სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ძალადაკარგული 15.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2623
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.002.158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 16/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. საფასურის ცნება

საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

    მუხლი 3. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა

საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით.

    მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

    მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 15 ლარი;

გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 45 ლარი;

დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;

ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 3 ლარი;

გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;

დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;

ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი.

3. სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო განყოფილების მიერ საინფორმაციო ბარათის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 2 ლარი;

გ) განაცხადის შეტანისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი.

4. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის 24 საათში გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების განაკვეთი – 20 ლარი.

5. უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის 24 საათში გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების განაკვეთი – 50 ლარი.

6. ქორწინების რეგისტრაციისას:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 9 ლარია, ხოლო მომსახურების განაკვეთი – 170 ლარი;

ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასურია 120 ლარი.

7. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

    მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. სააგენტოს მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

    მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ კანონით დადგენილ ვადებში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის, ხოლო სხვა შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი გაიცემა განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს.

4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

2006 წლის 15 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრძანებით უზრუნველყოს სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცება.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2623-რს