1. სამდივნო განსაზღვრავს წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯებს, რაც არის მიახლოებითი თანხა, რომელიც გამიზნულია წესების 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯების დასაფარად.
2. წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები გადაიხდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. სამდივნოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯებს საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე იხდიან თანაბრად.
3. როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წარადგენს შეგებებულ სარჩელს, სამდივნოს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვროს წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე. ამგვარი წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯების განსაზღვრის შემდეგ თითოეული მხარე სამდივნოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში იხდის ამ ხარჯებს თავისი მოთხოვნების შესაბამისად.
4. თუ ერთ-ერთი მხარე რომელიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით ითხოვს მოთხოვნის გაქვითვას, ამგვარი მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იყოს წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯების განსაზღვრისას, ისევე, როგორც ცალკე დაყენებული მოთხოვნა, რადგან საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეიძლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი საკითხების გადაწყვეტა მოუხდეს.
5. როდესაც მოთხოვნები დაყენებულია წესების მე-11 მუხლის შესაბამისად, სამდივნო განსაზღვრავს ერთ ან მეტ წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯს, რომლებიც მხარეებმა უნდა გადაიხადონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. როდესაც წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები უკვე განსაზღვრული იყო, მათ ამ მუხლით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები ჩაანაცვლებს.
6. სამდივნოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაზუსტდეს. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე თავისუფალია გადაიხადოს მეორე მხარისთვის დადგენილი წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯების ნაწილი, თუ მეორე მხარე არ გადაიხდის თავის ნაწილს. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამ გარემოებას გაითვალისწინებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისას.
7. თუ მხარე არ გადაიხდის წინასწარ გადასახდელ საარბიტრაჟო ხარჯებს, სამდივნო მეორე მხარეს მიმართავს ამ ხარჯების განსაზღვრულ ვადაში გადახდის მოთხოვნით. თუ აღნიშნული ხარჯები არ გადაიხდება, სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო ტრიბუნალთან კონსულტაციის შემდეგ შეაჩეროს საქმის განხილვა და წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯების გადახდისთვის დამატებითი ვადა დააწესოს, რომლის გასვლის შემდეგაც ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში სამდივნო წყვეტს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელე არ კარგავს იმავე მოთხოვნების სხვა საარბიტრაჟო საქმეზე დაყენების უფლებას.
8. სამდივნომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ წინასწარ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯები წარდგენილ იქნეს საბანკო გარანტიის ან სხვა უზრუნველყოფის საშუალების ფორმი