საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№264
2005 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მ ოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 282 ოჯახი, მათ შორის: საჩხერის რაიონში – 221, ხოლო ჭიათურის რაიონში – 61 ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ რკინიგზის ვაგონებში.
ამ ოჯახების საბინაო პრობლემის გადასაწყვეტად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) გამოუყოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ,,დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების, სტიქიური მოვლენების (მათ შორის 1991 წელს რაჭასა და ზემო იმერეთში მომხდარი მიწისძვრა) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის” გათვალისწინებული ასიგნებებიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან - 910 000 (ცხრაას ათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) უზრუნველყოს, რომ უსახლკაროდ დარჩენილ თითოეულ ოჯახს მიეცეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას:
ა) უმოკლეს ვადაში წარუდგინოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიები და სათანადო დოკუმენტაცია;
ბ) დაუწესოს კონტროლი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, საცხოვრებელ თავშესაფრად გამოყენებული რკინიგზის ვაგონების სრულ ლიკვიდაციამდე.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი