1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ:

a. მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფისათვის;

b. მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის  შესაცვლელად ან გასაუქმებლად;

c.  ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა;

d.  თავი შეიკავონ ყველა იმ აქტივობისა და მეთოდებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციას; უზრუნველყონ სახელმწიფო სტრუქტურებისა და დაწესებულებების წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მოქმდება;

e.   მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ყველა კერძო პირის, ორგანიზაციისა ან კერძო საწარმოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;

f.  განახორციელონ ან ხელი შეუწყონ წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული, ისეთი სახის უნივერსალური დიზაინის მქონე პროდუქტის, მომსახურების, დანადგარებისა და მოწყობილობების კვლევა-გამოგონებით საქმიანობას, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგება მინიმალურ ადაპტაციასა და თანხებს მოითხოვს; ხელი შეუწყონ მათ გამოყენებასა და მისაწვდომობას, სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შექმნაში უნივერსალური დიზაინის იდეის გატარებას;

g.  განახორციელონ ან ხელი შეუწყონ კვლევით და გამოგონებით საქმიანობას, ასევე ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე გათვლილი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მობილურობის ხელშემწყობი, დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობასა და გამოყენებას; ამასთანავე უპრატესობა მიანიჭონ მაქსიმალურად მისაწვდომი ფასის მქონე ტექნოლოგიებს;

h.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მობილურობის ხელშემწყობი და სხვა დამხმარე ტექნოლოგიებისა და საშუალებების, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების შესახებ; მიაწოდონ ინფორმაცია სხვა სახის დახმარების, დამხმარე მომსახურებისა და საშუალებების შესახებ;

i.  ხელი შეუწყონ პროფესიონალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე პერსონალის განათლებას წინამდებარე კონვენციაში წარმოდგენილი უფლებების საკითხებზე, რათა უზრუნველყონ ამ უფლებებით გარანტირებული დახმარებისა და მომსახურების უკეთესი უზრუნველყოფა.

2. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებით ყველა მონაწილე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის, წინამდებარე კონვენციაში ფორმულირებული იმ ვალდებულებების გარდა, რომელთა დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი.

3. კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და აქტიურად ჩართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საშუალებით.

4. წინამდებარე კონვენცია ვერ ახდენს გავლენას იმ დებულებებზე, რომლებიც გაცილებით ქმედითად უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას და შესაძლოა წარმოადგენდნენ მონაწილე სახელმწიფოს, ან მის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო  კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. დაუშვებელია, კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოში კანონით, კონვენციით, წესებითა და ტრადიციებით აღიარებული და მოქმედი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ნებისმიერი სახის შეზღუდვა ან აკრძალვა იმ საბაბით, რომ წინამდებარე კონვენცია არ ითვალისწინებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს ამ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

5. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი ფედერალური სახელმწიფოს ყველა შემადგენელ ერთეულში, ყოველგვარი შეზღუდვისა და გამონაკლისის გარეშ