1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და წახალისება ხორციელდება უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება სამსახურებრივი შემოწმება, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.
8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მოსამსახურე ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა.
სამსახურის გავლის პირობე