1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;

გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვას და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;

თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;

ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022