1. საკლავი ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნებიან: მსხვილფეხა პირუტყვი (მათ შორის, იაკი, კამეჩი), ღორი, ცხვარი, თხა, ირემი, ცხენი, ვირი, ჯორი, აქლემი, ბოცვერი, ნუტრია, ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი და მწყერი.

2. დაუშვებელია დაავადებული ცხოველების სახორცედ დაკვლა ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის ვეტერინარ ექიმთან შეთანხმების გარეშე.

3. სახორცედ დასაკლავად დაიშვება:

ა) ჯანმრთელი ცხოველები;

ბ) ავადმყოფი ან გადამდებ სნეულებებზე საეჭვო, აგრეთვე დაღუპვის საფრთხის ქვეშ მყოფი (ტრავმები, დამწვრობები, რადიოაქტიური დასხივება, მოტეხილობები და სხვა) ცხოველები წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) შემდეგი გადამდები სნეულებებით დაავადებული ცხოველები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოწუნებას: მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ტუბერკულოზი (კლინიკურად ავადმყოფები და ტუბერკულინზე დადებითად მორეაგირენი), ბრუცელოზი (კლინიკურად ავადმყოფები და სეროლოგიური ან ალერგიული გამოკვლევებისას დადებითად მორეაგირენი), ყოჩების ინფექციური ეპიდიდიმიტი, მსხვილფეხა პირუტყვის ლეიკოზი, ცხენების ინფექციური ანემია, ცხენების ინფექციური ენცეფალომიელიტი, ღორების კლასიკური ჭირი, ქათმების პასტერელოზი (ქოლერა), ფრინველის ყვავილდიფტერიტი, ფრინვე-ლის ინფექციური ლარინგოტრაქეიტი;

გ.ა) ამ ცხოველების დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი და სხვა პროდუქტები გამოიყენება წინამდებარე წესების, აგრეთვე აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის მოქმედი წესებისა და ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ.ბ) ამ დაავადებების (გარდა ტუბერკულოზისა და ბრუცელოზისა) პირველი შემთხვევების გამოვლინებისას ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის ან მისი მოადგილის მითითებით ავადმყოფი ცხოველები შეიძლება განადგურდნენ ისე, რომ მათი ხორცი და დაკვლის სხვა პროდუქტები არ იქნეს გამოყენებული საკვებად.

4. აკრძალულია ცხოველთა სახორცედ დაკვლა და განადგურებას ექვემდებარებიან:

ა) ჯილეხით (ციმბირული წყლულით), ემფიზემური კარბუნკულით, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირით, ღრუბლისებური ენცეფალოპათიით, აქლემის ჭირით, ცოფით, გაშეშებით, ავთვისებიანი შეშუპებით, ბრადზოტით, ენტეროტოქსეემიით, ცხვრის სკრეპით, ცხვრის კატარული ცხელებით (ბლუტანგით), ღორების აფრიკული ჭირით, ტულარემიით, ბოტულიზმით, ქოთაოთი, ეპიზოოტიური ლიმფანგოიტით, ერთჩლიქიანების აფრიკული ჭირით, მელიოიდოზით (ცრუ ცოფით), ბოცვრების მიქსომატოზითა და ჰემორაგიული დაავადებით, ფრინველის გრიპით, ორნითოზითა და ნიუკასლის დაავადებით, წვრილ მცოხნავთა ჭირით, რიფტის ველის ცხელებით, ჰიდროპერიკარდიტით, თხის ართრიტენცეფალიტით, ცხენების კონტაგიოზური მეტრიტით, ცხენების დაგრილების დაავადებითა და ვირუსული ართრიტით, ცხენების ვენესუელური ენეცეფალომიელიტით, იაპონური ენცეფალიტით, თურქულით (დაავადების პირველი შემთხვევებისას კეთილსაიმედო ადგილებში) დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველები;

ბ) აგონიის მდგომარეობაში მყოფი მყოფი ცხოველები. აგონიის მდგომარეობას ადგენს ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის ვეტერინარი ექიმი;

5. აკრძალულია სასაკლაო საწარმოში გაიგზავნოს:

ა) ჯილეხის (ციმბირული წყლულის) საწინააღმდეგო შრატით ნამკურნალევი ცხოველები მკურნალობიდან 14 დღის გასვლამდე; ვაქცინირებული ცხოველები ვაქცინების გამოყენების დარიგებებში მითითებული ვადების გასვლამდე. იძულებით შემთხვევებში ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის ვეტერინარი ექიმის ნებართვით ცხოველებს კლავენ აცრაზე რეაქციის (გართულების) არარსებობისას და სხეულის ნორმალური ტემპერატურის პირობებში;

ბ) 14 დღეზე ნაკლები ასაკის ცხოველები;

გ) კენტჩლიქიანები (ცხენი, ვირი, ჯორი და სხვა), რომელთაც არ ჩატარებიათ მალეინიზაცია;

დ) ცხოველები ავადმყოფობის დაუდგენელი დიაგნოზით, რომელთაც აქვთ სხეულის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა;

ე) ცხოველები, რომლებმაც მიიღეს ანტიბიოტიკები, ანტჰელმინთიკები და სხვა პრეპარატები სამკურნალო და (ან) პროფილაქტიკური მიზნით იმ ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია მათი გამოყენების შესახებ დარიგებებში;

ვ) პესტიციდებით დამუშავებული ცხოველები იმ ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია მათი გამოყენების შესახებ დარიგებებში;

ზ) ცხოველები – 30 დღის, ხოლო ფრინველი – 10 დღის გასვლამდე მათთვის თევზის, თევზის ნარჩენებისა და თევზის ფქვილის უკანასკნელად მიცემიდან;

თ) ცხოველები, რომლებსაც შეყვანილი ჰქონდათ ჰორმონალური პრეპარატები ორგანიზმიდან მათი სრული გამოსვლის ვადის ამოწურვამდე, რომელიც მითითებულია მათი გამოყენების შესახებ დარიგებებში;

ი) ფრინველი, რომელსაც აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: აბურძგნული ბუმბული; ბიბილოს, თავის სინუსებისა და სახსრების შესივება; გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, პირიდან; ფაღარათი; გამონაყარი ბიბილოსა და საყურეებზე. ასეთ ფრინველს კლავენ და გადაამუშავებენ იმ მეურნეობაში, სადაც ისინი გამოზარდეს.

6. ცხოველების დამზადება და დასაკლავად გაყვანა სასაკლაო საწარმოებში დაიშვება მხოლოდ სახელმწიფო ვეტსანზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობის (ფორმა №1) ან ცნობის თანხლებით, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველები გამოდიან განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ადგილებიდან.

7. სასაკლაო საწარმოში გაგზავნის წინ ცხოველებს მეურნეობაში უტარდება ვეტერინარიული შემოწმება ამორჩევითი თერმომეტრიით ვეტერინარი ექიმის (ფერშლის) შეხედულებისამებრ. გადარჩეულ ცხოველებს გამოაცალკევებენ საერთო სულადობიდან და ამზადებენ ჩასატვირთად და სასაკლაო საწარმოში ტრანსპორტირებისათვის.

8. ცხოველები დასაკლავად უნდა გაიგზავნონ არაუგვიანეს 5 საათისა სასაკლაო საწარმოში მიღებიდან. მეურნეობაში მათ აჩერებენ საკვების მიუცემლად: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს, აქლემებსა და ირმებს – არანაკლებ 15 საათის, ღორებს – 5 საათის, ბოცვერებსა და ნუტრიებს – 12 საათის განმავლობაში.

9. დასაკლავად გაგზავნის წინ მეურნეობაში ფრინველს აჩერებენ საკვების გარეშე (ტრანსპორტირების დროის გათვალისწინებით): ქათმებს, წიწილებს, ციცრებს, ინდაურებს, მწყერებს – 8, იხვებსა და ბატებს – 6 საათის განმავლობაში. ფრინველი მეურნეობაში დაკვლისწინა გაჩერების გარეშე დასაკლავად არ იგზავნება.

10. მეურნეობაში ცხოველების დაკვლისწინა გაჩერების ვადა მითითებული უნდა იყოს სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებში.

11. თუ ცხოველების დაკვლისწინა გაჩერება არ მოხდა მეურნეობაში, მაშინ ეს ხდება სასაკლაო საწარმოში ზემოთ აღნიშნულ ვადებში.

12. ცხენების, ვირების, ჯორებისა და აქლემების დაკვლისწინა გაჩერების ხანგრძლივობა სასაკლაო საწარმოში უნდა იყოს არანაკლებ 24 საათისა (მალეინიზაციის შედეგებამდე).

13. ცხოველებს, რომლებსაც აქვთ დაღლილობის ნიშნები, ასვენებენ 48 საათის განმავლობაში, კვებავენ და არწყულებენ, ხოლო შემდგომში მათ ექცევიან ისევე, როგორც ზემოთ არის აღნიშნული.

14. ხბოებსა და გოჭებს დასაკლავად აგზავნიან მათი მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

15. დასაკლავად გასაგზავნი ცხოველების თითოეულ პარტიაზე გაიცემა ვეტერინარიული მოწმობა ფორმა №1 (რაიონის ფარგლებში – ვეტერინარიული ცნობა) მოწმობის (ცნობის) ფორმით გათვალისწინებული ყველა მონაცემის ჩვენებით, მათ შორის, მონაცემებისა გეგმური დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და გადამდები დაავადებების მიმართ ცხოველების კეთილსაიმედოობის შესახებ, აგრეთვე ანტიბიოტიკების, ჰორმონალური და მასტიმულირებული პრეპარატების გამოყენების უკანასკნელი თარიღებით.

16. შემდგომი გამოზრდისა და სუქებისათვის გამოუსადეგარ, ტრავმული დაზიანებების მქონე, არაგადამდები დაავადებებით ავადმყოფ, მაგრამ სხეულის ნორმალური ტემპერატურის მქონე ცხოველებს დასაკლავად აგზავნიან ცალკე პარტიებად.

17. ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე, ლეიკოზზე, ლეპტოსპიროზზე, ლისტერიოზზე გამოკვლევისას დადებითად მორეაგირე, კლასიკური ჭირით, ერიზიპელოიდით (წითელი ქარით) დაავადებული ღორებისა და სხვა ისეთი ავადმყოფობებით დაავადებული ცხოველების, რომელთა გამოვლინების შემთხვევებში ხორცი გაუვნებლების შემდეგ დაიშვება საკვებად გამოსაყენებლად, ხორცკომბინატში გაგზავნა შეიძლება მხოლოდ შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისი სამსახურივე ადგენს გადაყვანის წესებსა და შესაბამის ვეტერინარიულ-სანიტარიულ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია დავიცვათ ცხოველე-ბის ტრანსპორტირების, დაკვლისა და გადამუშავების დროს.

18. სასაკლაო საწარმოში ცხოველები მიჰყავთ ნებისმიერი ტრანსპორტით ან გადარეკვით მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

აკრძალულია ერთი სატრანსპორტო საშუალებით ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების (ფრინველის) გადაყვანა.

19. მეურნეობის ვეტერინარი ექიმი აკონტროლებს დასაკლავი ცხოველების დამზადების, ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის წესს. გადმოტვირთვის დამთავრების, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადების გაფორმებისა და მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტიდან ცხოველები ითვლებიან მიღებულად და პასუხისმგებლობას მათ შენახვაზე იღებს ხორცკომბინატი (სასაკლაო).

20. სასაკლაო საწარმოში ცხოველების პარტიის შემოსვლისთანავე ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის ვეტერინარი ექიმი ამოწმებს ვეტერინარული მოწმობის (ვეტერინარული ცნობის) გაფორმების სისწორეს, აგრეთვე ცხოველთა ვეტერინარულ დოკუმენტში აღნიშნული რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივთან, შემდეგ იძლევა მითითებებს ცხოველების გადმოტვირთვისა და საწარმოს ბაზებზე მათი განლაგების წესის შესახებ, ატარებს სულადობრივ ვეტერინარულ შემოწმებას (აუცილებლობის შემთხვევაში _ თერმომეტრიასაც) და აწესებს ვეტერინარულ დაკვირვებას ამ ცხოველებზე

21. სასაკლაო საწარმოში შემოსულ ფრინველს მიღების შემდეგ გზავნიან დასაკლავად. მისი 12 საათზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში ატარებენ განმეორებით ვეტერინარულ შემოწმებას (დაკვლის წინ).

22. ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები ექვემდებარებიან განმეორებით შემოწმებასა და გამოკვლევას ქოთაოზე (ერთჯერადი ოფთალმომალეინიზაციის მეთოდით ან სისხლის შრატის ანალიზით აგლუტინაციის პლასტიკური რეაქციით).

23. მალეინზე მორეაგირე ცხოველები ექვემდებარებიან მოსპობას, ხოლო სისხლის შრატის გამოკვლევისას აგლუტინაციის რეაქციით დადებითად მორეაგირეებს დიაგნოზის დასაზუსტებლად იკვლევენ კანქვეშა მალეინური სინჯის გამოყენებით. კანქვეშა მალეინური სინჯის უარყოფითი შედეგებისას ცხოველებს თვლიან კეთილსაიმედოდ ქოთაოს მიმართ და გზავნიან დასაკლავად.

24. სასაკლაო საწარმოში ცხოველების წინასწარი მალეინიზაციის გარეშე დაკვლის ყველა პროდუქტს გზავნიან უტილიზაციაში.

25. პარტიას, რომელშიც აღმოჩენილია გადამდები დაავადებებით ავადმყოფი, აგონიურ მდგომარეობაში მყოფი, იძულებით დაკლული ცხოველები და ლეშები, ან ცხოველთა ვეტერინარულ მოწმობაში (ვეტერინარულ ცნობაში) აღნიშნულთან შეუსაბამო რაოდენობა, აკარანტინებენ დიაგნოზის ან შეუსაბამობის მიზეზების დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი დღეღამისა.

26. სატრანსპორტო საშუალებებში აღმოჩენილ ცხოველების ლეშებს არ ჩამოტვირთავენ. დაღუპული ცხოველების ჯილეხით (ციმბირული წყლულით) დაავადებების ვერსიის გამორიცხვის შემდეგ მათ ლეშებს გზავნიან საუტილიზაციოდ სახვეტზედამხედველობის ორგანოების მიერ მითითებულ ადგილებში. ლეშები საუტილიზაციოდ გადააქვს პირუტყვის მოცემული პარტიის მფლობელს სახვეტზედამხედველობის ორგანოების კონტროლქვეშ.

27. სასაკლაო საწარმოები ვალდებულნი არიან მიიღონ ცხოველები, არაუგვიანეს 2 საათისა მათი მოყვანიდან. მიღებულ პირუტყვს ჯგუფებად (მეურნეობებისა და მფლობელების მიხედვით) ათავსებენ შესარეკებში. ზრდასრულ დაუკოდავ მამრებს (ბუღები, კერატები, ულაყები) განათავსებენ თითო-თითოდ.

28. დასაკლავად შემოსული ცხოველების გაყვანა და გატანა ხორცკომბინატებისა და ფრინველკომბინატების ტერიტორიებიდან აკრძალულია.

29. ტუბერკულოზზე, ბრუცელოზზე გამოკვლევისას დადებითად მორეაგირე ცხოველების დასაკლავად მიყვანისას, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ავადმყოფი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველების (ფრინველების) დაკვლა ნებადართულია ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის მოქმედი ინსტრუქციებითა და წინამდებარე წესებით, მათ იღებენ ცალკე ჯანმრთელი ცხოველებისაგან და გზავნიან სანიტარიულ სასაკლაოზე. სანიტარიული სასაკლაოს უქონლობისას ასეთ ცხოველებს კლავენ საწარმოს დასაკლავ საამქროში ცვლის ბოლოს ან ცალკე დანიშნულ დღეს.

30. ცხოველების დაკვლის დამთავრების შემდეგ ატარებენ დეზინფექციას მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

31. გზაში ან სასაკლაო საწარმოში მიღებისას ჯილეხით (ციმბირული წყლულით) დაავადებული ცხოველების გამოვლენის შემთხვევაში მთლიან პარტიას უტარებენ ვეტერინარულ შემოწმებასა და სულადობრივ თერმომეტრიას.

32. დაავადების ნიშნების არმქონე და სხეულის ნორმალურ ტემპერატურიან მსხვილფეხა პირუტყვს, ცხვარს, თხას, აქლემს, ცხენს, ირემს აკარანტინებენ, უკეთებენ მათ ჯილეხის საწინააღმდეგო შრატს პროფილაქტიკური დოზით და აწესებენ მათზე ვეტერინარიულ ზედამხედველობას ყოველდღიური თერმომეტრიით ვეტერინარი ექიმის შეხედულების მიხედვით. იმუნიზაციიდან სამი დღე-ღამის გასვლის შემდეგ დაკარანტინებულ პირუტყვს უტარებენ სულადობრივ თერმომეტრიას და სხეულის ნორმალური ტემპერატურის მქონე ცხოველებს გზავნიან სანიტარიულ სასაკლაოზე. ღორებს დაავადების კლინიკური ნიშნების გარეშე და სხეულის ნორმალური ტემპერატურით ასევე გზავნიან სანიტარიულ სასაკლაოზე.

33. დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე ყველა სახის ცხოველებს დაუყოვნებლივ ათავსებენ იზოლატორში და მკურნალობენ. თუკი მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ მათი სხეულის ტემპერატურა ნორმალური იქნება, ცხოველებს გზავნიან სანიტარიულ სასაკლაოზე.

34. ჯილეხით დაავადების ან დაცემის შემთხვევების დადგენისას იმ ცხოველებში, რომლებიც უკვე იმყოფებიან დაკვლისწინა შესანახ ბაგებში ან მიწოდებულნი არიან დასაკლავად, იქცევიან ისე, როგორც ამავე მუხლის 31-ე, 32-ე და 33-ე პუნქტებშია აღნიშნული.

35. სასაკლაო საწარმოში მსხვილფეხა პირუტყვის ემფიზემური კარბუნკულით დაავადების ან ამ ავადმყოფობით ცხოველების დაცემის შემთხვევაში ამ პარტიის ყველა ცხოველს უტარდება ვეტერინარიული შემოწმება. ცხოველებს დაავადების კლინიკური ნიშნების გარეშე და სხეულის ნორმალური ტემპერატურით გზავნიან დაუყოვნებლივ დასაკლავად ცალკე პარტიად, ხოლო ავადმყოფებს ათავსებენ იზოლირებულად და მკურნალობენ. გამოჯანმრთელებულ ცხოველებს აჩერებენ 14 დღე-ღამის განმავლობაში სხეულის ნორმალური ტემპერატურის დადგომის მომენტიდან და შემდეგ გზავნიან დასაკლავად.

36. სასაკლაო საწარმოში მოყვანილი ცხოველების პარტიაში თურქულით დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველების აღმოჩენისას ცხოველების მთლიან პარტიას დაუყოვნებლივ გზავნიან სანიტარიულ სასაკლაოზე დასაკლავად. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პირუტყვის სანიტარიულ სასაკლაოზე გადამუშავება, მაშინ კლავენ საერთო დასაკლავ დარბაზში.

37. იმ შემთხვევაში, თუ სასაკლაო საწარმოში მოიყვანეს თურქულმოხდილი ცხოველები, რომლებიც გამოყვანილნი არიან მეურნეობიდან კარანტინის მოხსნიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე ცხოველები, რომლებიც აცრილები იყვნენ თურქულის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინით და გაიგზავნენ დასაკლავად ვაქცინაციიდან 21 დღის განმავლობაში, ასეთ ცხოველებს გზავნიან დასაკლავად ცალკე პარტიებად.

38. მეურნეობაში თურქულმოხდილი ცხოველის დაავადების მოხდიდან 3 თვის ვადის გასვლამდე ან თურქულის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველის ვაქცინაციიდან 21 დღის გასვლამდე დაკვლისას ტანხორცსა და დაკვლის სხვა პროდუქტებს იყენებენ მოცემული მეურნეობის შიგნით.

39. არ დაიშვება საკვებად გამოსაყენებლად ხანძრის, სატრანსპორტო ავარიებისას დაღუპული, ელვით, ელექტროდენით მოკლული, გაყინული, დამხრჩვალი და ა.შ. არც ერთი სახის შინაური და სარეწაო (გარეული) ცხოველების ხორცი. ასეთი ცხოველების ტანხორცი ექვემდებარება უტილიზაციას ან (თუ ცხოველი გახრწნილი არ არის) მოხარშვის შემდეგ შეიძლება დაიშვას ღორებისა და ფრინველის, აგრეთვე მხეცების საკვებად სალმონელების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში სხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელების არსებობაზე სავალდებულო ბაქტერიოლოგიური გამოკლევის შემდე