საქართველოს საწარმოს მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი შესწორების განხორციელებასთან დაკავშირებით წერილობით უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურს და უნდა შეიცავდეს (ან მას თან უნდა ახლდეს) ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შემოსავლების სამსახურისათვის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის შესაფასებლად:
ა) დასახელება, რეგისტრაციის რეკვიზიტები, ურთიერთდამოკიდებული საწარმოს დასახელება და რეგისტრაციის რეკვიზიტები;
ბ) წელი, როდესაც შესწორებული ოპერაცია მოხდა;
გ) მოთხოვნილი შესაბამისი შესწორების თანხა და საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწორების თანხის ოდენობა;
დ) ურთიერთდამოკიდებული საწარმოს საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი საბუთი (ე.ი. წერილი ან რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაცემულია საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ);
ე) იმ შესწორების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც განხორციელდა საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ და აღნიშნული შესწორების საფუძველი (ე.ი. შეფასების და დამხმარე ანალიზის ასლი და ადმინისტრაციული დავების ან სასამართლო პროცესის დეტალები საჭიროების შემთხვევაში;
ვ) შედარებადობის ფაქტორების დეტალები, გამოყენებული ოპერაციების შეფასების მეთოდი და ა.შ.
ზ) დამტკიცება იმისა, რომ ურთიერთდამოკიდებული მხარე არ განახორციელებს ან ამ მხარეს არ შეუძლია შემდგომი ქმედებების განხორციელება საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწორებების შემცირება ან გაუქმება;
თ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შესწორების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესაფასებლად.
შესაბამისი შესწორების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს შესაბამისი შესწორების მოთხოვნის წარსადგენად განსაზღვრულ პერიოდში იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მოთხოვნა უნდა გადაწყდეს ორმხრივი შეთანხმების პროცედურით, მოქმედი საგადასახადო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახური, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს საწარმოს შეატყობინებს დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნილი შესაბამისი შესწორება სრულად ან ნაწილობრივ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური უარს ეტყვის საქართველოს საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესწორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად ან ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საწარმოს წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად უნდა მიაწოდოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს საწარმოსათვის ცნობების მომენტში. ასეთი მიზეზები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს, მაგრამ მხოლოდ ჩამოთვლილით არ შემოიფარგლებოდეს:
ა) მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს საწარმომ ვერ წარუდგინა შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო შესწორების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესამოწმებლად;
გ) შემოსავლების სამსახურის აზრით, შესწორება არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს და აღნიშნულის დასადასტურებლად იძლევა ახსნა-განმარტებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი შესწორების მოთხოვნის განსახორციელებლად საჭირო პროცედურის შესახებ დამატებითი განმარტება შესაძლოა გაცხადებულ იქნას შემოსავლების სამსახურის მიერ