1. მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს ამ წესის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადგენს შესაბამის დასკვნას.

2. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

3. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებისათვის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის  გაგზავნილ წერილში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ან/და კანონდარღვევის ფაქტების ჩამდენი მოსამსახურის სახელი, გვარი;

ბ) თანამდებობა;

გ) სამხედრო ან სპეციალური წოდება;

დ) დისციპლინური გადაცდომის არსი;

ე) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს;

ვ) ინფორმაცია წახალისების და მოქმედი დისციპლინური სახდელის შესახებ.

5. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს.

6. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.

7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებული უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ.

8. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

9. პირს, რომელსაც უფლება აქვს, მოსამსახურეს დააკისროს დისციპლინური სახდელი, შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას დროებით ჩამოაშოროს სამსახურს. სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

10. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

11. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და შესაბამისი ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი