[
1. შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
[
2. შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
[
8. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა −
გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025