1. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას საზოგადოების წინაშე აღებული აქვს საჯარო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები.

2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის, სხვა პირების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.

3. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება.

4. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმანაციის გარეშე.

5. მოსამსახურემ არ უნდა ჩაიდინოს ან/და დაუშვას ისეთი ქმედება, როგორიცაა წამება, ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.

6. მოსამსახურეები ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში უნდა იცავდნენ კოლეგიალობის პრინციპს და უზიარებდნენ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას.

7. მოსამსახურის ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რომ მათი მოსამსახურეები სწორად ასრულებდნენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს. მათ უნდა გამოავლინონ და აღკვეთონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

8. გამჭვირვალობა სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.

9. მოსამსახურე ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი. წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, თავაზიანი და დამაჯერებელი ფორმით.

10. საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკური ნორმების უმკაცრესი დაცვით.

11. მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ:

ა) მის მიერ ეთიკური ნორმების განუხრელი დაცვა მთელი პენიტენციური სამსახურის ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვაა საზოგადოების თვალში;

ბ) მის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და მოქალაქეებში არყევს საკუთარი სახელმწიფოსადმი ნდობა