1. სათავსოებში, სადაც შესაძლებელია აფეთქებასაშიში აირის გამოყოფა, საჰაერო სივრცის კონტროლისათვის დამონტაჟებული და მუდმივად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ავტომატური სიგნალიზატორები.
2. ნავთობგადასატუმბი სადგურები აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარქრობის მექანიკური და ავტომატური საშუალებებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
3. ყველა ობიექტზე გამოკრული უნდა იყოს სახანძრო წყალსადენის სქემები, სახანძრო ჰიდრანტების განთავსების ადგილების ჩვენებით. ჰიდრანტებთან უნდა იყოს დამონტაჟებული შუქურა ან ფლუორისცენტული მაჩვენებლები.
4. მეხამრიდების და დამცავი ჩამიწების განთავსება და ექსპლუატაციის პირობები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტისმოთხოვნებს.
5. შესასვლელ-გასავლელი, კიბის უჯრედები, ტამბურები, დერეფნები და ხანძარქრობის საშუალებებთან მისასვლელები უნდა იყოს თავისუფალი და დაბრკოლებების გარეშე მოწყობილი.
6. მაგისტრალური ნავთობსადენის მფლობელი ვალდებულია ჰქონდეს შემუშავებული და განთავსებული ევაკუაციის გეგმა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
7. ევაკუაციის გეგმა შეიცავს:
ა) ნავთობსადენის ობიექტის ტერიტორიის გეგმას, ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების ჩვენებით;
ბ) შენობის და სათავსის გეგმას (სართულების მიხედით), ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების ჩვენებით;
გ) პერსონალის მოქმედების გეგმას, ადამიანების და ქონების ევაკუაციის და ხანძრის ქრობის დროს.
8. ევაკუაციის გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელია ობიექტის ხელმძღვანელი.
9. მაგისტრალური ნავთობსადენების სახაზო ნაწილის კაპიტალური შეკეთების დროს დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები და ინსტრუქციები, უბნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
10. მიწისქვეშა ნავთობსადენის ტრასის განთავსების ზედაპირზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშვნები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ნავთობსადენის ღერძის განთავსების ადგილს, კილომეტრაჟის აღნიშვნას და ჩაღრმავების მონაცემებს. მიწისქვეშა ტექნოლოგიურ კომუნიკაციებს, წყალსადენებს, საკანალიზაციო და თბომომარაგების ქსელებს და სხვა კომუნიკაციებს, ნაგებობებსა და ჭებს მიწის ზედაპირზე განთავსებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშვნები.
11. სარემონტო სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს.
12. მაგისტრალური მილსადენების ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იქნეს კოროზიისა და მოხეტიალე დენების ზეგავლენისაგან შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.
13. ნავთობსადენებზე სახაზო ჩამკეტი არმატურის განთავსების ადგილი და პირობები უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. ჩამკეტ არმატურას უნდა ჰქონდეს შემორაგვა და გამაფრთხილებელი ნიშნები.
14. ჩამკეტი არმატურის ჭები უნდა იყოს მიწის დონეზე მაღლა. ჭებში გრუნტის წყლებისა და ატმოსფერული ნალექების მოხვედრა დაუშვებელია. გადახურვის მქონე ჭები აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით.
15. სატუმბო სადგური განთავსებული უნდა იყოს შემორაგულ მოედანზე, რომლის დაცილება დასახლებული პუნქტებიდან და სამრეწველო საწარმოებიდან უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
16. ნავთობგადასატუმბი სადგურის ექსპლუატაცია დაუშვებელია სამშენებლო/სარემონტო პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს დასრულებამდე.
17. ნავთობგადასატუმბი სადგურის ტერიტორიის დანაგვიანება, მასზე დაღვრილი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და წყლის დაგროვება დაუშვებელია. ზამთარში გასასვლელები, ტროტუარები, გზები და ტერიტორიის ის უბნები, სადაც ოპერატიული გადართვები ხორციელდება თოვლისგან უნდა იწმინდებოდეს.
18. აფეთქებახანძარსაშიში სათავსოების, შენობებს და ობიექტებს უნდა გააჩნდეთ , მათი აფეთქებასაფრთხიანი და ხანძარსაფრთხიანობის კლასისა და კატეგორიის შესახებ მითითებები.
19. მაგისტრალური ნავთობსადენის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარუსაფრთხოების ნორმების შესრულება.
20. თითოეულ ნავთობგადასატუმბ სადგურზე შედგენილი უნდა იყოს ტექნიკური დოკუმენტაცია დამონტაჟებული მოწყობილობისა და ნაგებობების ჩამონათვალით და მათი მოკლე ტექნიკური დახასიათებით.
21. საწვავ-საპოხი მასალების საწყობებში და სხვა ადგილებში, სადაც ინახება წვადი და ადვილად აალებადი მასალები, სითხეები და აირები დატანილი უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნე