შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №684
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტში ღოღიეთი-თამარაშენის 7‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა და ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში დვანი-ტახისძირის 2‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა და ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
გ) ანაკლია-განმუხურის მიმართულებით 21‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა;
დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ულევი-ხარაგაულის 17‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა და ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
ე) მარტვილი-დიდი ჭყონის 14‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა;
ვ) ამბროლაური-სორის 14,5‑კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა;
ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითის მიმდებარედ ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
თ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ბალანთასა და ჭიხარულას მიმდებარედ ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თაფანის მიმდებარედ ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა;
კ) წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თრიალეთის მიმდებარედ ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №372 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური