1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების დროს მიმდინარეობს შემდეგი დოკუმენტების გადაცემა:

ა) სამშენებლო ორგანიზაციის მიერ – საკონტროლო-გამზომი აპარატურა და მშენებლობის პერიოდში მათ მიხედვით ჩატარებული ყველა დაკვირვებების მონაცემები;

ბ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ – ნატურული დაკვირვებების შედეგების ანალიზის მონაცემები, დაკვირვებების ორგანიზების ინსტრუქციები, ნატურული ჩვენებების დამუშავების და ანალიზის მეთოდები, ნაგებობების მდგრადობის და სიმტკიცის პირობების შესატყვისი საკონტროლო-მზომი აპარატურის ზღვრულად დასაშვები ჩვენებების მითითებით.

3. ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ბუნებრივი და ტექნოგენური ზემოქმედებების მაჩვენებლების კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივად. ნატურული დაკვირვებების ანალიზი უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, მაგრამ არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული შედეგების მიხედვით უნდა ხდებოდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის და მთლიანი ჰიდროკვანძის უსაფრთხო მდგომარეობის შეფასება.

4. ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში დასაყენებელი საკონტროლო-გამზომი აპარატურის მოცულობა დამოკიდებულია ნაგებობის კლასზე და უნდა განისაზღვროს პროექტით.

ექსპლუატაციის პერიოდში საკონტროლო-გამზომი აპარატურის შემადგენლობა და დაკვირვებათა მოცულობა შეიძლება შეიცვალოს ჰიდრონაგებობის მდგომარეობის და კონტროლის მიმართ ტექნიკური მოთხოვნების ცვლილებების შესაბამისად (მაგალითად კლასის შეცვლა, სეისმურობის დაზუსტება და სხვა). აღნიშნული ცვლილებები შეთანხმებული უნდა იყოს საპროექტო ორგანიზაციასთან.

ელექტროსადგურებს უნდა ჰქონდეს ყველა საკონტროლო-გამზომი აპარატურის განთავსების უწყისი და სქემა, თითოეული ხელსაწყოს დაყენების თარიღის და საწყისი ანათვლის მითითებით. საკონტროლო-გამზომი აპარატურის მდგომარეობა მოწმდება კანონით განსაზღვრულ ვადებში.

ოპერატიულობის და კონტროლის უტყუარობისადმი ნდობის ამაღლების მიზნით საპასუხისმგებლო სადაწნეო ჰიდროტექნიკური ნაგებობები უნდა აღიჭურვოს დიაგნოსტიკური კონტროლის ავტომატური სისტემებით. ასეთი ნაგებობების საკონტროლო-მზომი აპარატურით აღჭურვის პროექტები უნდა დამუშავდეს მათი დიაგნოსტიკური კონტროლის ავტომატურ სისტემებში გამოყენების გათვალისწინებით.

5. ადგილობრივი ინსტრუქციით დადგენილ ვადებში და მოცულობით უნდა მიმდინარეობდეს შემდეგი დაკვირვებები:

ა) ნაგებობების და მათი საძირკვლების ჯდომა-გადაადგილებებზე;

ბ) ნაგებობების და მოპირკეთებების დეფორმაციებზე, მათში წარმოქმნილ ბზარებზე, დეფორმაციულ და სამშენებლო ნაკერების მდგომარეობაზე, მიწის კაშხლების, ნათხარების, ჯებირების და არხების ფერდობების გამაგრებებზე და სადაწნეო წყალსავალების მდგომარეობაზე;

გ) ჰიდროკვანძის ბიეფების დონეების რეჟიმებზე, მიწის და ბეტონის ნაგებობების ტანსა და ფუძეში, აგრეთვე სანაპირო მინაბრჯენებში ფილტრაციულ რეჟიმებზე, სადრენაჟო და ფილტრაციის საწინააღმდეგო მოწყობილობების მუშაობაზე და ნაგებობების ზონაში გრუნტის წყლების რეჟიმებზე;

დ) ნაგებობების მიმართ წყლის ნაკადის გავლენაზე, კერძოდ, წყალსაცემის და რისბერმის, ფსკერის და ნაპირების წარეცხვაზე, მოპირკეთების კოროზიასა და ცვეთაზე, დაჯდომაზე, მეწყერულ მოვლენებზე, აუზების და არხების დალამვასა და მცენარეულ ამონაზარდებზე, წყალსაცავების ნაპირების დამუშავებაზე;

ე) ნაგებობების მოყინვასა და ყინულის ზემოქმედებაზე.

აუცილებლობის შემთხვევებში ორგანიზებული უნდა იყოს ნაგებობების ვიბრაციებზე, სეისმურ დატვირთვებზე, ბეტონის სიმტკიცეზე და წყალგაუმტარობაზე, კონსტრუქციების დაძაბულ მდგომარეობაზე და ტემპერატურულ რეჟიმებზე, ბეტონის და ლითონის კოროზიებზე, ლითონკონსტრუქციების შედუღების ნაკერების მდგომარეობაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ცალკეულ უბნებზე აირების გამოყოფაზე და სხვა დაკვირვებები.

ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის პირობების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში დამატებითი დაკვირვებები უნდა ჩატარდეს სპეციალური პროგრამებით.

სადაწნეო ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადგილობრივ ინსტრუქციაში მითითებული უნდა იყოს უსაფრთხოების ის კრიტერიუმები, რომლებსაც მომავალში შედარდება საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოებით ჩატარებული დაკვირვებების შედეგები.

ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოების საწყისი (საპროექტო) კრიტერიუმები სისტემატურად უნდა ზუსტდებოდეს დაგროვილი ნატურული დაკვირვებების საფუძველზე.

6. პირველი კლასის ბეტონის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, მათი კონსტრუქციის და ექსპლუატაციის პირობების მიხედვით, ტარდება შემდეგი სპეციალური ნატურული დაკვირვებები:

ა) კაშხლის და მისი ფუძის დაძაბულობის და თერმოდაძაბულობის მდგომარეობაზე;

ბ) კლდოვანი ფუძის კაშხლის ძირთან კონტაქტის ზონაში შემჭიდროების დარღვევაზე;

გ) არმატურაში ძალვებზე;

დ) სეისმური და სხვა დინამიკური ზემოქმედებების შედეგად გამოწვეული კაშხლის მდგომარეობის ცვლილებაზე.

7. ელექტროსადგურების მიწისქვეშა შენობება-ნაგებობების ექსპლუატაციის დროს უნდა კონტროლდებოდეს:

ა) ანკერული და თაღური დამაგრებების მიერ მოცული მასივების დაძაბულობის მდგომარეობა;

ბ) თაღის წანაცვლებული კედლების და თაღის დეფორმაციები;

გ) მასივის ფილტრაციული და ტემპერატურული რეჟიმები;

დ) ნაგებობებში წყლის დენადობა.

8. 7 და მეტი ბალი სეისმურობის რაიონებში განთავსებული I კლასის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე და 8 და მეტი ბალი სეისმურობის რაიონებში განთავსებული II კლასის ნაგებობებზე ტარდება შემდეგი სპეციალური დაკვირვებები და გამოცდები:

ა) ნაგებობების და ნაპირთან მიბრჯენა/მიერთებების ინჟინრულ-სეისმომეტრული დაკვირვებები;

ბ) წყალსაცავის კალაპოტის ზონაში მდებარე ნაგებობების გასწორის ახლო და მიმდებარე ტერიტორიების ინჟინრულ-სეისმოლოგიური დაკვირვებები;

გ) ნაგებობების დინამიკური მახასიათებლების განმსაზღვრელი ტესტური გამოცდები (დინამიკური ტესტირება) დინამიკური პასპორტების შედგენით;

დ) ინჟინრულ-სეისმომეტრული დაკვირვებების წარმოების მიზნით ჰიდროტექნიკური ნაგებობები უნდა აღიჭურვონ იმ ავტომატური ხელსაწყოებით და კომპლექსებით, რომლებიც მიწისძვრით გამოწვეული მიწის ზედაპირის ძლიერი ბიძგების დროს ნაგებობების და ნაპირთან მიბრჯენა/მიერთებების რიგ წერტილებში იძლევიან კინემატიკური მახასიათებლების გაზომვის და მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების საშუალებას;

ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ახლოს და წყალსაცავის ნაპირებზე პროექტის მიხედვით ინჟინრულ-სეისმოლოგიური დაკვირვებების ჩატარებისათვის უნდა განთავსდეს ავტონომიური მარეგისტრირებელი სეისმური სადგურები. თითოეული ობიექტის ინჟინრულ-სეისმომეტრული და ინჟინრულ-სეისმოლოგიური დაკვირვებების კომპლექსები უნდა უკავშირდებოდეს სეისმური მონიტორინგის ცენტრს;

ვ) მონტაჟი, სისტემების ექსპლუატაცია და ინჟინრულ-სეისმომეტრულ, ინჟინრულ-სეისმოლოგიური დაკვირვებების და დინამიკური ტესტირების ჩატარება, უნდა განახორციელოს ელექტროსადგურის მესაკუთრემ (ექსპლუატაციის მწარმოებელმა ორგანიზაციამ);

ზ) 5 და მეტი ბალი სიძლიერის ყოველი სეისმოლოგიური ბიძგის შემდეგ, ნაგებობების დათვალიერებასთან და მისი სიმტკიცის და მდგრადობის ანალიზთან ერთად, ოპერატიულად უნდა იყოს რეგისტრირებული ნაგებობებში დადგმული ყველა სახის საკონტროლო-მზომი აპარატურის ჩვენება.

9. ჰიდროტექნიკური ნაგებობების სათავე და ძალოვან კვანძებზე უნდა დაიდგას ბაზისური და მუშა რეპერები. ძირითადი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ღერძები საიმედოდ უნდა მოინიშნონ მათი მდებარეობის მაჩვენებელი წარწერების მქონე სანიშნეებით და დაკავშირებული იყოს ბაზისურ რეპერებთან. სადაწნეო წყალსატარების ანკერულ საყრდენებზე უნდა მიეთითოს მათი გეგმის და სიმაღლის მიხედვით მდებარეობის განმსაზღვრელი ნიშნები.

სადაწნეო წყალშემღობ კაშხლებს და ჯებირებს, არხებს, გვირაბებს და წიდა-ნაცარყრილ ჯებირებს უნდა ჰქონდეთ ნიშნები, რომლებზეც პიკეტების მიხედვით აღინიშნება ნაგებობის სიგრძე, დასაწყისი, დასასრული და მოხვევის რადიუსი, აგრეთვე მიწით ან წყლით დაფარული მოწყობილობების განთავსების ადგილები.

10. საკონტროლო-გამზომი აპარატურა უნდა იყოს დაზიანებების და ყინვისგან დაცული და მკაფიოდ ნიშანდებული. შესაბამისი დასაბუთების გარეშე არ დაიშვება პიეზომეტრებიდან წყლის ამოქაჩვა.

11. გაზაფხულის წყალდიდობის დაწყებამდე - ყოველწლიურად, ცალკეულ შემთხვევებში – საზაფხულო-საშემოდგომო წყალდიდობის დროსაც, ელექტროსადგურებში ინიშნება სპეციალური კომისია. მან უნდა აწარმოოს ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობის, მათი მექანიკური და ამწემოწყობილობების დათვალიერება და წყალდიდობისთვის მზადყოფნის შემოწმება, აგრეთვე უხელმძღვანელოს წყალდიდობის წყლის გატარებას და მისი დასრულების შემდეგ – ნაგებობების ხელახლა დათვალიერებას.

12. ნაგებობების და გვირაბების პირველი დათვალიერება უნდა მოხდეს ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 წლის შემდეგ, მომდევნო – 5 წლის მერე და შემდეგ პერიოდში – აუცილებლობის მიხედვით.

წყალდიდობის გავლის შემდეგ უნდა მოხდეს წყალსაცემის, რისბერმების და კალაპოტის მიმდებარე უბნების გამოკვლევ