1. კონკურს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.

3. საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.

6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე უნდა აიტვირთოს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. მიმოწერა ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდა