1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძვლებია:
ა) სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება;
ბ) შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) თანამშრომლის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) თანამშრომლის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) თანამშრომლის მიერ მისთვის შინაგანაწესით ან/და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
თ) თანაშრომლის მიერ მისთვის შინაგანაწესით ან/და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, თანაშრომელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
კ) სასამარ
თლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ლ) საქართველოს შრომის კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
მ) თანაშრომლის
გარდაცვალება;
ნ) (ამოღებულია - 26.03.2025, №5619);
ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (სამსახურიდან გათავისუფლებას).
11. შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წერილობით შეტყობინებაში დაასაბუთოს ის ობიექტური გარემოება, რომელიც, მისი შეხედულებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
2. დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (სამსახურიდან გათავისუფლება):
ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით;
გ)
თანამშრომელი ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინებიდან საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „კ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევისა. სამსახურის რეორგანიზაციისას თანამშრომელი ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში;
დ) თანამშრომლის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და თანამშრომლის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და რეორგანიზაციის პროცესის შედეგებისა;
ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“– „ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და რეორგანიზაციის პროცესის შედეგებისა.
3.
დამსაქმებლის მიერ სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) სამსახური ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს თანამშრომელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, თანამშრომელს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. დამსაქმებლის მიერ სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას). დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში მას მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) 30 კალენდარული დღის ვადაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის თანამშრომლის ინიციატივით შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) იგი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს სამსახური წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
6. თანამშრომელს უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) თაობაზე სამსახურის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
7. სამსახური ვალდებულია თანამშრომელს მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძველი.
8. თანამშრომელს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) შესახებ.
9. თუ სამსახური თანამშრომლის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძველს, თანამშრომელს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება სამსახურს.
10. სასამართლოს მიერ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახური ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.
11. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანამშრომელი ვალდებულია დააბრუნოს სამსახურის მიერ მისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობა.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს თანამშრომელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, გადაიხადოს მატერიალური ფასეულობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ორმაგი ოდენობა, რაც მას არ ათავისუფლებს მატერიალური ფასეულობის დაბრუნების ვალდებულებისაგან.
13. იმ თანამშრომელს, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა სტაჟირების გავლის შემდეგ და გავლილი აქვს სამსახურში სტაჟირების თეორიული სწავლების სრული კურსი, ეკრძალებათ საკუთარი ინიციატივით სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის განმავლობაში.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა 1200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №31304- ვებგვერდი, 21.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება №5619 - ვებგვერდი, 28.03.2025