1. გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სინჯების აღების არეალი – სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი, რომელიც განთავსებულია ერთ მოცემულ ტერიტორიაზე ან ერთ კონკრეტულ ფერმერულ მეურნეობაში;
ბ) სინჯების აღების ფართობი – ერთი კულტურით გაშენებული ფართობი;
გ) სინჯების აღების სქემა – კულტურის განვითარების სტადიების მიხედვით, სინჯების აღებისათვის, საკონტროლო წერტილებისა და ვადების განსაზღვრისათვის შემუშავებული გეგმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოყენების რეგლამენტით განსაზღვრულ ლოდინის პერიოდს;
დ) ფხვიერი მასალა – მშრალი მასალა, ისეთი როგორიცაა მარცვალი, გრანულირებული ან კონცენტრირებული ცხოველის საკვები;
ე) თივისმაგვარი მასალა – მასალა, რომელსაც ბოჭკოვანი სტრუქტურა აქვს და მისი ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან არის შეკავშირებული;
ვ) ცალობითი (ერთეული) მასალა – მასალა, რომელიც შედგება ცალკეული ერთეულებისაგან – ჭარხალი, კომბოსტო, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა;
ზ) სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი – მცენარეული წარმოშობის პროდუქციის სიმწიფის სტადია, რომელშიც ის იკრიფება, ანუ პროდუქციის სასაქონლო სიმწიფის (რომელიც დგება უფრო ადრე ვიდრე ბიოლოგიური სიმწიფე) სტადიაში მყოფი მცენარეული პროდუქტი;
თ) პარტია – ნებისმიერი რაოდენობის ერთგვაროვანი ხარისხის ერთდროულად მიწოდებული პროდუქტი, რომელსაც გააჩნია წარმოშობის, სახეობის, მწარმოებლის, დამფასოებლის, დაფასოების ტიპის, მარკირების და სხვ. ერთნაირი მახასიათებლები და თან ერთვის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამსახველი ერთი დოკუმენტი;
ი) შეფუთვის ერთეული – ჭურჭელი, ყუთი, კასრი, ავტოცისტერნა და შეფუთვის სხვა სახეები, რომლებიც შეესაბამებიან ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნორმებს;
კ) ამოღება – პროდუქტის მცირე რაოდენობა რომელიც ამორჩეულია პარტიიდან ერთჯერზე ან ნიადაგიდან ერთ წერტილში საწყისი ნიმუშის შესადგენად;
ლ) ამორჩევა – საწყისი ნიმუშის შედგენის მიზნით შეფუთვის თითოეული ერთეულიდან (ყუთიდან, კასრიდან) ან პროდუქციის შეუფუთავი შტაბელიდან ერთჯერადად აღებული კონსერვირებული სურსათის/ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა;
მ) საწყისი ნიმუში – პარტიიდან ან ნიადაგის გარკვერული ფართობიდან შერჩეული ყველა ამოღების და ამორჩევის შერწყმა;
ნ) ერთჯერადი სინჯი – სინჯი, რომელიც აღებულია პროდუქციის ან შეფუთვის ყოველი ცალკეული ერთეულიდან (ცხვრის, ძროხის და სხვა საკლავი საქონლისა და ფრინველის სხვადასხვა სახეობის ხორცი);
ო) საერთო სინჯი – ერთჯერადი სინჯების შერწყმა;
პ) საშუალო სინჯი – საერთო სინჯი, რომელიც მიიღება ერთჯერადი სინჯების გულდასმითი შერევის ან საჭიროების შემთხვევაში მათი გადადნობის შემდეგ;
ჟ) საშუალო ნიმუში – საწყისი ნიმუშის ან საშუალო სინჯის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ხარისხის განსაზღვრისათვის. სურსათის-ცხოველის საკვებში მცირე პარტიის ან ნიადაგის პატარა ფართობის შემთხვევაში საწყისი ნიმუში ან საშუალო სინჯი ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს საშუალო ნიმუშად;
რ) კონვერტის მეთოდი – საწყობის ფართობის გათვალისწინებით ფხვიერი ან ცალობითი მასალიდან (რომელიც ინახება ნაყარის სახით), ხუთ წერტილში (ცენტრში და ოთხივე კუთხეში), სინჯის აღების ერთჯერადი, ორჯერადი და სამჯერადი კონვერტის ხერხი (ნახატი 1,2,3);
ს) კვარტირების მეთოდი – საწყისი ნიმუშიდან საშუალო ნიმუშის შედგენის წესი. მასალა იყრება სწორ, სუფთა და მშრალ ზედაპირზე პირამიდის მისაღებად, რომლის ფუძეც კვადრატს წარმოადგენს. ფხვიერ მცენარეულ მასალას ამოვურევთ ორი მოკლე, ირიბგვერდიანი დაფის დახმარებით ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებიდან ცენტრისაკენ მოძრაობით მანამ, სანამ ნაყარი არ მიიღებს მოგრძო ბორცვის ფორმას. შემდეგ იმავე დაფის დახმარებით ნაყარის ორივე მიმართულებიდან მასალას გადავყრით ცენტრისაკენ. მიღებული პირამიდის ფორმის ნაყარის თხელ ფენას გავაბრტყელებთ კვადრატის მისაღებად. მიღებულ ფენას ვყოფთ ორი დიაგონალის საშუალებით 4 სამკუთხედად, რომელთაგანაც ორ მოპირდაპირე სამკუთხედში განლაგებულ მასალას მოვაშორებთ, ხოლო ორი დარჩენილიდან ისევ გავაკეთებთ კვადრატის ფორმის ნაყარს და კვლავ გავყოფთ ოთხ სამკუთხედად. ამ პროცედურას ვიმეორებთ საშუალო ან საჭირო სიდიდის ლაბორატორიული სინჯის მიღებამდე;
ტ) გარემოს ობიექტები – ნიადაგი, წყალი, ატმოსფერული ჰაერი;
უ) ნიტრატი – ნიადაგში არსებული აზოტოვან ნაერთთან დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ნაერთი, რომელიც წარმოადგენს მცენარეთა აზოტოვანი კვების ერთ-ერთ წყაროს;
ფ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენ რაოდენობებზე სისტემატური კონტროლი – სოფლის მეურნეობის პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობების მუდმივი გეგმური კონტროლი;
ქ) ავარიული დაბინძურება – მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგლმენტების (ტექნიკური უსაფრთხოების, ხარჯვის ნორმისა და ჯერადობის დარღვევით, პრეპარატის არამიზნობრივად გამოყენების, პრეპარატის ქარით მეზობელ კულტურაზე გადატანით ან/და გარემოში მოხვედრით) სურსათი\ცხოველის საკვებისა და გარემოს ობიეტების (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი) დაბინძურება.
სურსათში/ცხოველთა საკვებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესე