1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;
დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით რეგისტრირებული და მოქმედი ფიზიკური პირი;
ე) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ქმედებათა ერთობლიობა;
ვ) საკონკურსო კომისია – კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია;
ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;
თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული საკონკურსო წინადადების ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – საკონკურსო წინადადების ნაწილი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, გარდა საკონკურსო წინადადების ფასისა;
მ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი – რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის ავტომატურად მინიჭებული ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – სტატუსი);
ნ) კონკურსი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებიდან და რეგისტრაციიდან საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ ამ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება, დადგენილი წესით, შეცვალოს საკონკურსო პირობები, გარდა შესყიდვის ობიექტისა (საკონკურსო დოკუმენტაციის ცვლილება შესაძლებელია სისტემაში უკვე ატვირთული საკონკურსო დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით). სისტემაში მითითებული სტატუსი აღინიშნება, როგორც „შესყიდვა გამოცხადებულია“;
ო) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. კონკურსს სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“ ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი;
პ) წინადადებების მიღება დასრულებულია – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსები ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ჟ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. კონკურსს სტატუსი „შერჩევა-შეფასება“ სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
რ) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ს) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას (თუ კონკურსში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა) და გამარჯვებულ პრეტენდენტს მოიწვევს ხელშეკრულების დასადებად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ან ამ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ტ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება ამ მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა ან კონკურსი დასრულებულია უარყოფითი შედეგით, აგრეთვე თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
უ) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისთვის (შემდგომში – ხელშეკრულება) მინიჭებული ამ პუნქტის „ფ“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ფ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ხელშეკრულებას ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;
ქ) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, ატვირთავს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას;
ღ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, ატვირთავს ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ყ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმსა და სხვა დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა უარი თქვა საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე ყველა პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
შ) არ შედგა – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა ამ პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში;
ჩ) კონკურსი შეწყვეტილია – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კონკურსს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა კონკურსისთვის ამ პუნქტის „ტ“, „ყ“ ან „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემთხვევისა;
ც) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „კონკურსი არ შედგა“ ან „კონკურსი შეწყვეტილია“;
ძ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით;
წ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – კანონით განსაზღვრული შავი სია, რომლის წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
ჭ) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი – კანონით განსაზღვრული თეთრი სია, რომლის წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონშ