერი საქმიანობის ერთ კონკრეტულ ბიზნეს ხაზში მოხვედრის შესაძლებლობას;
ბ) ის საქმიანობა, რომლის შესაბამისი ბიზნეს ერთეულის განსაზღვრა რთულია, მაგრამ წარმოადგენს დამხმარე საქმიანობას, მიკუთვნებული უნდა იქნას იმ ბიზნეს ერთეულს, რომლის დამხმარე საქმიანობადაც ის ითვლება. თუ საქმიანობა დამხმარე ფუნქციას წარმოადგენს ერთზე მეტი ბიზნეს ერთეულისთვის, გამოყენებული უნდა იქნას ობიექტური დაჯგუფების კრიტერიუმები;
გ) თუ კონკრეტული საქმიანობის/ოპერაციის მარტივად მიკუთვნება ვერ ხორციელდება ვერცერთი ბიზნეს ხაზისთვის, მოცემული ოპერაცია უნდა მიეკუთვნოს იმ ბიზნეს ხაზს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი პროცენტული კოეფიციენტი. იგივე ბიზნეს ხაზს უნდა მიეკუთვნოს დამხმარე საქმიანობა/ოპერაციაც;
დ) საოპერაციო რისკისათვის კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის საქმიანობების ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფება შესაბამისობაში უნდა იყოს საკრედიტო და საბაზრო რისკების კატეგორიებთან;
ე) კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საბანკო საქმიანობების შესაბამის ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფების პოლიტიკის შემუშვებაზე;
ვ) დაჯგუფების პროცესი უნდა ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ განხილვას/გადახედვას.
3. საოპერაციო რისკის კაპიტალის სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისას კომერციულმა ბანკმა, რისკების მართვის ზოგადი სტანდარტების დაკმაყოფილების გარდა, უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. აღნიშნულ კრიტერიუმებთან სრულყოფილად შესაბამისობისათვის მნიშვნელოვანია კომერციული ბანკის ზომისა და განხორციელებული ოპერაციების სირთულის გაითვალისწინება. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას პროპორციულობის პრინციპი:
ა) კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს საოპერაციო რისკების შეფასებისა და მართვის კარგად დოკუმენტირებული სისტემა. იგი უნდა მოიცავდეს აღნიშნული სისტემის ფარგლებში მკაფიოდ განსაზღვრულ პასუხისმგებლობებს. აღნიშნული სისტემა უნდა იძლეოდეს კომერციული ბანკის საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საოპერაციო რისკების შემთხვევების მონიტორინგის შესაძლებლობას, კომერციული ბანკის მატერიალური დანაკარგების ჩათვლით. სისტემის გადახედვა უნდა ხდებოდეს რეგულარულად დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ;
ბ) საოპერაციო რისკების შეფასების სისტემა მჭიდროდ ინტეგრირებული უნდა იყოს კომერციული ბანკის რისკების მართვის მთლიან პროცესთან. შეფასების სისტემის შედეგები კომერციული ბანკის რისკის პროფილისა და კონტროლის პროცესის მონიტორინგის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს;
გ) კომერციული ბანკი ვალდებულია, დანერგოს საოპერაციო რისკების ანგარიშგების სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს ანგარიშგებას მენეჯმენტთან/დირექტორატთან. კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმასა და საოპერაციო რისკების მართვის ანგარიშგებაში ინფორმაციის შეტანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
თავი XIX
გარდამავალი ხასიათის დებულებე