1. ენერგოობიექტის ტერიტორიის, შენობება-ნაგებობების სათანადო საექსპლუატაციო და სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესრულებული უნდა იყოს და გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს:

ა) ენერგოობიექტის მთელი ტერიტორიიდან, შენობა-ნაგებობებიდან ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სარინი სისტემები (დრენაჟები, კაპტაჟები, არხები, წყალსადენი არხები და სხვა);

ბ) გამოსაბოლქვი მილსადენების მაყუჩები, აგრეთვე ხმაურის წყაროების ლოკალიზაციის და ნორმამდე დაყვანის მოწყობილობები და ნაგებობები;

გ) წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, დრენაჟის, თბოფიკაციის, სატრანსპორტო, აირისებრი და თხევადი საწვავის ქსელები და ნაგებობები;

დ) სასმელი წყლის წყაროები, წყალსაცავები და წყალმომარაგების წყაროების დაცვის სანიტარიული ზონები;

ე) რკინიგზის ლიანდაგები და გადასასვლელები, საავტომობილო გზები, სახანძრო გასასვლელები, სახანძრო ჰიდრანტებთან, წყალსაცავებთან და შხეფსაცივრებთან მისასვლელები, ხიდები, საცალფეხო გზები, გადასასვლელები და სხვა;

ვ) მეწყერსაწინააღმდეგო, ნაპირსამაგრი, ზვავსაწინააღმდეგო და ღვარცოფის საწინააღმდეგო ნაგებობები;

ზ) ბაზისური და მუშა რეპერები და ნიშნები;

თ) საკონტროლო ჭაბურღილები გრუნტის წყლების რეჟიმზე დაკვირვებისათვის;

ი) დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი (შემოღობვები, საკონტროლო-გასაშვები პუნქტები, პოსტები, სასამსახურო სადგომები);

კ) მეხამრიდების და დამიწების სისტემები.

გარდა ამისა, სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა.

2. მიწის ქვეშ განლაგებული წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, თბოფიკაციის კომუნიკაციები, აგრეთვე გაზსადენები, ჰაერსადენები და კაბელები მიწის ზედაპირზე უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისი მაჩვენებლით.

3. ენერგოობიექტის ტერიტორიაზე მოხეტიალე დენების არსებობისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი მიწისქვეშა ლითონის ნაგებობების და კომუნიკაციების კოროზიისაგან ელექტროქიმიური დაცვა.

4. სისტემატურად, განსაკუთრებით წვიმების დროს, უნდა გაეწიოს მეთვალყურეობა ფერდოების, ფერდობების, თხრილების მდგომარეობას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიღებულ იქნეს ზომები მათ გასამაგრებლად.

5. გაზაფხულზე ყველა წყალსარინი ქსელი და მოწყობილობა უნდა იყოს დათვალიერებული და მომზადებული თოვლის წყლების გასატარებლად; კაბელების, მილების, სავენტილაციო არხების შენობების კედლებში გატარების ადგილები უნდა იქნენ შემჭიდროებული, ხოლო ამოსატუმბავი მექანიზმები - მუშა მდგომარეობაში მოყვანილი.

6. ელექტროსადგურებში გრუნტის წყლების რეჟიმზე კონტროლი – საკონტროლო ჭაბურღილებში (პიეზომეტრებში) წყლის დონეზე – უნდა ხდებოდეს ექსპლუატაციის პირველ წელს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო მომდევნო წლებში გრუნტის წყლების დონის ცვლილებების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. კარსტულ ზონებში კონტროლი გრუნტის წყლების რეჟიმზე უნდა იყოს ორგანიზებული სპეციალური პროგრამებით ადგილობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვადებში; წყლის ტემპერატურის გაზომვა და სინჯის აღება ჭაბურღილიდან ქიმიურ ანალიზზე უნდა ხდებოდეს ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად. დაკვირვების შედეგები შეტანილი უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში.

7. ენერგოობიექტებზე ნარჩენების მსხვილ დამგროვებლებში დასაკვირვებელი ქსელის ჭაბურღილების მიხედვით წელიწადში 2-ჯერ უნდა ხდებოდეს მიწისქვეშა წყლების ხარისხის სისტემატური ქიმიურ-ანალიტიკური კონტროლი. ანალიზების მონაცემები უნდა გადაეცეს შესაბამის გეოლოგიურ ორგანიზაციას.

8. ენერგოობიექტის ტერიტორიაზე გრუნტის ამობურცვის, დაწევის და მეწყერული მოვლენების აღმოჩენის შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და მათი შედეგების სალიკვიდაციოდ.

9. გასხვისების ზონის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პროექტის არსებობისას, გასხვისების ზონაში ყოველგვარი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ ენერგოობიექტის ხელმძღვანელის ნებართვით.

აკრძალულია შენობა-ნაგებობების მშენებლობა ესტაკადებისა და აირსატარების ქვეშ.

10. ელექტროსადგურის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო ხაზების, ხიდების და მათზე შენობა-ნაგებობების შენახვა და რემონტი უნდა შეესაბამებოდეს რკინიგზების ტექნიკური ექსპლუატაციის მოქმედი წესების მოთხოვნებს.

11. ელექტროსადგურის მფლობელობაში არსებული საავტომობილო გზების, ხიდების და მათზე შენობა-ნაგებობების შენახვა და რემონტი უნდა შეესაბამებოდეს საავტომობილო გზების შენახვისა და რემონტის ტექნიკური წესების მოთხოვნებს.

12. ადგილობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვადებში და დადგენილი მოცულობით ხიდებზე უნდა იყოს ორგანიზებული შემდეგ მაჩვენებლებზე დაკვირვებები: საყრდენების დაჯდომა წანაცვლებაზე, მალის ნაშენის კოჭების (ფერმების) მაღლივ და გეგმურ მდებარეობაზე, სავალი ნაწილის მაღლივ მდებარეობაზე. გარდა ამისა, კაპიტალური ხიდები 10 წელიწადში ერთხელ, ხოლო ხის ხიდები 5 წელიწადში ერთხელ უნდა იყოს გამოკვლეული და აუცილებლობის შემთხვევაში – გამოცდილი. ხიდების გამოცდა მისი წინასწარი გამოკვლევის გარეშე აკრძალულია. მთლიანშენადუღი, მთლიანმოქლონვილი, აგრეთვე შედუღებით გაძლიერებული ფოლადისა და ფოლად-რკინაბეტონის მალების ნაშენები ზამთრის პერიოდში დათვალიერებული უნდა იყოს მინიმუმ თვეში ერთხელ, ხოლო – 20O°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე – ყოველდღიურად.

13. დაბალი ტემპერატურების პერიოდში ხიდის სავალი ნაწილი, აგრეთვე ხიდთან მისასვლელები, უნდა გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგა