ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ აღნიშნულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავების დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების (მოსაჭრელი ხეების) უბნებად დაყოფა, ერთეულად მონიშვნაა და უწყისის წარმოება.
3. გადაბელვა - სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ან ხელოვნურად გაშენებული ნარგავები, ან უკვე არსებული ნარგავების ამოღება და ახლით შეცვლა.
5. დაინტერესებული პირი – ამ წესის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული სპეციალური ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება - ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხე – ზეზეურად გამხმარი ხე, რომელმაც დაკარგა სასიცოცხლო ფუნქცია.
8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ან მწვანე ნარგავების ნაწილი.
9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა
(შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, საშეშედ გამოუსადეგარი ტოტები.
16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
19. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად
დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად
ფორმირებული ვარჯით.
24. სიხშირის ჯგუფი - მწვანე ნარგავები იყოფა მეჩხერი (0,1 -0,2), დაბალი (0,3 – 0,4), საშუალო (0,5 -0,6) და
მაღალი (0,7 და მეტი)
25. ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები ხარისხით განსხვავებული ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;
26. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.