1. სინჯის შერჩევა მოიცავს:
ა) ამოღებების, ამორჩევების, ერთჯერადი სინჯების აღებას;
ბ) საწყისი ნიმუშის, საერთო სინჯის, საშუალო სინჯის შედგენას;
გ) საშუალო ნიმუშის შედგენას.
2. სინჯის აღების წესს განაპირობებს სინჯის აღების ადგილი (მინდორი, საცავი, სარეალიზაციო ობიექტი, სატრანსპორტო საშუალება), მასალის მდგომარეობა) რომლისაგანაც ხდება ნიმუშის აღება (ფხვიერი, ცალობითი, თივისმაგვარი, ტარირებული და სხვ.) და ნიმუშის დანიშნულება (სისტემატური კონტროლი, ავარიული შემთხვევა და ა.შ.).
3. სინჯის აღების დიაგონალური მეთოდი გამოიყენება ვეგეტაციაში მყოფი მცენარეების სინჯის ასაღებად. მინდვრის დიაგონალზე, თანაბარი ინტერვალით დაშორებულ 7-10 წერტილში, ხდება საწყისი ნიმუშისათვის საჭირო რაოდენობის მცენარეების სინჯების აღება. მეთოდის აღნიშვნა – ,,დს“ (დიაგონალური სინჯი).
4. სინჯების აღების მეთოდი ორი მომიჯნავე მხრიდან გამოიყენება ისეთი ძნელად მისაწვდომი (მინდვრის შუაგულში) ვეგეტაციაში მყოფი მცენარეებიდან სინჯების აღებისას, როგორიცაა სიმინდი, მარცვლეული, ბოსტნეული, რაფსი. ამისათვის მინდვრის ორ მომიჯნავე მხარეზე მოინიშნება 3-4 წერტილი ნაკვეთის მთელ სიგრძეზე. შემდეგ მინდვრის კიდიდან 5-10-15 მეტრის დაშორებით ხდება სინჯების აღება. აღებული მასალის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საწყისი ნიმუშისათვის საჭირო სიდიდეს. მეთოდის აღნიშვნა – ,,მმ“ (მომიჯნავე მხარეები).
5. მცენარეებიდან დახურულ გრუნტში სინჯის აღება კონვერტის მეთოდით ხდება. დიდი ფართობების შემთხვევაში გამოიყენება ორმაგი და სამმაგი კონვერტის მეთოდი. თუ სათბურში რამდენიმე სექციაში ერთდროულად ტარდება იდენტური ქიმიური წამლობა, ამ სექციებში აღებული სინჯები წარმოადგენენ საშუალო საწყის ნიმუშს. მეთოდის აღნიშვნა – ,,კ“ (კონვერტი).
6. სინჯის აღების მეთოდი, სინჯამღებით, გამოიყენება:
ა) მასალის შერჩევისას საწყობებიდან, სილოსის საცავებიდან, სატრანსპორტო საშუალებებიდან, აგრეთვე დიდი ჭურჭლიდან ან სათავსში მოთავსებული ფხვიერი, დენადი მასალებიდან;
ბ) სითხის ან ფხვიერი მასალის ჭავლიდან სინჯის აღებისას დროის თანაბარი შუალედებით სინჯამღების ჩაძირვით მასალის ჭავლში;
გ) ცისტერნიდან ერთჯერადი სინჯის ამოღებისას რეზერვუარის ყველა სადინარიდან;
დ) რეზერვუარებისთვის, რომელთაც თავი ეხდებათ, გამოიყენება კონვერტის მეთოდი. 2 მ-მდე სიმაღლის ჭურჭლიდან, სინჯის აღება ხდება მთელ სიმაღლეზე (შრეზე) შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭლის სიმაღლე 2 მ-ს აღემატება, სინჯის აღება ხდება შესაფერისი ხელსაწყოთი ზედა, შუა და ქვედა ფენებიდან;
ე) ნახევრადმყარი და საცხისებრი ცხიმოვანი პროდუქტებიდან (მარგარინი, თაფლი, რბილი ყველი და სხვ.), რომლებიც გადაიზიდება შეფუთვის გარეშე, დიდი ყუთებით ან კასრებით, სინჯის აღება ხდება ზედა, შუა და ქვედა ფენიდან. ზედა და რეზერვუარის ფსკერთან შეხებაში მყოფ ფენას აცილებენ;
ვ) კარაქის სინჯი აიღება საცეცის საშუალებით. კასრში დაფასოებული კარაქში საცეცს ირიბად გაატარებენ კასრის კიდიდან ცენტრისკენ, ხოლო კარაქის ყუთში დაფასოებისას საცეცს ატარებენ კიდიდან დიაგონალურად ცენტრის გავლით. გაყინული კარაქის სინჯის აღება ხდება გახურებული საცეცის საშუალებით. მეთოდის აღნიშვნა – ,,სა“ (სინჯამღები).
7. შეფუთული პროდუქტების სინჯების აღებისას:
ა) მცირე პარტიებიდან საწყისი სინჯების შესადგენად აირჩევა შეფუთული ერთეულების გარკვეული რაოდენობა. დიდი პარტიებიდან შეფუთვაში შრეებად დალაგებული მასალიდან შეფუთული ერთეულების ამოკრება ხდება კონვერტის მეთოდით ზედა, შუა და ქვედა ფენებიდან. შეფუთული მასალის სინჯის ასაღებად, პარტიაში შეფუთული ერთეულების რაოდენობის მიხედვით, მოცულობიდან შეირჩევა შეფუთული ერთეულების რაოდენობა ცხრილის შესაბამისად:
პარტიაში შეფუთული ერთეულების რაოდენობა
შესარჩევი შეფუთული ერთეულების რაოდენობა
1–5
1
6–15
2
16–25
3
26–40
4
41–60
5
61–85
6
85–100
7
100-ზე მეტი
7+1 ყოველ მომდევნო 100-ზე
შენიშვნა: ყოველი არასრული 100 ერთეული 100 სრულ ერთეულად უნდა ჩაითვალოს;
ბ) დიდ, დახურულ ტარაში (ყუთი, კონტეინერი, კალათი) შენახული, ბრიკეტებად დაფასოებული პროდუქტის სინჯის აღება ხდება სხვადასხვა ყუთიდან: პირველი ყუთიდან (კონტეინერიდან, კალათიდან) შეფუთული ერთეული (ბრიკეტი) ზედა ფენიდან აიღება, მეორე ყუთიდან – შუა ფენიდან, მესამე ყუთის შემთხვევაში კი – ქვედა ფენიდან. მეოთხე ყუთიდან ისევ ზედა ფენიდან აიღება და ა. შ.;
გ) კარაქის შემთხვევაში ხდება შეფუთული ერთეულების 10%-ის აღება. თუ პარტია შედგება 10-ზე ნაკლები შეფუთული ერთეულიდან, უნდა ამოირჩეს 2 ერთეული;
დ) ქილებში, ბოთლებში ან თუნუქის ტარაში ერთ შრედ განლაგებული პროდუქტის შემთხვევაში, შეფუთული ერთეულის შერჩევა ხდება ცალკეული ყუთების მარცხენა, შუა და მარჯვენა ნაწილებიდან;
ე) უშუალოდ დამამზადებელ საწარმოში მცირე თუნუქის ტარაში მოთავსებული ჯემის, ხილფაფის, ხილის წვენის, შედედებული რძის, მშრალი რძის ფხვნილის და სხვა ერთგვაროვანი პროდუქტის სინჯის აღება ხდება ისე, რომ ერთეულის რაოდენობა შეესაბამებოდეს საშუალო ნიმუშის სიდიდეს (1-2 ცალი). მეთოდის აღნიშვნა – ,,შს“ (შეფუთული სინჯი).
8. ერთეულის შერჩევის მეთოდი გამოიყენება ბაზარზე შეკვრაში, კონაში, ყუთში განთავსებული სურსათის სინჯების შესარჩევად. თუ სურსათი/ცხოველის საკვები რამდენიმე შრედ არის განთავსებული, მაშინ თითოეული შერჩეული შეფუთვისათვის სხვადასხვა შრიდან უნდა იქნეს აღებული სინჯი (პირველი შეფუთვისათვის – ზედა შრიდან, მეორე – შუა შრიდან, მესამე – ქვედა შრიდან). მეთოდის აღნიშვნა – ,,ეშ“ (ერთეულის შერჩევა).
9. სინჯის აღება ავარიულ შემთხვევებში ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) ავარიული დაბინძურების ნიშნები თვალსაჩინოა (ზოოციდის ნაცვლად ჰერბიციდების გამოყენება, პესტიციდების დაღვრისას ლაქების წარმოქმნა);
ბ) ავარიული დაბინძურების ნიშნები თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება ავარიის შესახებ (წამლობის ჯერადობის დარღვევა, შლანგის გახეთქვა, მოსაკრეფად გამზადებულ კულტურაში ან მის მახლობლად წამლობის ჩატარება).
10. თვალსაჩინო დაბინძურების შემთხვევაში სინჯების აღებისას მინდორში ხდება ერთნაირი ხარისხით დაბინძურებული ნაკვეთების გამოყოფა. თითოეული ასეთი ნაკვეთი წარმოადგენს სინჯის აღების ცალკეულ არეალს. სინჯის აღება ხდება ზემოთ განხილული ერთ-ერთი მეთოდით კულტურიდან გამომდინარე. ცალკეული უბნიდან აღებული სინჯები ერთიანდება საწყის ნიმუშში, რომლისგანაც ფორმირდება საშუალო ნიმუში.
11. სინჯის აღებისას თვალით უხილავი დაბინძურების შემთხვევაში გამოკითხვის საფუძველზე დგინდება შესაძლო დაბინძურების კერები. მხედველობაში მიიღება მინდვრის რელიეფი, ბუნებრივი წინააღმდეგობები (ხეები, ბუჩქები, ნაგებობები), ატმოსფერული პირობები სავარაუდო დაბინძურების დროს. იხაზება დაბინძურებული უბნის გეგმა და უბნის შუა ადგილიდან სხივისებურად მოინიშნება ერთი ან რამდენიმე სინჯის აღების ადგილი, რომელიც ინომრება გეგმაზე. თითოეული ადგილიდან ხდება საწყისი ნიმუშის აღება, რომელიც წარმოადგენს საშუალო ნიმუშს და უნდა შეესაბამებოდეს საშუალო ნიმუშის მოცულობას. საშუალო ნიმუში ინომრება გეგმის ნუმერაციის შესაბამისად.
12. ავარიულ შემთხვევებში სინჯის აღება წარმოებს ინფორმაციის მიღებისთანავე.
13. სინჯის აღებისას გამოყენებული უნდა იქნეს წინამდებარე წესებით დამტკიცებული აღჭურვილობა.
14. სინჯის საანალიზოდ მომზადების ტექნიკა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) ერთჯერადი სინჯისათვის განკუთვნილ მცენარეს მინდორში ჭრიან დანით ან ნამგლით, თხრიან მიწიდან ან კრეფენ ხილს სუფთა ხელთათმანების გამოყენებით;
ბ) მიწიდან ამოთხრილი მცენარის ფესვი უნდა განთავისუფლდეს ნიადაგის ნაწილაკებისაგან;
გ) ტომრიდან ამოღება ხდება შესაბამისი აღჭურვილობით. შემდეგ ტომარას თავს უკრავენ. მცირე ზომის შეფუთვიდან (პაკეტები, ტომსიკები) ამოღების შემდეგ პაკეტი ისევ იბეჭდება, უკეთდება წარწერა წონის ცვლილების შესახებ;
დ) მაგარი ყველის, რბილი დაუფასოებული ყველის, ცხოველური და მცენარეული ცხიმების, კასრებში და სხვა მოცულობებში მოთავსებული საკვები პროდუქტების ერთჯერადი სინჯის აღების წინ, პროდუქტს 1-5 სმ-ის ზედა ფენას მოაშორებენ. დიდი რაოდენობის შეფუთული ერთეულიდან ნიმუშის აღება მონაცვლეობით ხდება: I შეფუთვიდან სინჯს შეფუთვის ზედა ფენიდან იღებენ, II შეფუთვიდან – შუა ფენიდან, III შეფუთვიდან – ქვედა ფენიდან და ა.შ.;
ე) თივისმაგვარი, ჩენჩოიანი მასალიდან სინჯის აღება ხდება ხელით, ფრთხილად მასალის დაუზიანებლად;
ვ) სინჯის აღებისას აღჭურვილობა და პერსონალის ხელთათმანები უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
15. საწყისი ნიმუშის საერთო სინჯის შედგენა ხდება ერთჯერადი სინჯების გაერთიანებით. საწყისი ნიმუში, საერთო სინჯი მზადდება სუფთა ჭურჭელში, სუფთა ტილოს ან ქაღალდის ზედაპირზე.
16. საშუალო სინჯის შედგენა ხდება:
ა) საერთო სინჯებიდან კვარტირების მეთოდით ცხიმების გადადნობის და გადარევის შემდეგ, სითხის არევისა და ჩამოსხმის შემდეგ, ცალობითი მასალის (კარტოფილი, ბოსტნეული) შემთხვევაში არჩევით;
ბ) რძის, ნაღების ერთჯერადი სინჯების შერევის შედეგად. თითოეული ჭურჭლიდან ამოღებული სინჯი თავსდება ერთ სუფთა ჭურჭელში და ერევა ერთმანეთს. ცისტერნიდან სინჯი ამოიღება ყოველი ცალკეული ადგილიდან.
17. საშუალო ნიმუშის შედგენისათვის:
ა) გამოიყოფა ნიმუში საშუალო სინჯიდან ან საწყისი ნიმუშიდან, მათი არევის, კვარტირების, დაქუცმაცების და მეორადი გადარევის შემდეგ;
ბ) გამოყოფის წინ მცენარეები, მცენარეების ძირხვენები გულდასმით ირეცხება გამდინარე წყლით. ავარიული შემთხვევების დროს ფესვებზე მიკრული მიწა ითვლება ლაბორატორიული გამოცდისათვის ცალკე სინჯად;
გ) ცალობითი მასალის შემთხვევაში ნიმუში იყოფა 4 ან 2 ნაწილად. მასალის 3/4 ან 1/2 გადაიყრება, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოადგენს საშუალო ნიმუშს. დითიოკარბამატებზე შემოწმებისას ხილისა და ძირხვენების გაჭრა ანალიზამდე არ არის რეკომენდებული;
დ) საშუალო ნიმუში მზადდება უშუალოდ ლაბორატორიული გამოცდის დაწყების წინ.
18. მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სინჯების აღება ხდება მოქმედი ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, სხვადასხვა ხერხით (დანართი №1-4