1 ამწეებით დაუშვებელია ისეთი ტვირთების გადატანა, რომელთა მასაც აღემატება ამწის ნომინალურ ტვირთამწეობას.
2. ამწეების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებული მოთხოვნები.
3.აკრძალულია ტვირთების გადაადგილება იმ შენობა-ნაგებობების თავზე, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები. ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია ტვირთების გადაადგილება აღნიშნული შენობა-ნაგებობების თავზე, სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავების შემდეგ.
4. რამდენიმე ამწით ტვირთის აწევა და გადაადგილება დასაშვებია ცალკეულ შემთხვევებში. ასეთი სამუშაო უნდა შესრულდეს პროექტის ან ტექნოლოგიური რუქის შესაბამისად, სადაც მოყვანილი უნდა იყოს დაჯამბარების და ტვირთის გადაადგილების სქემები ოპერაციის შესრულების თანმიმდევრობის აღნიშვნით.
5. რამდენიმე ამწით ტვირთის აწევის და გადაადგილების დროს, თითოეულ მათგანზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს ამწეს ტვირთამწეობას. რამდენიმე ამწეთი ტვირთის გადაადგილება უნდა წარმოებდეს ამწეებით უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის უშუალო ხელმძღვანელობით.
6. ამწის მფლობელის ან საექსპლუატაციო ორგანიზაციის მიერ უნდა შემუშავდეს ტვირთების სწორად დაჯამბარების და ჩაბმის ხერხები (დაჯამბარების სქემები, დაჯამბარების და ტვირთების ჩაბმის გრაფიკული გამოსახულებები), რომლებიც შესასწავლი უნდა იყოს მეჯამბარეების მიერ.
7. ამწის მფლობელმა ან საექსპლუატაციო ორგანიზაციამ უნდა:
ა) შეიმუშაოს და სამუშაოს ჩატარების ადგილებზე გასცეს ამწეებით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროექტები, ტვირთების დასაწყობების სატრანსპორტო საშუალებების და მოძრავი შემადგენლობის დატვირთვის და განტვირთვის ტექნოლოგიური რუქები;
ბ) უზრუნველყოს მეჯამბარეები გადასაადგილებელი ტვირთების მასის და ფორმის შესაბამისი, გამოცდილი და მარკირებული ტვირთსატაცი სამარჯვებით და ტარით;
გ) უზრუნველყოს ტვირთამწეობის შემზღუდველის გამოცდა ტვირთით ამწის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში და ტვირთამწეობის შემზღუდველის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ვადებში;
დ) განსაზღვროს ტვირთების დასაწყობების მოედნები და ადგილები, აღჭურვოს ისინი აუცილებელი ტექნოლოგური აღჭურვილობით და სამარჯვებით (კასეტებით, პირამიდებით, სტელაჟებით, კიბეებით, ქვესადგამებით, ქვესადებებით, შუასადებებით და სხვა) და ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს მეამწეებს და მეჯამბარეებს უშუალოდ დასაწყობების წესის და გაბარიტების შესახებ;
ე) უზრუნველყოს ამწეებით მუშაობის ჩატარების დროს სამუშაოების წარმოების პროექტების და სხვა ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესრულება;
ვ) უზრუნველყოს სამშენებლო მოედნებზე არამუშა მდგომარეობაში მყოფი კოშკურა ამწეების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. დამკვეთისაგან სამუშაოების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გამორთოს ამწე კვების წყაროდან და მიიღოს ზომები ქარისაგან დასაცავად.
8.ამწეების ექსპლუატაციის განმახორცილებელმა ორგანიზაციებმა უნდა დააწესონ მეამწეს და მეჯამბარეს შორის სიგნალების გაცვლის წესი. შენობების და ნაგებობების 36 მ-ზე მეტ სიმაღლეზე აგებისას უნდა გამოიყენებოდეს ორმხრივი რადიო კავშირი. სიგნალის ნიშნები და სიგნალებით მიმოცვლის სისტემა რადიოკავშირის დროს შეტანილი უნდა იყოს მეამწევეების და მეჯამბრეების საწარმოო ინსტრუქციებში.
9. ამწეებით ტვირთების გადაადგილებისათვის სამუშაოს წარმოების ადგილი განათებული უნდა იყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
10. ამწის მუშაობა უნდა შეწყდეს მოცემული ამწისათვის დასაშვებზე გადამეტებული ქარის სიჩქარის დროს, თოვლის, წვიმის ან ნისლის, პასპორტში აღნიშნულზე ნაკლები ტემპერატურის და სხვა შემთხვევების დროს, როდესაც მეამწეს უძნელდება მეჯამბარის სიგნალების ან ტვირთის გადაადგილების გარჩევა.
11. ჭექა-ქუხილის დროს დაუშვებელია ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული ამწეების ექსპლუატაცია.
12. ისრიანი ამწეებით მუშაობის წარმოება 30 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ამწის ამწევი გამოსაწევი ნაწილიდან, აგრეთვე ტვირთიდან 42 ვ და მეტი ძაბვის ქვეშ მყოფი უახლოესი ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზის პროექციით მიწაზე შექმნილ ვერტიკალურ სიბრტყემდე, უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
13. ამწეებით ტვირთების გადაადგილებისას სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, ამწის მფლობელი და სამუშაოს მწარმოებელი ვალდებული არიან უზრუნველყონ სამუშაოთა შესრულება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
14. ამწის მუშაობის დროს დაუშვებელია:
ა) ამწის კაბინაში შესვლა/გამოსვლა მისი მოძრაობის დროს;
ბ) მომუშავე ისრიანი ამწის გვერდით ადამიანების ყოფნა, მათი ამწის უძრავ და მოძრავ ნაწილებს შორის, ტრავმირების თავიდან აცილების მიზნით;
გ) არამდგრად მდგომარეობაში მყოფი ან ორრქიანი კავის ერთ რქაზე დაკიდებული ტვირთის გადაადგილება;
დ) ადამიანების, ან ტვირთზე ადამიანების ყოფნისას გადაადგილება. ხიდური ტიპის ამწეებით ადამიანების გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ამწის ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებულ გამონაკლისს შემთხვევაში და მხოლოდ სპეციალურად დაპროექტებული და დამზადებული კაბინით/კალათით;
ე) მიწა დაყრილი ან მიწაზე მიყინული, სხვა ტვირთების ქვეშ მოქცეული, ჭანჭიკებით დამაგრებული ან დაბეტონებული ტვირთის, აგრეთვე ღუმელში გამყარებული ან ჩამოსხმის დროს მიდუღებული ლითონისა და წიდის აწევა;
ვ) ამწის კავით ტვირთის მიწაზე, იატაკზე ან რელსებზე ამწის კავით გათრევა სატვირთო ბაგირების დახრილი მდგომარეობის დროს, სატვირთო ბაგირების ვერტიკალური მდგომარეობის უზრუნველმყოფი მიმმართველი ბლოკების გამოყენების გარეშე;
ზ) ტვირთის განზიდვა მისი აწევის, გადადგილების და დაშვების დროს;
თ) გადასაადგილებელი ტვირთის ხელით გათანაბრება, აგრეთვე ჯამბარების გასწორება;
ი) ტვირთის ფანჯრის ღიობებში და აივნებზე მიწოდება სპეციალური მიმღები ბაქნების ან სამარჯვების გარეშე;
კ) მუშაობა გამორთული ან გაუმართავი უსაფრთხოების ხელსაწყოების და მუხრუჭების დროს;
ლ) ამწე მექანიზმების ჩართვა მისი კაბინის გარეთ ამწეზე ადამიანების ყოფნის დროს (გალერეაზე, სამანქანო სათავსში, ისარზე, კოშკზე, საპირწონეზე და სხვა). გამონაკლისი დაიშვება იმ პირებისათვის, რომლებიც ასრულებენ მექანიზმების, ელექტრომოწყობილობის და უსაფრთხოების ხელსაწყოების დათვალიერებას და რეგულირებას. ამ შემთხვევებში მექანიზმები უნდა ჩაირთოს დათვალიერების ჩამტარებელი პირის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ;
მ) ამწეთი აწეულ ტარაში (ბადია, ბაიოკი და სხვა) ჩაჯდომა ან მასში ადამიანების ყოფნა;
ნ) ისრის აწევის და დაშვების დროს მის ქვეშ ადამიანების ყოფნა.