1. საკრებულოს დადგენილების ტექსტი შედგება ძირითადი ნაწილის, გარდამავალი (საჭიროების შემთხვევაში) და დასკვნითი დებულებებისაგან. საკრებულოს დადგენილებას შეიძლება გააჩნდეს პრეამბულა და დანართები.

2. საკრებულოს დადგენილების პრეამბულაში (თუ დადგენილებას პრეამბულა არა აქვს - პირველ მუხლში ან პირველ პუნქტში) უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ის ნორმა (კანონის სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც მიიღება დადგენილება.

3. დადგენილების ძირითადი ნაწილი მოიცავს ამ აქტით დადგენილ ნორმატიულ დებულებებს - მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.

4. საკრებულოს დადგენილების გარდამავალი დებულებებით საჭიროების შემთხვევაში დგინდება ძირითადი ნაწილისაგან განსხვავებული და განსაზღვრული ვადით მიღებული ნორმები და/ან განისაზღვრება ის პირობები და ვადები, რაც საჭიროა ძირითად ნაწილში მოცემული ნორმების ძალაში შესასვლელად.

5. საკრებულოს დადგენილების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრება აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების ჩამონათვალი (ასეთი აქტების არსებობის შემთხვევაში), დადგენილების ძალაში შესვლის დრო, დადგენილების მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული.

6. საკრებულოს დადგენილების ტექსტი (პრეამბულის და დანართების გარდა) შინაარსის მიხედვით მუხლებად, ხოლო მუხლები შეიძლება დაიყოს პუნქტებად, პუნქტები – ქვეპუნქტებად. საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შეიძლება რამდენიმე ქვეპუნქტად დაიყოს. თუ ტექსტი დიდი მოცულობისაა, იგი შინაარსის მიხედვით შესაძლოა დაიყოს თავებად, თავები კი მუხლებად. დადგენილების თავები უწყვეტად ინომრება რომაული ციფრებით. დადგენილების მუხლები დადგენილების მთელ ტექსტში უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. დადგენილების მუხლის შემცველი პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით, პუნქტის შემცველი ქვეპუნქტები უწყვეტად ინომრება ანბანური წესით, ხოლო ქვეპუნქტის შემცველი ქვეპუნქტი ორმაგი ანბანური წესით, სადაც პირველი ასო შეესაბამება პუნქტის ანბანურ ნუმერაციას, ხოლო მეორე ასო ანბანის მიხედვით უწყვეტად შეირჩევა. დადგენილების თავს უნდა გააჩნდეს სათაური. დადგენილების მუხლს შესაძლოა გააჩნდეს სათაური. პუნქტს და ქვეპუნქტს არ გააჩნიათ სათაურები.

7. დანართი დადგენილების განუყოფელი ნაწილია. თუ დადგენილებას ერთვის რამდენიმე დანართი, ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. ძირითად ნაწილში ან გარდამავალ დებულებებში მოცემული უნდა იქნეს მითითება შესაბამის დანართზე. დაუშვებელია დანართში დადგენილების ძირითადი ნაწილის, გარდამავალი ან დასკვნითი დებულებების შეტანა. დანართში მოცემული უნდა იყოს დადგენილების ძირითად ან გარდამავალ დებულებებში მითითებული საცნობარო (მაგ. სტატისტიკური, საბუღალტრო ან სხვა სახის მონაცემები), მათემატიკური გაანგარიშების შემცველი (მაგ.საბიუჯეტო ან სატარიფო ცხრილები) ან სანიმუშო (მაგ. დოკუმენტის სანიმუშო ფორმა) ინფორმაცია.
თავი IV
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტე