1. ცხოველის ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების უსაფრთხოება – ცხოველის ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების შესაბამისობა ვეტერინარულ და სანიტარიულ წესებთან და ნორმებთან.

2. სასაკლაო საწარმო (ხორცკომბინატი, ფრინველკომბინატი) – შესაბამისი სამსახურის მიერ დარეგისტრირებული სამრეწველო საწარმო, რომელიც არეგულირებს ცხოველების (ფრინველების) დაკვლასა და გადამუშავებას, ხორცის პროდუქტების წარმოებას, შენახვასა და გადამუშავებას ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

3. ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება – დასკვნა მეცხოველეობის პროდუქციის გამოყენების შესახებ ვეტსანექსპერტიზის შედეგების მიხედვით.

4. ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა (ვეტ-სანექსპერტიზა, ვსე) – მეცხოველეობის პროდუქციის გამოკვლევათა კომპლექსი ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით, რომლებსაც ატარებენ შესაბამისი სამსახურები ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

5. ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება – ცხოველის (ფრინველის) ტანხორცის, შინაგანი ორგანოებისა და დაკვლის სხვა პროდუქტების თანმიმდევრული გამოკვლევის სქემა.

6. ხორცის ვეტერინარული დადამღვა – ვეტერინარული დამღის ანაბეჭდის დადება ტანხორცზე, ნახევარტანხორცზე, მეოთხედზე, ლივერზე და დაკვლის სხვა პროდუქტებზე მათი ვეტსანექსპერტიზის ჩატარების შემდეგ.

7. ვეტერინარული მოწმობა (ვეტერინარული სერტიფიკატი) – დადგენილი ფორმის თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარული სამსახურის მიერ მოქმედი წესების შესაბამისად მუნიციპალიტეტის (ქალაქის) ფარგლებს გარეთ გადასაზიდ სახვეტზედამხედველობის კონტროლქვემდებარე ტვირთების პარტიაზე.

8. ვეტერინარული ცნობა – დადგენილი ფორმის თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარული სამსახურის მიერ მოქმედი წესების შესაბამისად მუნიციპალიტეტის (ქალაქის) ფარგლებში გადასაზიდ სახვეტზედამხედველობის კონტროლქვემდებარე ტვირთებზე.

9. ვეტერინარული კონფისკატები – ცხოველის დაკვლის პროდუქტები, რომლებიც ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შედეგებით მიჩნეულია საკვებად უვარგისად.

10. ვეტერინარული წესები და ნორმები (შემდგომში – ვეტერინარული წესები) – ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადგენენ ვეტერინარულ და ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს (მათ შორის, უსაფრთხოების ვეტერინარულ-სანიტარიულ ნორმატივებს), რომელთა შეუსრულებლობა ქმნის ცხოველთა, მათ შორის, ცხოველებისა და ადამიანისათვის საერთო დაავადებების და საკვებისმიერი მოწამვლის (დაზიანების) წარმოქმნა-გავრცელების საშიშროებას.

11. ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი ობიექტების, შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობის კონტროლქვემდებარე ტვირთებისა და მათ გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ვეტერინარული წესებისადმი შესაბამისობას (შეუსაბამობას).

12. შინაგანი ორგანოები – ტანხორციდან ამოღებული გული, ფილტვები ტრაქეა, ღვიძლი, თირკმლები, საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავები, ელენთა, შარდსასქესო ორგანოები.

13. იძულებითი დაკვლა – ავადმყოფი ცხოველების დაკვლა ვეტერინარი სპეციალისტის მითითებითა და კონტროლის ქვეშ ცხოველების დაცემის თავიდან აცილების მიზნით ან მათი მკურნალობის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო.

14. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობა – საქმიანობა ვეტერინარული კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაჩენად და აღსაკვეთად ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ცხოველებისა და ადამიანის დაავადებისაგან დაცვის მიზნით.

15. დეზინფექცია – ღონისძიება, რომელიც მიმართულია პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების მოსასპობად და ხელს უწყობს ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკას.

16. მეცხოველეობის პროდუქცია – ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანისა და ცხოველების საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და სამრეწველო გამოყენებისათვის.

17. ტანხორცის გასუფთავება – ტანხორცის შიგნითა და გარეთა ზედაპირებიდან შინაგანი ორგანოების ნარჩენების, სისხლის შენადედების, დიაფრაგმის, ტყავის ნარჩენების, დაბეჟილობების, აბსცესების, ჭუჭყის მოცილება.

18. იზოლატორი – სასაკლაო საწარმოს ცხოველთა ბაზის იზოლირებული სათავსი ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო საკლავი ცხოველების განსათავსებლად შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებით იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე წესებით.

19. პირუტყვის კარანტინი – ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირუტყვის დაყოვნება (გაჩერება) დაავადების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გატარებით.

20. საკარანტინო ეზო (საკარანტინო სათავსო) – სასაკლაო საწარმოს ცხოველთა ბაზის იზოლირებული სათავსო (ეზო).

21. ცხოველური წარმოშობის საკვები ფქვილი – ვეტსანზედამხედველობის მიერ საკვებ ფქვილად გადასამუშავებლად დაშვებული, არასასურსათო ცილოვანი ნარჩენებისაგან, კონფისკატებისაგან, დაბალი კვებითი ღირებულების სუბპროდუქტებისაგან, ცხოველთა ლეშებისაგან მიღებული პროდუქტი.

22. ლივერი – ტანხორციდან ამოღებული გული, ფილტვები, ტრაქეა, ღვიძლი, დიაფრაგმა მათი ბუნებრივი ურთიერთკავშირის დაურღვევლად. ღორების ტანხორციდან, გარდა ამისა, იღებენ ენას, ხახასა და ხორხთან ერთად.

23. ხორციანი ნახევარფაბრიკატები – კულინარიული დამუშავებისათვის მომზადებული ხორციანი პროდუქტები.

24. ხორციანი პროდუქტები (ხორცპროდუქტები) – ხორცის ტექნოლოგიური გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები.

25. ხორცი – ტანხორცი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კუნთოვანი, ცხიმოვანი, შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების (ან მათ გარეშე) ერთობლიობას.

26. ხორცის გადამამუშავებელი საწარმო – სამრეწველო საწარმო, რომელიც ახორციელებს ხორცისა და ცხოველთა დაკვლის სხვა პროდუტების გადამუშავებას, ხორცის პროდუქტების წარმოებას, შენახვასა და რეალიზაციას ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

27. ნორმატიული დოკუმენტები – სახელმწიფო სტანდარტები, სანიტარიული და ვეტერინარული წესები და ნორმები, რომლებიც ადგენენ მოთხოვნებს საკვები პროდუქტების, მასალებისა და ნაწარმების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი, მათი ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის, დამზადების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და გამოყენების, უხარისხო, საშიში კვების პროდუქტების, მასალებისა და ნაწარმის უტილიზაციის ან განადგურების პირობებისადმი.

28. გაუვნებლება – ცხოველთა დაკვლის პროდუქტების სანიტარიულ-ტექნიკური დამუშავება (მოხარშვა, დამარილება, გაყინვა და ა.შ.), რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ადამიანისა და ცხოველებისათვის.

29. მეცხოველეობის პროდუქციის მიმოქცევა – განზოგადებული ცნება საქმიანობისა, რომელიც მოიცავს ცხოველების დაკვლას, თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვას (ჭერას), მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებას, გადამუშავებას, წარმოებას, შენახვას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.

30. ცხოველის (ფრინველის) მოწამვლა – ცხოველის (ფრინველის) დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ანთროპოგენური ან ბუნებრივი წარმოშობის შხამებისა და ტოქსინების მოხვედრით.

31. ცხოველების პარტია – ერთი სახის ცხოველების ნებისმიერი ოდენობა ერთდროულად მიყვანილი სასაკლაო საწარმოში ერთი სატრანსპორტო საშუალებითა და დადგენილი ფორმის დოკუმენტების თანხლებით.

32. სამამულო წარმოების პროდუქციის პარტია – ერთ საწარმოში ერთ ცვლაში დამზადებული ერთგვაროვანი პროდუქციის ნებისმიერი რაოდენობა, რომელსაც თან ახლავს დადგენილი ფორმის ვეტერინარული დოკუმენტები.

33. იმპორტული წარმოშობის პროდუქციის პარტია – ერთგვაროვანი პროდუქტის ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც ერთდროულად არის შემოტანილი ერთი სახეობის ტრანსპორტით და თან ახლავს დოკუმენტების ერთი კომპლექტი (ვეტმოწმობა, ხარისხის მოწმობა).

34. ნახევარტანხორცი – ტანხორცის ორი ნახევრიდან თითოეული, სიმეტრიულად გაყოფილი ხერხემლის გასწვრივ.

35. დაკვლისწინა გაჩერება – ცხოველების შენახვა დაკვლის წინ კვების გარეშე გარკვეული დროის განმავლობაში კუჭნაწლავის ტრაქტის შიგთავსისაგან განთავისუფლების მიზნით.

36. ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარიული შემოწმება _ ცხოველების კლინიკური მდგომარეობის გარეგანი გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ვეტერინარი ექიმი (ვეტერინარი ფერშალი) დაკვლის წინ.

37. ადამიანების საკვებად განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – ხორცი, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, ხორცის პროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები.

38. ფარმაცევტიკაში გამოსაყენებლად განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების დასამზადებლად.

39. სამრეწველო გამოყენებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – ტყავი, ბეწვი, მატყლი, თმა, ჯაგარი, ბუმბული, რქები და ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები, აგრეთვე რძის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია მრეწველობაში გამოსაყენებლად.

40. სამრეწველო გადამუშავება – სასაკლაო ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად ხორცის ნედლეულისგან ხორცის პროდუქტების (ძეხვის ნაწარმის, შაშხეულის, კონსერვების) წარმოება.

41. სანიტარიული სასაკლაო – მეურნეობაში ან სასაკლაო საწარმოში იზოლირებული სათავსების კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო, აგრეთვე გაურკვეველი ეტიოლოგიის ავადმყოფობით დაავადებული ცხოველების გადასამუშავებლად.

42. ცხოველთა ბაზა _ განცალკევებული სათავსი (მოედანი) სასაკლაო საწარმოს ტერიტორიაზე საკლავი ცხოველების მისაღებად, განსათავსებლად, ვეტერინარიული შემოწმებისათვის, დასახარისხებლად და დასასვენებლად.

43. სია „ა” _ სია გადამდები დაავადებებისა, რომლებსაც აქვს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი და შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ან რომლებიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და დიდად მნიშვნელოვანი – ცხოველებითა და მეცხოველეობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.

44. სია „ბ” – სია გადამდები დაავადებების, რომლებსაც აქვს სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა და (ან) რომლებიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ქვეყნის ფარგლებში და მნიშვნელოვანი – ცხოველებითა და მეცხოველეობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობაში..

45. სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები, რომლებიც მიიღება პირუტყვის გადამუშავებისას. იყოფა ხორციან (ლივერი, ტვინი, ენა, ელენთა, თირკმლები, ცური, საყლაპავის ხორცი, ხორცის ჩამონაჭრები), ლორწოვან (ფაშვი ბადურით, საქონლისა და ცხვრის მაჭიკი, საქონლის წიგნარა, ღორისა და ცხენის კუჭები), ხორცძვლიან (თავები და კუდები ღორების გარდა) და ბეწვიან (ღორის და ცხვრის თავები ტყავიანად, ღორის კუდები, საქონლისა და ღორის ფეხები, საქონლისა და ცხენის საბორკილე სახსარი და ტუჩები, ყურები) სუბპროდუქტებად.

46. ტანხორცი (ფეშხო) – ხორცი ძვლებზე, რომელიც მიიღება ცხოველის დაკვლისას გატყავების, შინაგანი ორგანოების ამოღების, თავისა და ფეხების მოცილების შემდეგ. ღორის ტანხორცი შეიძლება იყოს ტყავში, თავიანად და უკანა ფეხებით.

47. ფრინველის ტანხორცი – დაკლული და სისხლისაგან დაცლილი ფრინველი, რომლისგანაც მოცილებულია ფრთა-ბუმბული.

48. გამოუშიგნავი ფრინველის ტანხორცი – ფრინველის ტანხორცი მოუცილებელი შინაგანი ორგანოებით, თავითა და კიდურებით.

49. ნახევრად გამოშიგნული ფრინველის ტანხორცი – ფრინველის ტანხორცი მოცილებული ნაწლავებით.

50. გამოშიგნული ფრინველის ტანხორცი – ფრინველის ტანხორცი, რომელსაც მოცილებული აქვს ყველა შინაგანი ორგანო, თავი კისრის მეორე მალაზე, ფეხები საჭენებელ სახსარზე, კისერი (უტყავოდ).

51. საკლავი ცხოველი (ფრინველი) – გადასამუშავებლად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ცხოველი (ფრინველი).

52. სასაკლაო პუნქტი – ცხოველების გადასამუშავებლად მოწყობილი სათავსი (დამოუკიდებელი ან მეურნეობაში), რომელიც პასუხობს ვეტერინარულ და სანიტარიულ მოთხოვნებს.

53. განადგურება – ცხოველების ლეშებისა და კონფისკატების დაწვა ან ბიოთერმულ ორმოებში ჩამარხვა.

54. უტილიზაცია – ცხოველების ლეშებისა და ვეტერინარული კონფისკატების გადამუშავება უვნებელ ტექნიკურ და საკვებ პროდუქტებად.

55. მაცივარი (მაცივარკომბინატი) – მეცხოველეობის პროდუქციის დაბალ ტემპერატურაზე შესანახად განკუთვნილი საწარმო, რომლის აღჭურვილობა და ფუნქციონირება პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებ