გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210018002449954
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14119-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ნ----- ჭ---–-----ე

მოსარჩელის წარმომადგენლები - მ------- ღ----–----, ნ---- თ----–---–ი, თ----- ს-------ე, შ----- მ-------ე

მოპასუხეები - სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლა, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო

მოპასუხის წარმომადგენლები - ი----- ბ----–---–ი, ნ---- კ-–--, მ------ მ---------ე, თ------- გ-------–---–ი

დავის საგანი - სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 23.04.2018 წლის სხდომის ოქმი №3--ის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის ბრძანება №1----- ნ----- ჭ---–-----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 23.04.2018წ. სხდომის ოქმი №3-;

 

1.3. დაევალოს სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლას ნ----- ჭ---–-----ის სამსახურში აღდგენა ბუნების მასწავლებლის თანამდებობაზე;

 

1.4. დაევალოს სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლას აუნაზღაუროს ნ----- ჭ---–-----ეს განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან, 2018 წლის 15 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 430 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ----- ჭ---–-----ე ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა 30.08.1983 წლიდან გათავისუფლებამდე, 14.03.2018 წლამდე.

 

2018 წლის 15 თებერვალს VIა კლასის მეორე ცვლის III გაკვეთილი იყო ბუნება, რომლის მიმდინარეობისასაც მოსწავლე ც------ ა------ წერით დავალებას ასრულებდა, თუმცა ნ----- ჭ---–-----ემ შენიშნა, რომ ის წიგნიდან იწერდა, რის გამოც მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო შემდეგ მივიდა მოსწავლესთან და კისერზე ხელის მოკიდებით ააწევინა თავი. ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ, როგორც მოსწავლეთა და კლასის დამრიგებლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, ც------ ა------ ტიროდა და გაკვეთილის დამთავრებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კლასის დამრიგებელმა იგი შეიყვანა სკოლის ექიმთან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სკოლის ექიმის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, ბავშვი იყო აღელვებული და წამოწითლებული და ამიტომ, მშობელთან მედიკამენტის შეთანხმების შემდეგ დაალევინა ვალერიანის წვეთები და კისრის მიდამოებში შეწითლებულ ადგილებზე დაადო სველი საფენი, რის შემდეგაც სიწითლე ალაგდა.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნ----- ჭ---–-----ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შესწავლისთვის დანიშნულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაჩნდა ექიმ მ--- რ------ის ახალი ახსნა-განმარტება, რომელშიც მან დაამატა ის გარემოება, რომ ც------ ა------მ მას განუმარტა სიწითლის მიზეზი, კერძოდ ის, რომ ნ----- ჭ---–-----ემ ყელში წაუჭირა. დამატებულია ისიც, რომ ექიმის კაბინეტში ასევე შევიდნენ დირექტორის მოადგილე ლ-–- კ--–--ე, დირექტორი ნ---- კ-–--, მანდატური მ---- გ------ე, მათი სამსახურის უფროსი მ--- კ--–-----–---–ი და ოჯახის ახლობელი. ექიმის განმარტებით, ამ პირების დასმულ კითხვაზეც ც------ ა------მ იგივე უპასუხა, რა დროსაც ღელავდა.

 

მოსარჩელე მიუთითებს ც------ ა------ს 2018 წლის 16 აპრილით დათარიღებულ ახსნა-განმარტებაზე და განმარტავს, რომ მისი მითითებით, ნ----- ჭ---–-----ემ თავში წამოარტყა და შემდეგ კისერში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ცუდად გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ ხსენებულ ფაქტს არ ადასტურებს არცერთი სკოლის მოსწავლე და ამასთან აღნიშნავს, რომ ექიმის, კლასის დამრიგებლის და ერთ-ერთი მოსწავლის ახსნა-განმარტების მსგავსად, ც------ ა------ს ახსნა-განმარტებაც საქმეში დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ ჩნდება. მოსარჩელე არ ეთანხმება ასევე ც------ ა------ს მითითებას მის ახსნა-განმარტებაში, თითქოს ნ----- ჭ---–-----ე სთხოვდა მას პატიებას.

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსწავლეებმა - ნ-----–---- ბ-–----ემ, ი----- დ------–---–მა, ლ-–- მ----------მა, დ----- კ------–--ემ და ბ--- შ--–--–---–მა მიცემულ ახსნა-განმარტებებში არ დაადასტურეს დამრიგებლის მიერ დასახელებული ფაქტები.

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე, სკოლის დირექტორმა ნ---- კ-–--მ 2018 წლის 14 მარტს გამოსცა ბრძანება №1----- ნ----- ჭ---–-----ის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ნ----- ჭ---–-----ემ დაარღვია სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის შინაგანაწესი, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეს, რის გამოც დაეკისრა სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება. დირექტორი ბრძანებაში არ უთითებს, თუ რას გულისხმობს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ აპელირება მოხდა არა ცემაზე, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობის ფაქტს და ადასტურებს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოძახებულ უნდა ყოფილიყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლი, რაც არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, რეაგირება მაშინვე საერთოდ არ მოჰყოლია მომხდარ ფაქტს, მხოლოდ 11 დღის შემდეგ, 26 თებერვალს არის შედგენილი პირველადი დოკუმენტი - ნ---- ბ------ის ახსნა-განმარტება, რომლის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

მოსარჩელე მხარის მიერ დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ გახდა დირექტორისთვის ცნობილი ახსნა-განმარტებების არსებობის თაობაზე და აიძულა გ------- ბ-------ის, დ-- ს-----ისა და დ----- ნ------ის მშობლები დაეწერათ განცხადებები, თითქოს ნ----- ჭ---–-----ის წარმომადგენლის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულის გამო შეადგინა თავად ნ---- კ-–--მ ოქმები, თითქოს გამოცხადდნენ მშობლები საბჭოს სხდომაზე და განმარტეს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მიცემული ახსნა-განმარტებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გათავისუფლების შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანებაც და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმიც არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე მოსარჩელე უნდა აღდგეს მის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ ნ----- ჭ---–-----ემ დაარღვია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით დაცული უსაფრთხო სკოლის პრინციპი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლი, 2017 წლის 15 სექტემბრის №6-341 შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3.1, 3.3.6, 3.3.10 ქვეპუნქტები, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი. შინაგანაწესი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ყოველივე აღნიშნული, მოპასუხის განმარტებით, წარმოადგენს დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველს.

 

რაც შეეხება კონკრეტულად სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მოპასუხემ მიუთითა, რომ ნ----- ჭ---–-----ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ იქნა მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და არა ცემისთვის. ფიზიკურ შეურაცხყოფას კი, როგორც საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რადგან, შეუძლებელია ისე მოკიდო ხელი კისერში მოსწავლეს თავის ასაწევად, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური ძალდატანება, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ტკივილს.

 

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ოქმს, მან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით იხელმძღვანელა და სრულად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რომელთა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. შესაგებელში მითითებულია, რომ თავად ჭ---–-----ის მხარის მიერ იქნა წარდგენილი დისციპლინური კომიტეტის გამოკვლეულ მასალასთან წინააღმდეგობაში მყოფი ახსნა-განმარტება, რამაც დააყენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა მოკვლევის აუცილებლობა.

 

ამდენად, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის №1----- ბრძანებაც და სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 23.04.2018წ. №3- სხდომის ოქმიც მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი.

 

2.1. მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელმაც არ ცნო სარჩელი. შესაგებელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რასაც უთითებს ასევე სკოლის წარმომადგენელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----- ჭ---–-----ის სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლაში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 34 წელს.

 

1983 წლიდან იყო გეოგრაფიის მასწავლებელი, 1989 წლის 5 სექტემბერს გადაყვანილ იქნა დირექტორის მოადგილედ, აღმზრდელობით დარგში საათების შენარჩუნებით, 2005 წლიდან მასობრივი მუშაობის ორგანიზატორად ასევე საათების შენარჩუნებით, ხოლო 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 მარტამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

 

ნ----- ჭ---–-----ესა და სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლას შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადო ხასიათი მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- წერილი (ს.ფ. 44, ტ.1)

 

3.1.2. სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 09.03.2018წ. №4 სხდომის ოქმით სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია ბუნების მასწავლებელს ნ----- ჭ---–-----ეს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დაეკისროს სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის IX/ა პუნქტით დადგენილი სახდელი სამსახურიდან გათავისუფლების სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 09.03.2018წ. №4 სხდომის ოქმი (ს.ფ. 36-41, ტ.1).

 

3.1.3. სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 14 მარტის №1----- ბრძანებით, ნ----- ჭ---–-----ის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, ბუნების მასწავლებელს ნ----- ჭ---–-----ეს სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო მიეცა შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელი, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლება 2018 წლის 15 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- №1----- ბრძანება ნ----- ჭ---–-----ის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ (ს.ფ. 43);

 

3.1.4. ნ----- ჭ---–-----ის წარმომადგენელმა 2018 წლის 26 მარტს სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საჩივრით მიმართა სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჩივარი (ს.ფ. 122-129, ტ. 1).

 

3.1.5. №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის სხდომაზე განხილვის საგანს წარმოადგენდა მასწავლებელ ნ----- ჭ---–-----ისთვის დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სკოლის დირექტორის №1----- ბრძანებით დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა.

 

სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ხმათა სრული უმრავლესობით (მომხრე: 12, წინააღმდეგი: 0) და უცვლელად იქნა დატოვებული სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 14 მარტის №1----- ბრძანება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს №3- სხდომის ოქმი (ს.ფ. 47-53, ტ.1).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ნ----- ჭ---–-----ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია ნ----- ჭ---–-----ის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სკოლის შინაგანაწესის დარღვევა გახდა მოსარჩელე ნ----- ჭ---–-----ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2018 წლის 15 თებერვალს, №3- საჯარო სკოლაში ბუნების გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელ ნ----- ჭ---–-----ის მხრიდან მოსწავლე ც------ ა------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, ნ----- ჭ---–-----ის განმარტებით, მას არ განუხორციელებია შეხება მოსწავლეზე იმგვარად, რომ ეს აღქმულიყო ფიზიკურ შეურაცხყოფად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან გაკვეთილის დროს საკონტროლო წერის მიმდინარეობისას მხოლოდ კისერზე ხელის მოკიდებით ააწევინა ც------ ა------ს თავი ზემოთ. მეორეს მხრივ, სხვაგვარად აფასებს მომხდარს სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ, რომ ნ----- ჭ---–-----ემ იმგვარი ფიზიკური შეხება განახორციელა მოსწავლეზე, რამაც კისრის სიწითლე, მოსწავლის აღელვება და მისი ცუდად გახდომა გამოიწვია.

 

მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. თავდაპირველად, სასამართლო შეაფასებს თავად ც------ ა------ს წერილობით განმარტებას და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას. მოწმის განმარტებით, გაკვეთილის მიმდინარეობისას მას ნ----- ჭ---–-----ე აბრალებდა გაკვეთილის გადაწერას და როცა მის მერხთან მივიდა, დაინახა მეგობრის წიგნი, რის შემდეგაც მასწავლებელმა ჯერ თავში წამოარტყა, ხოლო შემდეგ კისერში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც გახდა ცუდად, თავი დადო მერხზე და ტიროდა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ კისერში ხელის წაჭერით მან განიცადა ტკივილი. ც------ ა------მ ნ----- ჭ---–-----ე დაახასიათა, როგორც ბრაზიანი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს მიმართავდა, რომ "მათგან კაცები არ დადგებოდა", ასევე იხსენიებდა "ქაჯებად" და "ბოროტ სულებად". ც------ ა------ს განმარტებით, ნ----- ჭ---–-----ე მომხდარის შემდეგ სხვა კლასებშიც მასზე საუბრობდა და გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უფროსი კლასის ბავშვებმა მას ჰკითხეს, თუ რატომ გააგდო ნ----- მასწავლებელი.

ის ფაქტი, რომ საკლასო ოთახში შესვლისას კლასის დამრიგებელს - ნ---- ბ------ეს მოსწავლე ატირებული დახვდა, დასტურდება ასევე მისივე ახსნა-განმარტებით და სასამართლოში მიცემული ჩვენებით. ნ---- ბ------ის განმარტებით, ც------ ა------ს თავი დახრილი ჰქონდა და ისე იჯდა, სუნთქვა უჭირდა. კითხვაზე თუ რა მოხდა, ბავშვებმა უპასუხეს, რომ ნ----- ჭ---–-----ემ ც------ს ხელი წაუჭირა კისერში.

 

ყურადღებამისაქცევია ექიმის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ც------ ა------ს მის კაბინეტში შესვლისას კისერზე სიწითლე აღენიშნებოდა, რაზეც სველი დოლბანდი დაადო, ასევე იყო აღელვებული და მოსწავლის დედასთან მედიკამენტის შეთანხმების შემდეგ, ვალერიანის წვეთები მისცა დასამშვიდებლად. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ასევე ც------ ა------ს დედის მიერაც მოწმის სახით დაკითხვის დროს. უფრო მეტიც, გარდა ფიზიკური შეხებისა, მოწმემ ნ----- ჭ---–-----ის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც მიუთითა, რაც სხვა კლასებში მისი შვილის აუგად მოხსენიებაში გამოიხატებოდა.

 

პედაგოგიური საბჭოს წევრმა ნ---- მ--–---ემ აღნიშნა, რომ სრულად იქნა მოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. მის მიერ ნ----- ჭ---–-----ე დახასიათდა როგორც პატივსაცემი პიროვნება, თუმცა მოკვლევის შედეგად დადგინდა რა მოსწავლეზე შეხების ფაქტი, გამოტანილ იქნა დღეს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება.

 

ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა თარიღებით ერთიდაიმავე მოსწავლეების ახსნა-განმარტებები, მოპასუხე მხარემ ახსნა იმ გარემოებით, რომ აღნიშნული საჭირო გახდა საქმის სრულად გამოკვლევის მიზნით. წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში მოსწავლეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არ შეუმჩნევიათ რა მოხდა, მხოლოდ ატირებული ც------ ახსოვთ შესვენებაზე, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნ----- ჭ---–-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ც------ ა------ს. კლასის დამრიგებელმა ფაქტთან დაკავშირებით 26 თებერვალს ახსნა-განმარტების მიცემისას მიუთითა ხუთ მოსწავლეზე, რომლებმაც ამცნეს მას მომხდარის თაობაზე. მის მიერ დასახელდა ნ-----–---- ბ-–----ე, ი----- დ------–---–ი, ლ-–- მ----------ი, დ----- კ------–--ე და ბ--- შ--–--–---–ი. მოსწავლეებმა კი ნათლად ვერ მიუთითეს რა მოხდა გაკვეთილზე. ყველა ერთბაშად აღნიშნავდა იმ გარემოებას, რომ მასწავლებელი რაღაც საკითხის გამოსარკვევად (იწერდა თუ არა გაკვეთილს) მიუახლოვდა ც------ ა------ს, შემდგომ რა მოხდა ან რა ტკივილი განიცადა ც------მ, მათთვის უცნობია.

მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ურთიერთგამომრიცხავია, ასევე უთითებს, რომ საპატრულო ეკიპაჟისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების არგამოძახება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ც------ ა------ს მიმართ არ განხორციელებულა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. სასამართლო მოსარჩელე მხარის მითითებულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და თვით კონფლიქტის მონაწილე მოსწავლის ჩვენებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ----- ჭ---–-----ემ მას ნამდვილად წამოარტყა თავში ხელი და კისერზეც მოუჭირა ხელი, რაც შეფასებული უნდა იქნას ფიზიკურ შეურაცხყოფად. თუნდაც ის გარემოება, რომ ც------ ა------ს კისერი ჰქონდა გაწითლებული, თუნდაც მცირე ხნით, რისთვისაც სკოლის ექიმთან ვიზიტი დასჭირდა, ადასტურებს ხელის კისერში წაჭერის ფაქტს და არა ნიკაპზე ხელის მოკიდებით ც------ ა------სათვის თავის აწევის ფაქტს, როგორც ამას მოსარჩელე განმარტავდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თუ როგორ იქნა აღქმული მასწავლებლის ქცევა მოსწავლის მიერ, ც------ ა------მ მითითებული ფაქტი მტკივნეულად განიცადა, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის მხრიდან განხორციელდა მისთვის შეუფერებელი არასათანადო ქცევა მოსწავლის მიმართ. აქვე მნიშვნელოვანია, შეფასდეს მასწავლებლის ქცევა აღწევს თუ არა დაუშვებელი ქცევის ისეთ ზღვარს, რომ ის შეფასებული იქნას შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს ც------ ა------ზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ექიმმა და დამრიგებელმა არაერთგზის დაადასტურეს ის გარემოება, რომ ც------ ა------ს სიწითლე ჰქონდა კისერზე, იყო განერვიულებული და ტიროდა. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მასწავლებლის ქმედება შეფასდეს მისი მხრიდან უხეშ გადაცდომად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა ადექვატურია ჩადენილი დარღვევისა.

 

სსიპ ქ. თბილისის #3- საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთი ზომა არის სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა, რის საწინააღმდეგოც ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----- ჭ---–-----ის სასარჩელო მოთხოვნა სამსხურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები;

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი ;

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას.

 

სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზედამხედველობა ბავშვზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიც ამ მიმართულებით არის ორიენტირებული და მასწავლებელს აკისრებს მისი ეთიკის კოდექსის პირნათლად შესრულებას. შესაბამისად, ამა თუ იმ სკოლის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაცდომა, საკმაოდ მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული. ამაზე მეტყველებს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები, კერძოდ კი, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს პირდაპირ გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა.

 

სასამართლო, აქვე მოიხსენიებს ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3. მუხლს, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს; კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თავლსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1. მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას. ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ დარღვევის ხასიათი ნამდვილად იყო ,,უხეში“, ვინაიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ბავშვის ემოციური აღელვება. ფიზიკური შეხების კვალი ც------ ა------ზე დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ის ფაქტი, რომ ცემას არ ჰქონია ადგილი, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა სასამართლო სხდომაზე და იქამდე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სასამართლოს არ მიაჩნია ადეკვატურ შედავებად, რამდენადაც, ცემაზე არც ყოფილა მოკვლევა დაწყებული სკოლაში. ის, რომ ცემას არ ჰქონია ადგილი, არ ნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, თუნდაც ერთი შეხებისთვის, მასწავლებელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამდენად, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს მასწავლებელ ნ----- ჭ---–-----ესთან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ნ----- ჭ---–-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების, ისევე როგორც სამეურვეო საბჭოს ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.

ამდენად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ----- ჭ---–-----ის სარჩელი სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის და სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართ, ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის დირექტორის 14.03.2018 წლის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის, სსიპ ქ. თბილისის №3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 23.04.2018 წლის სხდომის ოქმი №3--ის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური