წესში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს დაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – „ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის“;

ბ) მდგრადობის პრინციპი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;

გ) ევროკავშირის კანონმდებლობა - გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ნორმები და ევროკავშირის მმართველი ორგანოების (ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია) მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები და გადაწყვეტილებები, ასევე, არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციები (ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა განსაზღვრულია „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით);

დ) ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი – ,,საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 ,,ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის  2004  წლის  22 დეკემბრის  №1-1-/282  ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 ,,ეკონომიკური საქმიანობის სახეები“;

ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.

თავი II

უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფერო