1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის დროს ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვასთან ერთად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, როგორც მათი საიმედო და უსაფრთხო, ისე ელექტროსადგურების ტექნოლოგიური მოწყობილობების შეუფერხებელი და ეკონომიური მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ანტიფილტრაციულ და სადრენაჟო მოწყობილობების მუშაობის იმედიანობას.
ელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდეს მდგრადობის, სიმტკიცის და ხანგამძლეობის ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამის მოთხოვნებს.
წყლის დაწნევის ქვეშ მყოფი ნაგებობები და კონსტრუქციები, აგრეთვე მათი ფუძეები და მინაბრჯენები უნდა აკმაყოფილებდნენ წყალშეუღწევადობის და ფილტრაციული მდგრადობის ნორმატიულ (საპროექტო) მაჩვენებლებს.
ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაცული უნდა იყოს არასასურველი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე დატვირთვების და წყლის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაზიანებებისაგან. აღნიშნული დაზიანებები უნდა აღმოიფხვრას დროულად.
25-ზე მეტი წლის მანძილზე ექსპლუატაციაში მყოფი ყველა სადაწნეო ჰიდროტექნიკური ნაგებობა, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ექვემდებარება სიმტკიცის, მდგრადობის და საიმედოობის შემაფასებელ, პერიოდულ, მრავალფაქტორიან გამოკვლევას. მიღებული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ტარდება ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანი და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.
2. ბეტონის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ უბნების ბეტონის სიმტკიცეზე შემოწმება, რომლებიც განიცდიან დინამიკური დატვირთვების, ფილტრაციული წყლების, მინერალური ზეთების და ყინვების რეგულარულ ზემოქმედებებს და მდებარეობენ წყლის დონის ცვალებად ზონებში.
პროექტით დადგენილ სიდიდესთან შედარებით ნაგებობების კონსტრუქციების სიმტკიცის შემცირების შემთხვევაში უნდა გატარდეს სიმტკიცის ასამაღლებელი ღონისძიებები.
3. მიწის კაშხლები და ჯებირები დაცული უნდა იყოს წარეცხვის და ქიმიდან წყლის გადაღვრის შემთხვევებისგან.
მიწის კაშხლების და ჯებირების ფერდობების გამაგრებები, სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ გამართულ მდგომარეობაში. მიწის ნაგებობები, განსაკუთრებით ნაყარ გრუნტში და წყალშეღწევად ქანებში გამავალი არხები, კაშხლები და ჯებირები დაცული უნდა იქნენ ცხოველთა მხრიდან ზიანის მიყენების საფრთხისაგან.
არხების ბეგები და კიუვეტები რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს ჩამონაყარი მიწისა და ნატანისგან. დაუშვებელია მიწის ნაგებობების ფერდობებზე და თხემებზე ხეების და ბუჩქნარის ამოზრდა, თუ ამას არ ითვალისწინებს პროექტი. მიმყვანი და გამყვანი არხების საჭიროების ადგილებზე უნდა მოეწყოს კიბეები, ხიდები და შემოღობვები.
4. უნდა იყოს უზრუნველყოფილი სადეფორმაციო ნაკერების შემჭიდროებების იმედიანი მუშაობა
5. არ დაიშვება ტვირთების დაწყობა ან ნებისმიერი ნაგებობის, მ.შ. ნავსაბმელების, საავტომობილო გზების და რკინიგზების მოწყობა არხების, კაშხლების და ჯებირების ბეგებზე და ფერდობებზე, აგრეთვე საყრდენი კედლების ჩამონგრევის პრიზმის ზღვრებში.
6. მიწის კაშხლების და ჯებირების ფერდების უბნებზე, ქვედა სოლში გრუნტის წყლების მაღალი დონის შემთხვევაში გაყინვისა და დანგრევის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოეწყოს დრენაჟი ან დათბუნება.
7. ფილტრაციული წყლების გამყვანი სადრენაჟო სისტემები უნდა იყოს გამართული და წყლის ხარჯმზომი მოწყობილობებით აღჭურვილი.
ნაგებობებიდან სადრენაჟო სისტემებით წყლის გადინება უნდა მიმდინარეობდეს მუდმივად, ხოლო ფილტრაციული წყლების მიერ გრუნტის გამოტანის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდეს აღმკვეთი ღონისძიებები.
8. ჰიდროელექტროსადგურის მიწისქვეშა შენობების ექსპლუატაციის დროს აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს:
ა) ფილტრაციის ან წყალსავალი ტრაქტების მოულოდნელი გარღვევის შედეგად შემოსული წყლების გამწოვი ტუმბოების მუდმივ მუშა მდგომარეობაში ყოფნა;
ბ) სავენტილაციო დანადგარების, ავარიული განათებების და სათადარიგო გასასვლელების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა.
9. არხებში წყლის სიჩქარეები უნდა შენარჩუნდეს იმ ზღვრებში, რომელშიც გამოირიცხება ფერდობების და ფსკერის წარეცხვა და ნატანის დალექვა, ხოლო ყინულწარმონაქმნების გაჩენის შემთხვევებში – წყლის შეუფერხებელი მიწოდება. წყლის მაქსიმალური და მინიმალური სიჩქარეები უნდა დადგინდეს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და შეტანილი იყოს ადგილობრივ ინსტრუქციაში.
10. წყალსაცავების, აუზების, არხების და სადაწნეო მილსადენების შევსება-დაცლა და წყლის დონეების ცვალებადობა უნდა ხდებოდეს თანდათანობით და ისეთი სიჩქარეებით, რომ გამოირიცხოს ნაგებობის მოპირკეთების მიღმა დასაშვებზე მეტი წნევის წარმოქმნა, ფერდობების დამეწყვრა, მილსადენებში ვაკუუმის და ჰიდრავლიკური დარტყმების წარმოქმნა. წყალსაცავების შევსება-დაცლის დასაშვები სიჩქარეები შეტანილი უნდა იყოს ადგილობრივ ინსტრუქციაში.
ძლიერი წყალდიდობის დროს ჰიდროკვანძების ზემო ბიეფების ნორმალური შეტბორვის დონეების აწევა დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა წყალსაგდები და წყალსაშვი ხვრელის საკეტი იქნება ბოლომდე გახსნილი და ყველა ტურბინა – მაქსიმალურად დატვირთული. წყალმოდინების შემცირების დროს წყალსაცავის დონის ნორმალურ ნიშნულამდე დაწევა უნდა განხორციელდეს ტექნიკურად შესაძლო უმოკლეს ვადებში.
11. სადაწნეო წყალსატარების ექსპლუატაციის დროს:
ა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყრდენების, სადეფორმაციო ნაკერების შემჭიდროებების და საკომპენსაციო მოწყობილობების ნორმალური მუშაობა;
ბ) გამორიცხული იყოს გარსის მომატებული ვიბრაცია;
გ) უზრუნველყოფილი იყოს კოროზიის და აბრაზიული ცვეთისგან დაცვა;
დ) გამორიცხული იყოს ფოლად-ბეტონის და რკინაბეტონის სატურბინო წყალსატარების ბეტონის ზედაპირული ნახეთქების 0.3 მმ-ზე მეტად გახსნა;
ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატურბინო წყალსატარის გარღვევის შემთხვევისთვის გათვალისწინებული ავტომატური დაცვის მოწყობილობების მუდმივი მზადმყოფნის მდგომარეობაში შენარჩუნება;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს მუშაობის ნებისმიერი რეჟიმის დინამიური მდგრადობა;
ზ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატურბინო წყალსატარის გარღვევის დროს ჰესის შენობის დატბორვისგან დაცვა.
12. ყინვების პერიოდში ჰიდროაგრეგატების გაჩერების დროს გატარებული უნდა იყოს მილსადენის შიგა ზედაპირზე ტურბინის ექსპლუატაციისათვის საშიში ყინულწარმონაქმნების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები.
13. სადაწნეო მილსადენების აერაციული მოწყობილობები უნდა იყოს საიმედოდ დათბუნებული და აუცილებლობის შემთხვევაში გათბობის სისტემით აღჭურვილი. აერაციული მოწყობილობების მდგომარეობის შემოწმება უნდა მიმდინარეობდეს სისტემატურად, ადგილობრივი ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.
14. ელექტროსადგურების ნაგებობების განთავსების რაიონებში ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება დაიშვება მხოლოდ ნაგებობების და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით.
15. ექსპლუატაციის მწარმოებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წერილობით აცნობოს ჰიდროკვანძების ნაგებობებში გასატარებელი წყლის საანგარიშო ხარჯებით დასატბორი ტერიტორიების საზღვრები და წლიური რეგულირების წყალსაცავებით დატბორვის ზონები.
ჰიდროკვანძების ექსპლუატაციის ადგილობრივ ინსტრუქციაში შეტანილი უნდა იყოს ჰიდროკვანძის ზედა და ქვედა ბიეფების პროექტით განსაზღვრული დაცვის ზონების ტერიტორიებზე და ნაგებობებზე ზედამხედველობის დებულებები.
16. ელექტროსადგურის ადგილობრივ ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე წარმოქმნილ ავარიულ და განსაკუთრებულ სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების გეგმა. მასში განისაზღვრება: პერსონალის უფლება-მოვალეობები, ავარიული და საგანგებო სიტუაციების აღმოფხვრის მეთოდები, მასალების მარაგები, კავშირგაბმულობის და მაუწყებლობის საშუალებები, სატრანსპორტო საშუალებები, გადაადგილების გზები და სხვა.
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მტყუნების ან ავარიის შემთხვევებისთვის ადრეულად უნდა დამუშავდეს მათი წინასწარი აღკვეთისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია (წყალსაცავიდან გამოხეთქილ ტალღებზე ზემოქმედებისთვის საანგარიშო მასალების გათვალისწინებით) და შესაბამისი სიტუაციების სალიკვიდაციო ინსტრუქციები.
17. დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას ჰიდროტექნიკური ნაგებობების ის დაზიანებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, მოწყობილობებს და სხვა ნაგებობებს.
18. ავარიასაწინააღმდეგო მოწყობილობები, წყალსაღვრელი და მაშველი საშუალებები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ გამართულ მდგომარეობასა და მოქმედებისთვის მზადყოფნაში.
19. მდინარეთა შენაკადებიდან და ხევებიდან ღვარცოფული ნატანებით გამოწვეული ავარიული სიტუაციების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სამთო-მელიორაციული სამუშაოები. არხების მკვეთ ღვარცოფსავალებთან მისასველი უბნები და თვით ღვარცოფსავალები უნდა იწმინდებოდნენ აუცილებლობის მიხედვით.
20. უნდა მიმდინარეობდეს ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალის, ნაგებობების და მოწყობილობებისთვის საფრთხის შემქმნელი კლდოვანი ხეობების ფერდობების და ნაპირების შესაძლო ქვაცვენის უბნების რეგულარული გამოკვლევა და ქვებისაგან გაწმენდა.
ქვებდამცავი ნაგებობები (ქვებდამცავი ბადეები, ქვებდამჭერები) უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და დროულად ხდებოდეს განტვირთვა დაგროვილი ქვებისგან.
21. ჰიდროტექნიკური ნაგებობების კაპიტალური შეკეთება უნდა ხორციელდებოდეს მათი მდგომარეობის მიხედვით და შესაძლებლობის შემთხვევაში - სადგურის მუშაობის შეფერხების გარეშ