1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საკრებულოს (შესაბამისად - საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიმდინარეობა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ოქმების წარმოების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის თავმჯდომარე;
გ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;
დ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. დღის წესრიგი ოქმში შეიტანება დღის წესრიგის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
5. ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა) ,,I. მოისმინეს: (...)”: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელი წარადგენს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის;
ბ) ,,II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ) ,,III. პროცედურის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ საკითხის განხილვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ გამოსვლებს. ოქმში გადმოცემული უნდა იყოს პროცედურულ საკითზე გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
დ) ,,IV. პროცედურის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ პროცედურულ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა. ოქმში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის სახე, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები;
ე) ,,V. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის შესახებ გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი, კენჭისყრა ბიულეტენების მეშვეობით), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია - მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია - მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც);
ვ) ,,VI. გადაწყვიტეს: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას ან თუ კენჭისყრის შედეგად სამართლებრივი აქტის პროექტი უარყოფილია, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. საკრებულოს სხდომის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად