1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დღის საათებში დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ სპეციალური აღრიცხვის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება;
დ) რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი რისკის განსაზღვრის შესახებ;
ე) მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე;
ვ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. მჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ცვლის მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს, დაწესებულების მთავარ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში მორიგე ექიმს, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს.
4. ცვლის მენეჯერის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
5. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ცვლის მენეჯერთან ერთად ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №
19-ით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.
6. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ცვლის მენეჯერი მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №13-ით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულები განთავსდებიან დაყოვნების საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული შემოწმება/დათვალიერების და აგრეთვე კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ცვლის მენეჯერი მსჯავრდებულების შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე და აგრეთვე გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკანის შემოწმება დათვალიერებას.
8. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ცვლის მენეჯერი, ხოლო ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
9. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
10. შემოწმება/დათვალიერების დასრულების შემდეგ სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის მთავარი ინსპექტორი ან უფროსი ინსპექტორი განათავსებს მსჯავრდებულებს შიდა კლასიფიკაციის საკანში. მთავარი ინსპექტორი ან შესაბამისი დანაყოფის უფროსი ინსპექტორი უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
11. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
12. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვეб რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
13. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
14. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
15. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
16. მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილებით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის საცხოვრებელ სექტორში განაწილების მიზნით.
17. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სარეკრიაციო და ადმინისტრაციული სექტორის სოციალური მუშაკი მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სოციალური განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე.
18. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე.
19. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა.
20. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრშ