სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №696
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი „Support to Georgia IDP’s action plan:2009 part III“ ხელშეკრულების მე-3 ტრანშის ფარგლებში „ქ. ფოთის მალთაყვის რაიონში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 (შვიდი) ხუთსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით 2012 წლის 20 სექტემბერს ფონდსა და შპს „სანის“ შორის გაფორმებული №SB/IDP/ET/CW/150-2012 ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები შპს „სანის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფონდის მიერ მიმდინარეობს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „სანის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება.
3. ფონდმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესყიდვა ფონდში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და განახორციელოს ამ სამუშაოების ზედამხედველობა.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 25 05) და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №549 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ევროკავშირი)“ (პროგრამული კოდი – 25 05 01) ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
5. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი