1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ბეჭედი, ოფიციალური ბლანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს სააგენტოს ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

8. სააგენტო არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება.

9. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

10. სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობები, რომელთა ფორმას და დიზაინს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

11. სააგენტოს, თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, იცავს სახელმწიფო. არავის აქვს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. სააგენტოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა, N