1. დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოხეთქვის მხრივ საშიში ზონების საზღვრების დადგენა და ამ ზონებში სამთო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.

2. ფენაში, რომელიც განლაგებულია დატბორილგვირაბიანი ფენის ზემოთ და ქვემოთ, წყლის გამოხეთქვის მხრივ საშიშ ზონად უნდა ჩაითვალოს დამცავი მთელანის ზონები.

3. საბარიერო და დამცავი მთელანების საზღვრებში საწმენდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოშვების შემდეგ.

4. დატბორილი გვირაბის გამოხეთქვის მხრივ საშიშ, დაუზუსტებელი კონტურის ზონაში, მოსამზადებელ და გამჭრელ გვირაბებში საწმენდი სამუშაოები უნდა წარმოებდეს სამუშაო უბნის წინასწარი შემოფარგვლის შემდეგ.

5. საშიში ზონის საზღვრებში, ფენაში ან ფუჭ ქანში წყლის გამოშვებისათვის განკუთვნილი მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) გვირაბის გაყვანა უნდა მოხდეს ვიწრო სანგრევით, წინმსწრები ჭაბურღილების ბურღვით;

ბ) წინმსწრები ჭაბურღილის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 76 მმ-ს.

6. მაღაროს მთავარი მარკშაიდერი ვალდებულია, სამთო სამუშაოების გეგმაზე დაიტანოს საშიში ზონის საზღვრები და მაღაროს ტექნიკურ ხელმძღვანელს და უბნის უფროსს წერილობით აცნობოს ამ ზონასთან სამთო გვირაბების მიახლოების, საშიშ ზონაში სამთო სამუშაოების დაწყების და დამთავრების შესახებ.

7. მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია, საშიშ ზონებში სამთო სამუშაოების წარმოების დამტკიცებული პროექტი ხელმოწერით გააცნოს ყველა მუშაკს, რომელიც დაკავებულია ამ სამუშაოებით და ახორციელებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს.

8. საშიში ზონის ახლოს მდებარე სანგრევში, წყლის შესაძლო გამოხეთქის ნიშნების გამოვლენისას (სანგრევის შენამვა, წვეთის მომატება და სხვ.), უბნის ცვლის ზედამხედველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს მომსახურე პერსონალი დატბორვის მხრივ საშიში ყველა გვირაბიდან.

9. ჰაერში ჟანგბადის და მავნე აირების შემცველობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალისტების მიერ.

10. მიწის ზედაპირზე სამთო სამუშაოების შედეგად ხრამებში გაჩენილი ჩაქცევები უნდა ამოივსოს თიხით, დაიტკეპნოს და შესაძლო წყალდენის კალაპოტში მოეწყოს ღარი.

11. მაღაროს ვერტიკალური და დახრილი ჭაურის, შურფის, შტოლნის და ტექნიკური ჭაბურღილის პირები ისე უნდა იქნეს მოწყობილი, რომ მათი გავლით ზედაპირულმა წყალმა ვერ შეაღწიოს გვირაბებში.

12. მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად ნიადაგის დაჯდომის გამო გაუქმებული ვერტიკალური და დახრილი გვირაბების პირები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედ გვირაბებთან და შესაძლებელია დაიტბოროს ზედაპირული წყლებით, გაუქმებული გვირაბის პირის საშიში უბნის ირგვლივ, მაგრამ მისგან არა უმეტეს 20 მ-ის მანძილზე, უნდა დაყენდეს წყალდამცავი დამბა ან უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ გაუქმებულიდან მოქმედ გვირაბში წყლის შეღწევას.

კარი III გვირაბების განიავება

თავი VII. მაღაროს განიავე