1. ამწევდანადგარიანი ვერტიკალური და დახრილი, მოქმედი და მშენებარე გვირაბების (ჭაური, შურფი და სხვ.) პირი არასამუშაო მხრიდან უნდა შემოიღობოს, სულ ცოტა, 2,5 მ სიმაღლის კედლით ან ლითონის ბადით, ხოლო სამუშაო მხრიდან _ ბლოკირებით და სიგნალიზაციით აღჭურვილი გისოსებით ან კარით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ჭაური, შურფი და სხვა ვერტიკალური და დახრილი გვირაბი აღჭურვილი არაა ამწევი დანადგარით, ჭაურის პირის სამაგრი გვირაბის მიმართულებით ზედაპირიდან უნდა გამოდიოდეს, სულ ცოტა, 1 მ-ით.
3. ვერტიკალური გვირაბის პირი უნდა გადაიხუროს საიმედო საკეტებიანი, სამაგრზე მტკიცედ დამაგრებული სარქვლებით ან გისოსებით. ჭაურების ზუმპფს მასში ადამიანების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად უნდა ჰქონდეს შემოღობვა.
4. ვერტიკალური გვირაბის ჰორიზონტალურთან გადაკვეთისას ადამიანების გადასასვლელად გაყვანილი უნდა იქნეს შემომვლები გვირაბი. გასასვლელის მოწყობა ნებადართულია კიბის განყოფილების ქვეშ.
5. 250-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბის პირი მის ჰორიზონტალურ გვირაბთან შეუღლების ადგილას უნდა შემოიღობოს და გადაიხუროს მტკიცე თაროთი, ჭაურის შახტის სარქვლით ან ლითონის გისოსით. ამ გვირაბის ლიკვიდაციისას მისი პირი უნდა გადაიხუროს თაროთი და შემოიღობოს.
6. ბადიებით აწევისას ჭაურების პირთან, როგორც ქვედა, ისე ზედა მიმღებ ბაქანზე მებადიეს დასაყრდნობად დაყენებული უნდა იყოს ტიხრები. თუ ვერტიკალური გვირაბის სარქვლის გასაღებად არ გამოიყენება მექანიკური ამძრავი, მებადიეს მუშაობა მცველი სარტყლის გარეშე აკრძალულია.
7. ჭაურების და შურფების კიბის განყოფილება სხვა განყოფილებებიდან იზოლირებული უნდა იყოს ფიცრის ან ლითონის ტიხრით, რომელიც გვირაბის მთელ სიგრძეზე უნდა იყოს შიდა მხრიდან მიკერებული უწყვეტად (ან არა უმეტეს 0,1 მ შუალედით).
8. ჭერის ჩამოქცევით ისეთი ფენების დამუშავებისას, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ზედაპირის რელიეფის რღვევა (ჩაქცევების წარმოქმნა) საწმენდი სამუშაოების დაწყების წინ, ზედაპირზე უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა, რომლის ირგვლივ უნდა მოეწყოს შემოღობვა და დაიკიდოს მაფრთხილებელი ნიშნები. აკრძალულია მომიჯნავე ჩანაქცევებს შორის წარმოქმნილ ყელზე ტრანსპორტის და ადამიანების გადაადგილება. წარმოქმნილი ჩანაქცევები უნდა შემოისაზღვროს და ამოივსოს.